[b]ახალი საგადასახადო კოდექსი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ახალ პირობებთან ადაპტირება ბიზნესს ძალიან უჭირსინტერვიუ ა/ო ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” აღმასრულებელ დირექტორთან მიხეილ ადეიშვილთან- როგორ აფასებთ ახალ საგადასახადო კოდექსს, რომელიც მიმდინარე წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში. თქვენი პოზიციით, მის წინამორბედებთან შედარებით, კოდექსის ეს ვარიანტი გაუმჯობესებულია თუ გაუარესებული?- ცალსახად არ შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე გაუარესდა ან გაუმჯობესდა. არის საკითხები, რომელიც ახალი საგადასახადო კოდექსით გაუმჯობესდა, მაგალითად არის მცდელობა იმისა, რომ გაუმარტივდეს გადასახადის გადამხდელებს თუნდაც გადასახადების გაანგარიშება. თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის ის, რასაც ველოდით, ანუ არ არის ძირფესვიან განახლებაზე და უკეთესობისკენ შეცვლაზე საუბარი. დადებით მომენტებიდან, რაც შეიძლება აღინიშნოს, ესაა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, რომელიც ნებაყოფლობითია თითოეული ბიზნესისთვის. მცირე ან მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღება, რომელიც ბევრი ბიზნესისთვის ხელსაყრელი იქნება, თუმცა, ზოგიერთი მათგანისთვის შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი. მაგალითად, თუ ის იმპორტიორია - მისი მოგების მარჟა დაბალია, შესაბამისად გადასახდელი მოგების გადასახადიც ნაკლები ექნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ის აირჩევდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს და მიღებული შემოსავლების 5%-ს გადაიხდიდა. აქედან გამომდინარე, თვითონ ბიზნესმენმა უნდა გადახედოს თავის საქმიანობას და ელემენტარული მათემატიკური გაანგარიშების საფუძველზე გააკეთოს არჩევანი, რომელი ვარიანტია მისთვის უფრო მისაღები და მომგებიანი.
ახალ საგადასახადო კოდექსში არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ეხება საგადასახადო ომბუდსმენს. ვფიქრობ, რომ ეს უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესს ეყოლება დამცველი, რომელიც არ იქნება წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს სფეროდან. აქამდე იყო ასეთი სიტუაცია - თუკი გადამხდელს ჰქონდა რაიმე პრეტენზია, დავის გადაჭრის ორი ხერხი არსებობდა. ერთი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სადაც რთულია გარედან მისულმა ადამიანმა გამოასწორო ხარვეზები იმავე სისტემის შიგნით და მეორე იყო სასამართლო, რაც ხანგრძლივ პროცესთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ომბუდსმენი თუკი გაამართლებს გადამხდელების ნდობას და იქნება მათი ინტერესების დამცველი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისასალმებელი იქნება.
- მას შემდეგ, რაც კოდექსი ამოქმედდა თითქმის ყოველ თვეში შედის ცვლილებები, რასაც მეწარმეების უკმაყოფილება მოჰყვება ხოლმე. თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია თუ არა კოდექსის სტაბილურობა ეკონომიკის განვითარებისთვის?- ამაზე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს საგადასახადო კოდექსისთვის დადებითი არ არის. როდესაც 2004 წლიდან ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა, სამი წლის თავზე ჩვენ დავითვალეთ და საგადასახადო კოდექსში ზუსტად 36 ცვლილება შესული იყო, რომელიც საერთო ჯამში, ალბათ, 10-ჯერ მეტი იქნებოდა თავად კოდექსზე, რადგან თითო პაკეტი ხშირად კოდექსის 1/3-ს შეეხებოდა. ყოველივე ეს დიდ გაუგებრობას იწვევს გადასახადის გადამხდელებს შორის. უფრო მეტიც არამარტო გადამხდელების, არამედ თვითონ სისტემის შიგნითაც. ამ ცვლილებებს, როგორც წესი, ამზადებს სპეციალური ჯგუფი, აქედან გამომდინარე ცვლილებები თავიდან არის აღსაქმელი, როგორც გადასახადის გადამხდლებისთვის, ასევე ამ სისტემის თანამშრომლებისთვისაც.
ამ ტიპის ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ვცხოვრობთ და ბევრ თანამედროვე საშუალებებზე მიგვიწვდება ხელი, ინტერნეტი და აშ. კანონის სწრაფი ცვლილება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. კანონი გამოსვლიდან რამოდენიმე დღეში უკვე ძალაში შედის. საკანონმდებლო მაცნეს ყოველჯერზე ვერ იყიდი ადამიანი და ვერ წაიკითხავ, მითუმეტეს, რომ კანონის წაკითხვა მარტივად არ ხდება, ის ჯერ უნდა წაიკითხო და შემდეგ აღიქვა, ამისთვის ორგანიზაციამ უნდა გამოყოს ერთი ადამიანი, რომელიც სისტემატიურად იყიდის ამ მაცნეს, თანაც საკანონმდებლო მაცნე ყოველდღიურად არ გამოდის, მის გამოცემას მასალების გარკვეული რაოდენობა სჭირდება. ამდენად კანონის სწრაფი ცვლილება ძალზედ პრობლემატურია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით წვრილი ორგანიზაციებისთვის.
- როგორ აფასებთ შემოსავლების სამსახურის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმად კომპანიების შემოწმების უფლება კერძო აუდიტორებსაც ექნებათ და მათ გადაწყვეტილებას ისეთივე ძალა ექნება, როგორც საგადასახადო ორგანოს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ აუდიტორების მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს და მათი მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ მსხვილ ბიზნესებს შეეძლებათ.- ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში. ბოლო დროს ჩამოყალიბდა ტენდეცია, რომ როცა რევიზია ეხებოდა ფინანსურ დოკუმენტებს, შემოწმება მიმდინარეობდა არა გადამხდელის ტერიტორიაზე, არამედ ხდებოდა საბუთების დალუქვა, ამოღება და წაღება სამინისრტოს შესაბამის დეპარტამენტში.Aამის შემდეგ ინსპექტორი წერდა ოქმს და მას უგზავნიდა გადამხდელს, ეს უკანასკნელი თუ არ ეთანხმებოდა დასკვნას კონკრეტულ საკითხებში, იგი პირდაპირ დავას იწყებდა. ამ დავების უმრავლესობა, გამოწვეული იყო განცალკევების შედეგად. მაგალითად, თუკი შემოწმება მოხდებოდა გადამხდელის ტერიტორიაზე, აუდიტორს შესაძლოა გადამხდელისაგან რაღაც განმარტება მიეღო კონკრეტულ ოპერაციაზე და შესაბამისად, ეს ქმედება არ ჩაეთვალა დარღვევად. მაგრამ, როცა საგადასახადოს თანამშრომელი საქმეს ცალი მხრიდან უყურებდა, ასეთი ორმხრივი ურთიერთობები არ ხდებოდა. ახალი ინიციატივის შემთხვევაში ხსენებული პრობლემა აღარ იქნება, შესაბამისად, გადამხდელს და აუდიტორის შეეძლებათ კონსტრუქციულად დაილაპარაკონ და თავისი არგუმენტები წარუდგინონ ერთმანეთს. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი - საგადასახადო რევიზორი ჩვენთან მაინც გათანაბრებულია გადამხდელებისთვის მაკონტროლებლად, რეალურად ეს ასეც არის, თუმცა, არსებობს ამასთან დაკავშირებული გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერი გადამხდელსა და აუდიტორს შორის. ამ შემთხვევაში, როცა საქმეში ჩართული იქნება კერძო აუდიტორი, ურთიერთობა იქნება უფრო პარტნიორული, იგი უფრო დადებით შედეგებს გამოიღებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძო აუდიტი არ გავალდებულებს თავისი რეკომენდაციების შესრულებას, ის გიწერს დასკვნას, რომელიც შეგიძლია გაითვალისწინო, შეგიძლია არა.
არის კიდევ ერთი დადებითი მომენტი ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით - მეწარმეს შეუძლია აუდიტორი დაიქირაოს სააბონენტოდ, ანუ კი არ აიყვანო სამსახურში და წლის ბოლოს პირობითად 20 000 ლარი გადაუხადო, არამედ მასთან შეთანხმდეს, მიაწოდოს დოკუმენტები, ის გააკეთებს მათ ფინანსურ ანალიზს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გადამხდელი გადაუგზავნის კერძო აუდიტორს დეკლარაციებს, ის შეამოწმებს მათ უტყუარობას და ამისათვის მიიღებს რაღაცა თანხას სააბონენტოდ. ამ შემთხვევაში გადამხდელი დაზღვეული იქნება გაუგებრობისგან. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აქ საუბარია კეთილსინდისიერ გადამხდელზე, რომელსაც სურს კანონიერად აწარმოოს თავისი ფინანსური დოკუმენტები, მაგრამ კანონის რაღაცა ხარვეზების, ან თუნდაც არასათანადო კვალიფიკაციის გამო, მისი გადახდები არაა კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა, დადებითად წაადგება, როგორც გადამხდელებს, ასევე კერძო აუდიტორებსაც. მათ მუშაობას უფრო მეტი აზრი ექნება და ასევე გამძაფრდება ამ სფეროში კონკურენცია.
- კიდევ ერთ ინიციატივას გვთავაზობს შემოსავლების სამსახური, რომლის თანახმადაც ნებისმიერ პირს შეეძლება გახდეს საგადასახადო აგენტი და მან იმუშაოს თვითდაფინანსებაზე, ანუ რამდენ ჯარიმასაც დაწერს, იქედან გარკვეულ პროცენტს მიიღებს ხელფასის სახით. როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?- როცა ზოგადად საგადასახადო კანონის დარღვევაზეა საუბარი, ხშირია შემთხვევები, როცა ეს ხდება შეგნებულად, თუმცა არის შემთხვევები, როცა მეწარმე ამას აკეთებს გაუცნობიერებლად. რაც შეეხება სალარო აპარატებთან დაკავშირებულ დარღვევას, როგორც წესი, ეს არის შეგნებული თავის არიდება გადასახადებზე. როცა ბიზნესში არის კონკურენცია, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ არსებობა მეწარმეებს. თუკი ჩვენ წარმოვიდგენთ ორ მაღაზიას, სადაც ერთი არაკეთილსინდისიერი მეწარმეა, ხოლო მეორე კეთილსინდისიერი, ანუ ის, პირობითად, ყოველთვის არტყამს ჩეკს, ასეთ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი, ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას პირველს, იგი ყოველთვის იქნება დაჩაგრულ მდგომარეობაში. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეწარმე სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო კუთხით იყოს თანაბარ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას უარყოფითად არ ვაფასებ. ეს კანონი თავისთავად გულისხმობს კონტროლის გამკაცრებას და თუკი კონტროლი გამკაცრდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც შეგნებულად არღვევენ კანონს, მე მივესალმები მას.
- ახალი ცვლილებებით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი იზრდება და მათ ყველა გადასახადი უუქმდებათ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია სათამაშო ბიზნესის მხოლოდ ერთი გადასახადით მოსაკრებლის დაბეგვრა?- სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით გადასახადების დათვლა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთი ინიციატივის საფუძველზე სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა დაიწყეს სათამაშო აპარატების რაოდენობის მიხედვით, რაც არასამართლიანი იყო. ასევე ჩაატარეს ქრონომეტრაჟი, რომელიც დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატს, ანუ იმ დროს, როცა სათამაშო აპარატებზე მოთხოვნა დიდი იყო. აქედან გამომდინარე, თუ მოხდება ისე, რომ მეწარმეებს ასეთი ტიპის გადასახადებს მოუხსნიან და მხოლოდ მოსაკრებელი იქნება, ეს გაამარტივებს მდგომარეობას. ასევე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გავიხსენებ ფაქტს, რომლის შესახებაც თბილისში ყველამ კარგად იცის, როცა ერთ მცირე კლუბში გათამაშდა ძალიან დიდი ჯეკპოტი და ამ კლუბს ელემენტარულად არ ჰქონდა საშუალება თანხა გადაეხადა. ამ შემთხვევაში თუკი მოსაკრებელი გაიზრდება, ბაზარზე უფრო მეტად მყარი ფინანსური მდგომარეობის ბიზნესი იარსებებს, რომელიც მზად იქნება ყველაფრისთვის. ამ ყველაფერთან ერთად გამარტივდება გადასახადების დათვლაც, რაც აქამდე დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
ესაუბრა ნათია ფიცხელაური