ნანახია: 329
საქართველოს ეკონომიკის 2011 წლის მთავარი გამოწვევა - ინფლაცია დაძლეულია!(?) წლის განმავლობაში იგი 8%-მდე, ხოლო შემდეგი წლის დასაწყისისთვის შესაძლოა მიზნობრივ დონესაც კი ჩამოცდეს, რომელიც 2011-2013 წლებში 6%-თაა განსაზღვრული, - ასეთი შინაარსის განცხადებებს ჩვენი ქვეყნის მთავრობა და ეროვნული ბანკი ავრცელებენ. შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (`საქსტატი~) მონაცემებით ინფლაცია ივნისის თვეში, გასულ თვესთან შედარებით, 4%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. ეროვნული ბანკის პოზიციით, ივნისის თვეში გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მატების მიუხედავად, ინფლაციის შემცირება მოსალოდნელი იყო, რაშიც დიდი წვლილი ხილსა (28,6%) და ბოსტნეულზე (26,2%) ფასების შემცირებას მიუძღვის. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის დინამიკა ინფლაციის მოსალოდნელზე უფრო სწრაფად შემცირებაზე მიუთითებს, რაც მათ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაწევის პროგნოზირების საშუალებას აძლევთ. ამასთან, ინფლაციის შემცირებით დაიმედებულმა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,75%-მდე შეამცირა. სებ-ის გათვლებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყება, ინფლაციის მაჩვენებელის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საზოგადოება ეროვნული ბანკის ოპტიმიზმს გადაჭარბებულად აფასებს და არც თუ უსამართლოდ. მაშინ როდესაც ქვეყანაში ყოველთვიურად ფასებს `ცეცხლი ეკიდება~, ინფლაციის მკვეთრად შემცირებასა და პროგნოზირებაზე საუბარი ნაადრევი უნდა იყოს. თუმცა რაღა ნაადრევი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თუ ხორცის ფასი თითქმის გაორმაგდა, `საქსტატი~ ამის საპასუხოდ გვეუბნება - `ბოსტნეული ხომ გაიაფდაო~?! ბენზინი რომ გაძვირდა, `ბოსტნეული გაიაფდაო~! შაქარიც გაძვირდა, ისევ `ბოსტნეული ხომ გაიაფდაო~! სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება 60%-თაა, რომაა გაძვირებული, მაგრამ `ბოსტნეული ხომ გაიაფდაო~?! როგორც ჩანს, ინფლაციასთან მიმართებაში ხელისუფლებას სხვა ხედვა არ გააჩნია და წლის ბოლომდე ინფლაციის შემცირების საფუძველს, გარდა ბოსტნეულისა, ინფლაციის ზრდის ე.წ. გამომწვევი მიზეზების - ეგზოგენური ფაქტორების შერბილება აძლევს. შეგახსენებთ, სებ-ის პოზიციით, ინფლაციის ზრდის ტენდენცია ეგზოგენურ ფაქტორებს დაბრალდა. ძირითადად კი საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლისა და ნავთობის ფასების ზრდას, რამაც ქართულ ბაზარზეც იქონია გავლენა. სებ-ის პოზიციითვე, ამ შემთხვევაშიც ხორბალი თუ გადაგვარჩენს და ინფლაციის მაჩვენებელს მიზნობრივ დონეზე დაბლა დაგვაწევინებს. `ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობზე საერთაშორისო ფასი საგრძნობლად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ივნისის თვეში, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნა, სავარაუდოდ, დადებითად იმოქმედებს საქართველოში პურპროდუქტებზე ფასების შემცირებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელს განაპირობებდა, თანდათან მცირდება. შედეგად მესამე კვარტალში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომის ანგარიშში. ეკონომიკის ექსპერტები ინფლაციის ზრდაზე ეგზოგენური ფაქტორების გავლენას თავიდანვე გამორიცხავდნენ. დღესაც ინფლაციის შემცირებაში საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირების წვლილს სასაცილოდ მიიჩნევენ. ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე თვლის, რომ ეროვნულ ბანკს მხოლოდ საერთაშორისო ფასებზე დამოკიდებულების გარდა თუ სხვა პროგრამა არ გააჩნია, მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაცია 6%-მდე შემცირების ნაცვლად, 15%-მდე შეიძლება გაიზარდოს. `ეროვნული ბანკის ამგვარ პოზიციას `ნეტარ არიან მორწმუნენი~ შეიძლება ვუწოდოთ. ე.ი. სებ-ს გადაუდია ფეხი ფეხზე და ელოდება მსოფლიოში სასურსათო კრიზისი როდის დაიძლევა, ფასები დაბლა ჩამოვა და ეს ჩვენთანაც აისახება. ეს იმდენად მიამიტური განცხადებაა, რომ სასაცილოა, სხვა თუ არაფერი. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამაზე თუ არის დამოკიდებული და სხვა პროგრამა არ გააჩნია, მაშინ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოში ინფლაცია 6%-მდე კი არ შემცირდება, შესაძლოა 15%-მდე გაიზარდოს”, - განმარტავს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე. ექსპერტის თქმით, საქართველოში ყოველთვის სპეციფიურად ხდება, რომ სეზონურობიდან გამომდინარე ზაფხულში პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი ხილ-ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები მცირდება, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, სასურსათო კალათაში მათ რა მოცულობა უჭირავთ. მისივე თქმით, ფასების ცვლილება, თუ რის გამო ხდება ის, ცალკეა გასაანალიზებელი. `თორემ, დადგება შემოდგომა და როგორც კი ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტების მარაგს ამოვწურავთ, ფასები უფრო მკვეთრად გაიზრდება და მივიღებთ იგივე შედეგს, რაც გვქონდა გასული წლის ნოემბერ-მაისში. ანალოგიური სურათი გვექნება წელსაც, თუ ეროვნულმა ბანკმა დამატებითი ღონისძიებები არ გაატარა. ეკონომიკაში ისეთ რამ, რომ წლის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება მომხდარიყო, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. შემოდგომიდან ჩვენ ისევ იმპორტირებულ პროდუქტებზე და საზღვარგარეთ არსებულ ფასებზე ვიქნებით დამოკიდებულნი”, - საუბრობს კაპანაძე და იქვე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ფასი კი მცირდება, მაგრამ საქართველოში არ მცირდება, ანუ მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასები ჩვენს ბაზარზე ადეკვატურად არ რეაგირებს და ამ შემთხვევაში რისი იმედი უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს, გაუგებარია. საერთაშორისო ფასების ქართულ ბაზარზე გავლენას შემდეგნაირ ახსნას უძებნის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა კარგად იცის ხელისუფლების დამოკიდებულება, შეიძლება უკვე დაამთავრეს ფასების ზრდის კამპანია და ამიტომ ამბობენ, რომ პროდუქტზე ფასები შემცირდება. მისი თქმით, პასუხი იმაზე უნდა აგონ, რატომ იზრდებოდა აქამდე ფასები. `ეროვნულ ბანკს მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის უფლება არ აქვს, მას ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ მყარად თქვას და შეასრულოს კიდეც. საქართველოში მაღალი ინფლაცია, საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეული არ ყოფილა, ქვეყნის ხელისუფლის მიერ შიდა ბაზარზე ფულის კეთებასთან იყო დაკავშირებული. ინფლაციის საგარეო ფაქტორებზე დაბრალება ღია ტყუილია და როგორ დავადგინო, ქადაგიძე კიდევ რამეს იტყუება თუ სიმართლეს ლაპარაკობს? მას იმის შესაძლებლობაც ჰქონდა, ინფლაცია ამ დონემდე არ გაზრდილიყო, თუმცა რატომ არ იყენებდა აქამდე და რატომ გამოიყენებს ხვალ, ნამდვილად ვერ ვხვდები. ეს ამ ხელისუფლების ბოლო წლების ტრადიციაა. წლის პირველი ნახევარში ინფლაციასა და ლარის კურსს შესაბამისად არეგულირებენ, მეორე ნახევარში კი სხვანაირად”, - აღნიშნავს ნოდარ ჯავახიშვილი. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირება შესაძლებელია, თუმცა არა საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ცვლილებებზე დამოკიდებულებით. მათი თქმით, ინფლაციის შემცირება მთელ რიგ ფაქტორებთანაა დაკავშირებული და ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინსტრუმენტები გააჩნია. თუმცა ინფლაციის შემცირება მხოლოდ სებ-ზე როდია დამოკიდებული. `არის ისეთი პროცესები, რომელიც ეროვნულ ბანკს არ ემორჩილება. ამ შემთხვევაში, მთავარია მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივად შემუშავებული პოლიტიკა. მთავრობამ ინფლაციური ხარჯები უნდა შეამციროს, ქამრები მოიჭიროს და ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან ბრძოლის მეთოდები - ლარის კურსის დაწევა, კრედიტებზე კომერციული ბანკებისთვის რეზერვების გაზრდა და მთელი რიგი ფაქტორები გამოიყენოს. სებ-ი მიმოქცევიდან ფულს თუ ამოიღებს, ინფლაციას 4%-ზე დაბლაც კი დაწევს. მაგრამ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი შეხმატკბილებულად თუ ვერ იმუშავებს, შესაძლებელია ინფლაცია კიდეც გაიზარდოს”, - განმარტავს ვაჟა კაპანაძე. ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირების შესაძლებლობაზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილიც საუბრობს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ყველა ის ბერკეტი გააჩნია, რითაც ინფლაციის დაძლევს. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ `გარკვეულ პროდუქტებსა და მიკროავტობუსებით მგზავრობაზე გაძვირდა ფასი, მაგრამ ყოველ თვეში ხომ არ გაძვირდება? რომელ თვეშიც არ გაძვირდება, წინა თვესთან შედარებით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული. მაგრამ ეს სულაც არაა გაუმჯობესება, ეს იგივე დონეზე შენარჩუნებაა, თუმცა ამ ნაწილში ფასების ზრდა უკვე ნული იქნება, მაგრამ ფასები სხვა ნაწილშიც თუ შენარჩუნებულია, ამასთან, მიმოქცევაში ფულის რაოდენობასაც თუ შეამცირებენ, ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეიძლება გაუმჯობესდეს. თუმცა, ასეთი განცხადებების გაკეთება ძალიან სარისკოა, რადგან შესაძლოა მისი შესრულება ვერ შეძლო”, - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი. ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობაზე ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადურიც საუბრობს, - `მომავალი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 6%-იანი ინფლაცია. თუ 6%-იანი არა, 6%-თან მიახლოებული მაინც. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალი წელი წინასაარჩევნოა, შესაძლოა გარკვეული ინფლაციური ხარჯები მაინც იყოს გაწეული~. ასე რომ, ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეროვნულ ბანკს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტებზე ფასების შემცირების გარდა სხვა პროგრამა თუ არ გააჩნია და მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას არ აპირებს, მომავალი წლის დასაწყისისთვის შედეგი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე დღეს არის. მათი თქმით, სწორი ნაბიჯებითა და გათვლებით საქართველოში ინფლაციის შემცირება მიზნობრივ დონემდე შემდეგი წლის დასაწყისისთვის სავსებით რეალურია, ამისთვის კი, ექსპერტთა აზრით, სებ-ისა და მთავრობის უნისონში მოქმედებაა საჭირო. ეროვნულ ბანკთან ერთად ხელისუფლებასაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ინფლაციური პროცესების მართვასა და საზოგადოების სოციალური ფონის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
თეონა ჭიტაძე
|