სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციის შემცირების მოლოდინის საფუძველზე დაწია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციის შემცირების მოლოდინის საფუძველზე შეამცირა.
ამის შესახებ განმარტებულია პრეს-რელიზში, რომელიც სებ-მა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა. კომიტეტმა 17 აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა და იგი 7,5%-ით განისაზღვრა.
პრეს-რელიზში განმარტებულია, რომ 2011 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა, წლიური ინფლაცია 8,5%-ია და ამ მაჩვენებელში კვლავ მაღალი 6,7%-ია სურსათის გაძვირების წვლილი. კლებას განაგრძობს საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები: ივლისში სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაცია 0,03%-ს გაუტოლდა. ასევე დაბალია და 1,2%-ს შეადგენს მომსახურების სექტორის ინფლაცია.
`ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მცირდება. არსებული პროგნოზები ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებაზე მიუთითებს. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიმდინარე წლის ბოლომდე ჩამოცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს და მომავალი წლის პირველ ნახევარშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი აგრძელებს წინა თვეში დაწყებულ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, რათა ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე შენარჩუნდეს,” - განმარტებულია პრეს-რელიზში.
რელიზში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა აშშ-ს ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები, გაურკვევლობაა ევროზონის ეკონომიკების ზრდებთან დაკავშირებით. ამერიკის და ევროზონის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შენელება, ერთი მხრივ, გამოიწვევს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების კლებას, მეორე მხრივ, შესაძლოა აისახოს საქართველოს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაზე. სებ-ში ამბობენ, რომ ეს ფაქტორები კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციის შემცირების რისკებს და ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში ბანკი დამატებით მოახდენს რეაგირებას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა 2011 წლის 14 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სებ-მა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეორედ შეამცირა.