
ივლისის დასაწყისიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. "პირWელი" ამ ცვლილებებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომრის მოადგილეს ერეკლე ღვინიანიძეს ესაუბრა.
- ბატონო ერეკლე, როგორც ცნობილია, 1 ივლისიდან შეფასების სამსახური ახალი სერვისის სახით ჩამოყალიბდა. თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად განგვიმარტოთ ამ ცვლილების არსი? - საუბარია შეფასების სამსახურის ახალ სერვისზე, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო მომხმარებელს დამატებით სთავაზობს. კერძოდ, ეს არის დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. ამიერიდან სამსახური შეფასების კუთხით ნებისმიერი მოქალაქის სურვილს დააკმაყოფილებს, მათ შორის მოქალაქისთვის საინტერესო ამა თუ იმ ქონებას შეაფასებს, მიუხედავად იმისა, აღსრულებაშია ამ ფიზიკური პირის საქმე, თუ არა.
- მოქალაქის დაინტერესება რაშია, ანუ რატომ უნდა მოგანიჭოთ მან უპირატესობა თქვენ და არა თუნდაც რომელიმე კერძო აუდიტს? - ხშირად აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვხვდება საქმეთა კატეგორია, როდესაც მოქალაქემ საქმის წარმოების დაწყებამდე ამა თუ იმ ქონების შეფასების კუთხით დასკვნა უნდა წარმოადგინოს. ასე ხდება, მაგალითად, გამოსახლების დროს. მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა იქიდან საფასური აითვალოს. ამ პროცედურების განხორციელებას დრო სჭირდება, ხოლო ამ დროის შესამცირებლად მას საშუალება ეძლევა, ჩვენი მომსახურეობით ისარგებლოს, რომელიც "ერთი ფანჯრის" პრინციპზეა დამყარებული. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს და სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა პროცედურების გასავლელად სიარული აღარ მოუწევს.
- მომსახურება ფასიანია? - მომსახურება ფასიანია, ტარიფი კი იუსტიციის მინისტრის ბრძანებითაა დადაგენილი.
- კერძოდ როგორაა განსაზღვრული მომსახურების ფასი? - საუბარია ფიქსირებულ თანხებზე, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგინდა და ეს ფასები, ბუნებრივია, არ იცვლება.
- 1 ივლისიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ძალაში, რომელიც ე.წ. ნულოვან აუქციონს ეხება. თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ აღნიშნული ცვლილებების არსი... - აქამდე საქართველოს კანონი 2 აუქციონს ცნობდა - განმეორებით იძულებით აუქციონებს. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი ქონების საბაზრო ფასის ნახევარს შეადგენდა. თუ პირველ აუქციონზე რეალიზება არ მოხდებოდა, შემდგომ აუქციონზე საწყისი ფასი საბაზროს 25% ხდებოდა და თუ ამ ქონების რეალიზაცია არც მეორე აუქციონზე მოხდებოდა, შემდგომ კრედიტორს შეეძლო, ეს ქონება ე.წ. ნატურით წაეღო. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე კი ნატურით გადაცემა ფაქტობრივად აღარ იარსებებს, ჩატარდება მე-3 აუქციონი და ეს ამ შემთხვევაში მოვალისთვის ბევრად ხელსაყრელია.…მაგალითად, თუ ბინა 100 000 დოლარი ღირდა, შესაბამისად, პირველ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 50 000 დოლარი იყო და მისი რელიზაცია ვერ მოხდა, ის მეორე აუქციონზე 25 000 დოლარად გადიოდა, ხოლო მისი მეორედ არრეალიზების შემთხვევაში ქონებას კრედიტორი ნატურით წაიღებდა. ახლა მოვალეს შესაძლებლობა ეძლევა, ქონება თუნდაც 15 000 დოლარად გაიყიდოს და თუ ვალი, დავუშვათ 5000 დოლარია, 10 000 დარჩეს. ანუ, რა ფასშიც არ უნდა გაიყიდოს ქონება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მოვალეს თანხის რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს.
- გარდა ამისა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ქონების რეალიზაციისთვის საჯარო რეესტრის ამონაწერის არსებობა აუცილებელი არ არის... - აღსრულების პროცესში საქართველოს კანონი განსაზღვრავდა, თუ რომელ კონკრეტულ ქონებაზე უნდა დაწყებულიყო რელიზაციის პროცესი, თუ მოვალე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა მესაკუთრე-მოვალე ქონებას ფლობდა, ქონება პრივატიზებული იყო, მაგრამ მას საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონდა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების რეალიზაციაში ხელი ეშლებოდა. 1 ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე კი შესაძლებელია, ტექბიუროს არქივში რეგისტრირებული ქონების რელიზაცია განხორციელდეს.
დასკვნის სახით შემიძლია, გითხრათ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა და იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედის, ის მოქალაქეებზეა ორიენტირებული და საკანონმდებლო ცვლილებებს პერმანენტულად ახორციელებს, რათა სისტემა ბევრად უფრო მოქნილი და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული გახადოს.
"პირWელი"