
საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს.
შესაბამისი სანქცია სპეციალურმა სასამართლომ გასცა, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეებს სწავლობს.
სასამართლოს ეჭვი აქვს, რომ 2007 წელს, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრად მუშაობისას, ლაგარდი ბიზნესმენ ბერნარ ტაპისა და ბანკ Credit Lyonnais–ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესში ერეოდა.
ტაპი ბანკს მისი კუთვნილი კომპანიის Adidas–ის გაყიდვის გამო ედავებოდა. 1992 წელს მან სწორედ ბანკს დაავალა გარიგების წარმოება, რომლის დასრულების შემდეგ Credit Lyonnais–ი მოტყუებაში დაადანაშაულა.
პროცესი გაჭიანურდა და 2007 წელს კრისტინ ლაგადრმა მხარეებს მომრიგებელ სასამართლოსთვის მიმართვა ურჩია, რომელმაც განაჩენი ტაპის სასარგებლოდ გამოიტანა და სახელმწიფოს ბიზნესმენისთვის 285 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
ფრანგული პროკურატურის აზრით, ფინანსთა მაშინდელმა მინისტრმა აშკარად გადააჭარბა საკუთარ ვალდებულებებს, როდესაც სასამართლო განხილვებში ჩაერია.
შეგახსენებთ: კრისტინ ლაგარდმა სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტი მიმდინარე წლის ივლისში, მას შემდეგ დაიკავა, რაც სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დომინიკ სტროს კანმა ეს პოსტი დატოვა.
Agence France-Presse–ის ინფორმაცია