ნანახია: 1258
საქართველოს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დანიშნა
წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ვაკანსია შეივსო. საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინება და მის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დანიშნა. მანამდე ორი დღით ადრე პარლამენტმა ქადაგიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა, ორგანოში, სადაც ხდება ბანკის პრეზიდენტის შერჩევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ბოლო დრომდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დავით ამაღლობელი ასრულებდა, რადგან ეს ადგილი 2007 წლის სექტემბრიდან ვაკანტური იყო, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ, თანამდებობა პოლიტიკური გარემოებების გამო დატოვა. 29 წლის გიორგი ქადაგიძე 2008 აპრილიდან საქართველოს საფინანსო-ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი იყო. 2007 წლის ნოემბერში კი, როცა ის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ეროვნულმა ბანკმა გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის, კუთვნილი "სტანდარტ ბანკის" დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
კრიზისმა ბევრი შეაწუხა
მიმდინარე კვირასვე ქვეყნის ყველაზე სადაო აქტივის - ტელეკომპანია "იმედის" ბედი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა. ჰოლდინგ "იმედიაში" შემავალი ტელეკომპანია "იმედის", რადიო "იმედისა" და "ტექნომედიას" 90% მფლობელი არაბული საინვესტიციო ჯგუფი "რაკიინ ჯორჯია" გახდა. ფირმის 10% კი ჯოზეფ ქეიმ საკუთრებაში დაიტოვა. ამ გარიგების ფინანსური მხარე ამ დრომდე უცნობია. სამივე კომპანიის გაყიდვის შესახებ განცხადება ჯოზეფ ქეიმ არაბ პარტნიორებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ამ ნაბიჯის მთავარ მიზეზად ფინანსური კრიზისით გამოწვეული ბიზნესპრობლემები დაასახელა. პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ახალი მფლობელი აპირებს, არის მართვის ჰოლდინგური სტილის რეალურად დამკვიდრება, რომელიც მოიცავს ტელერადიოკომპანიებს და ასევე "ტექნომედიას", რომელიც ტელერადიოკომპანიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს. ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, რომელიც ქეის ხელისუფლების მხარდაჭერით "იმედის" მიტაცებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ განაგრძობს ბრძოლას ტელეკომპანიისა და მთაწმინდის პარკის დასაბრუნებლად, რომელიც ასევე "რაკიინ ჯორჯიას" იჯარით გადაეცა. რაც შეეხება კომპანია "რაკიინს", ის არა მხოლოდ მთაწმინდის, არამედ იმედის მფლობელიცაა. "ის ვერასდროს იქნება კეთილსინდისიერი მყიდველი, რადგან მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ როგორ მოხდა "იმედისა" და მთაწმინდის პარკის ოჯახისთვის ჩამორთმევა, რაზეც საერთაშორისო სასამართლოებში დავა მიმდინარეობს," -აცხადებს პატარკაციშვილის ოჯახი. საინვესტიციო ფონდმა გასულ წელს ასევე შეიძინა ფოთის პორტი და ამჟამად იქ თავისუფალ სავაჭრო ზონასაც ავითარებს. "რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგის" შვილობილმა კომპანიამ "სახალხო ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტიც იყიდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ კომპანიის უკან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ახლობლები დგანან და "რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგის" რეალური შვილობილი ეს კომპანია არ არის, თუმცა ეს ბრალდება თავად "ჰოლდინგმა" უარყო. ამჟამად კი, ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, მერაბიშვილი არაბული კომპანია "რაკიინ ჯორჯიას" თანაპარტნიორები არიან. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის იმდენად აღარ ენდობიან, რომ "იმედი" დაუტოვონ და "რაკიინ ჯორჯიისა" და ხელისუფლების კავშირის სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. თავის დროზე ფოთის პორტი საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ "რაკიინ ჯორჯიას" მიჰყიდა. ეს კომპანია ქვეყანაში იარაღის იმპორტის საქმეშიც მონაწილეობდა, რისთვისაც მთავრობამ ორი მილიარდი დოლარი გამოყო. თუმცა აგვისტოს მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ეს იარაღი გაქრა, ახლა მას ტელეკომპანია "იმედიც" დაემატა, რათა ის უფრო კარგად გაკონტროლდეს. "დაზუსტებით ვიცი, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი კომპანიის თანაპარტნიორები არიან," - განაცხადა ნოღაიდელმა. ამასთან ყოფილი პრემიერის განმარტებით, მის პოლიტიკურ მოძრაობას "რაკიინ ჯორჯიასთან" პრეტენზია არ აქვს და სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ მათ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების გაგრძელების საშუალება ექნება, თუმცა აქვს ორი მოთხოვნა: გამოაქვეყნონ თანაპარტნიორების სია და ყველა შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ყველა კონტრაქტი.
მინერალური წყლების ქართული ბიზნესი "ბორჯომის" დასაცავად ერთიანდება
მინერალური წყლების ქართული ბიზნესი კი "ბორჯომის" დასაცავად ერთიანდება. როგორც "ნაბეღლავის" ხელძღვანელობამ განაცხადა, თუ ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში "მინისა და მინერალური წყლების კომპანია" მიიღებს მონაწილეობას "ნაბეღლავი" ამას მხოლოდ მიესალმება. "ჩვენ გვინდა, რომ "ბორჯომი" განვითარდეს, ხოლო თუ უცხოური კომპანია გადაწყვეტს ლიცენზიის შეძენას, ჩვენ შევეცდებით "ბორჯომი" სხვას არ ჩავუგდოთ ხელში," - აცხადებენ "ნაბეღლავში". რაც შეეხება თავად "მინისა და მინერალური წყლების კომპანიას", აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მათ საბოლოო პოზიცია ამ დრომდე ჯერ არ ჩამოუყალიბებია. შეგახსენებთ, რომ კომპანიისთვის მიუღებელია აუქციონის პირობები და პრობლემის მოგვარებას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ორმხრივი მოლაპარაკებებით გეგმავს. ბორჯომის წყლით სარგებლობის 25 წლიან ლიცენზიას აუქციონზე 20 მარტს გაყიდიან და მისი საწყისი ფასი 8 მილიონი დოლარია. ბოლო ინფორმაციით, "ბორჯომის" შესყიდვით მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი, დავით იაკობაშვილი და მისი კვების მრეწველობის უმსხვილესი ჰოლდინგი "ვიმ ბილ დანია" დაინტერესებული.
ოქრო საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილზეა
ერთ დროს ქართული ექსპორტის ერთ-ერთი ლიდერი "ბორჯომი" დღეს მძიმე ვითარებაშია, თუმცა არც სხვა ლიდერ ექსპორტიორებს ულხინთ. 2009 წლის იანვრის შედეგად ქვეყნის საექსპორტო ნუსხაში ახალი ლიდერი გამოიკვეთა. დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს იკავებს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილზე 2009 წლის იანვარში ექსპორტის 12.2% მოვიდა და 7.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი, რომელიც გასულ წელს საექსპორტო ათეულში პირველ პოზიციას იკავებდა, მიმდინარე წლის იანვარში 6.7 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე გადავიდა. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქებია, რომლის ექსპორტიც 5.7 მილიონი დოლარით შემცირდა ად 5.5 მილიონი დოლარი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი კვლავაც ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადებია, რომლის წილიც იმპორტში 10%-ს აღწევს და 27 მილიონ დოლარზე მეტია. მეორე ადგილზე მყოფი ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 26.5 მილიონი დოლარია. გაზრდილია სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტი და 11 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.5 მილიონი დოლარით მეტია. მთლიანად საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარში 341 მილიონ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც ექსპორტი 62, იმპორტი კი 280 მილიონი დოლარი იყო. საერთო მონაცემით, წლევანდელ იანვარში შარშანდელთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა მთელი 30%-ით არის შემცირებული. პოზიციები დაკარგა როგორც ექსპორტმა, ასევე იმპორტმაც, რაც ქვეყანაში საქმიანი აქტივების შემცირების კიდევ ერთი უტყუარი დასტურია.
რევაზ საყევარიშვილი რადიო "თავისუფლება"
|