
შემოსავლების სამსახური უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტს ნერგავს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგი შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა გოგიჩაძემ გამართა.
მისი განცხადებით, საგადასახადო ოფიცრის მთავარი მოვალეობა გადასახადების გადამხდელების დახმარება და მათთვის კონსულტაციის გაწევა იქნება. საგადასახადო ოფიცრები უბნების მიხედვით იქნებიან განაწილებულები.
ისინი ყოველდღიურად ფეხით ან საჯარო ტრანსპორტით შემოივლიან უბანს, შეხვდებიან გადამხდელებს და საჭირო დახმარებას გაუწევენ. კონსულტირების პარალელურად, უბნის საგადასახადო ოფიცრები მეწარმეებს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმებსაც გააცნობენ.
როგორც გოგიჩაძემ განმარტა, უბნის ოფიცერი უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი. გადამხდელებს ადგილზევე შეეძლებათ რამდენიმე მომსახურების მიღება, რაც აქამდე მხოლოდ სერვისცენტრებში იყო შესაძლებელი.
ამასთან, ოფიცრის ფუნქციაში არ შედის მოქალაქეთა დაჯარიმება.
საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი პირველად თბილისში ამოქმედდება, შემდეგ კი ყველა დიდ ქალაქში დაინერგება. საწყის ეტაპზე პროგრამაში 80 ადამიანია ჩართული.