რატომ გაძვირდა შაქარი და რატომ არ იაფდება პურირამდენიმეთვიანი სტაბილურობის ფონზე, საქართველოში შაქრის ფასი გაიზარდა. ბრაზილიიდან შემოტანილი შაქრის ფასმა 40 თეთრით მოიმატა და 1,70-1,75 ლარის ნაცვლად, 2,10-2,15 ლარი ღირს. გასულ თვეში საკონდიტრო 50 კგ-იან ერთ ტომარა შაქარს 88 ლარად იძენდა, ამჟამად, საწარმოს ტომარაში 104–105 ლარის გადახდა უწევს. უცხოეთიდან შემოტანილ შაქართან ერთად გაძვირდა საქართველოში კომპანია ,,აგარას~ მიერ წარმოებული შაქარიც. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული შაქრის ფასმა 1,65 ლარიდან 2,05 ლარამდე მოიმატა. კომპანია ,,აგარას~ შაქრის რეალიზატორი კომპანიები შაქრის ფასის მატებას ბაზარზე არსებულ შაქრის დეფიციტს უკავშირებენ. შაქრის ფასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი - `არ ვიცით~ შემოიფარგლება, ის არ ფლობს ინფორმაციას არც შაქრის გაძვირების მიზეზებზე და არც ქვეყანაში შაქრის მარაგის ოდენობაზე.
საკონდიტრო საწარმო Gეორგიან Bაკერს-ის დირექტორის მიხეილ ფარულავას თქმით, პროდუქციის გაძვირების მიზეზებს შაქრის იმპორტიორი კომპანიები არ ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ სექტემბრისთვის შაქრის ფასი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა ადგილობრივი დისტრიბუტორები არც თუ საიმედო პროგნოზს აკეთებენ, მათი ვარაუდით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი ახლო მომავალში 150 ლარამდე აიწევს.
ექსპერტების აზრით, მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ცვალებადობა საქართველოზეც აისახება, თუმცა მთავარი მიზეზი არის ის, რომ შაქრის ბიზნესი საქართველოში მონოპოლიზებულია, შაქარი ქვეყანაში მხოლოდ ორ კომპანიას შემოაქვს, რაც მათ საშუალებას აძლევს პროდუქტზე ფასი ხელოვნურად გაზარდონ.
რთული მდგომარეობაა პურის ფასზეც. ბოლო სამი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი თანდათან შემცირდა, რაც განპირობებულია კარგი მოსავლის მოლოდინითა და რუსეთის მხრიდან ემბარგოს გაუქმებით. ხორბლის ფასი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა. შესაბამისად, უკრაინიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ხორბალი საქართველოში უფრო იაფად შემოდის. ფქვილის ფასმაც 20%-ით დაიკლო. რამდენიმე თვის წინ, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარს უახლოვდებოდა, დღეს კი მისი ღირებულება უკვე 41-42 ლარია. საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში პურის ფასის შემცირება მოსალოდნელი არ არის. მეხორბლეთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ტომარა ფქვილის ფასის ვარდნა 42 ლარამდე არ არის საკმარისი პურის გასაიაფებლად, რადგან ამას ემატება თავად ფქვილის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები და სხვადასხვა ხარჯი, რომელიც მწარმოებლებისთვის გაიზარდა.
ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, ხორბლის მაღალი ფასის მიზეზად იმპორტიორები ასახელებენ იმას, რომ ადრე შემოტანილი ხორბლის პარტია ძვირადაა შეძენილი და, შესაბამისად, ამიტომ არ ხდება პურზე ფასის კლება. თუმცა, თუ კონკურენცია იქნება ქართულ ბაზარზე, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ შემოდგომაზე ფასი დაიკლებს.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის პაატა კოღუაშვილის აზრით: `იაფი პროდუქტის ეპოქა დასრულდა. ბოლო ათწლეულთა ტენდენცია იყო მსოფლიოში საკვების ფასის შემცირება. ხორბლის ფასი მხოლოდ გაზაფხულიდან დღემდე გაორმაგდა (400 დოლარი გახდა). სახელდება ამ მოვლენის ორი ძირითადი მიზეზი. ერთია ცვლილება მოხმარებაში: რიგმა ქვეყნებმა თავისი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის წყალობით მეტის მოხმარება დაიწყეს, ვიდრე ადრე იხმარდნენ. მაგრამ ეს მიზეზი არც ერთადერთია, არც წამყვანი. ასე რომ იყოს, მაშინ საკვების ფასების ზრდა მხოლოდ თანდათანობითი იქნებოდა და არა უეცარი, როგორც ახლა რეალურად ხდება. წამყვანი მიზეზია საკვების გამოყენება ენერგეტიკული მიზნით, რასაც, თავის მხრივ, მუდმივმოქმედი ფაქტორი აქვს _ კაცობრიობის სტაბილური ენერგეტიკული გასაჭირი. ამერიკელები მზარდი ტემპით ხმარობენ უკვე ყველაზე იაფ მარცვლეულს _ სიმინდს _ საწვავის (ეთანოლის) დასამზადებლად, რომელიც შიდაწვის ძრავებში ბენზინს ცვლის. იგივე ხდება ლერწმის შაქრის მიმართ ბრაზილიაში, რამაც განაპირობა კიდეც დეფიციტი და ფასების ზრდა შაქარზე~.
ნათია ფიცხელაური