ნანახია: 413
ქართული ლარი, 1995 წლის 2 ოქტომბრიდან, გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება ლარია, ყველა დანარჩენი ვალუტის გამოყენება უკანონო ოპერაციას წარმოადგენს. კანონს ეწინააღმდეგება ასევე ის, რომ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ რომელ სფეროში იქნება ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. დღეს ბევრს საუბრობენ ვალუტების ურთიერთშენაცვლებაზე. სახელმწიფოს სავალუტო პოლიტიკის მოქნილობაზე, რაც ქვეყანაში დომინანტური ეროვნული ვალუტის პოლიტიკის არარსებობას გულისხმობს. უფრო მარტივად, ექსპერტთა დიდი ნაწილი და ასევე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ მოქალაქეს, ბიზნესმენს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, გადაწყვიტოს რომელ ვალუტაში (ლარში, დოლარში თუ ევროში) სურს დანაზოგის გაკეთება, ვაჭრობა თუ ანგარიშსწორება. ბევრი კი პირიქით, თვლის, რომ ვალუტა არის სახელმწიფოს ძირითადი სიმბოლო და ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკუთარი ვალუტა. თუმცა, თუ გადავხედავთ საქართველოს ორგანული კანონს `საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", 34-ე მუხლში წავიკითხავთ, რომ "ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა”. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში მრავალი წელია უკვე არსებობს, უცხოური ვალუტის გამოყენებისთვის ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. თუნდაც ის, რომ საქართველოში ბინების, მანქანების, მსხვილი კომპანიების მიერ პროდუქტის რეალიზება, სასტუმროებში ფასების განსაზღვრა უცხოური ვალუტით ხდება და ხდებოდა. რატომ გახდა ახლა კანონის გამკაცრება საჭირო? "საქართველოში საანგარიშგებო ვალუტა ისევ და ისევ დოლარია. მულტისავალუტო პოლიტიკა არის ერთგვარი გზამკლევი ინვესტორების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარებისკენ, ვინაიდან საკუთარ ვალუტაში ვაჭრობა და ვალუტის ცვალებადობის საშიშროების არსებობა წარმოადგენს ძალიან დიდ მოტივაციას ინვესტორებისა და ტურისტებისთვის", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი შოთა მურღულია. ჩვენი კანონმდებლობით ქვეყანაში სხვა ვალუტით ვაჭრობა ოფიციალურად აკრძალულია. არაოფიციალურად კი სავაჭრო ურთიერთობები სხვაგვარად რეგულირდება. საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტს დანაზოგი დოლარში აქვს. ამას გარდა, ყველა უძრავი თუ მოძრავი ქონების შეფასება და ანგარიშსწორება დოლარში ხდება. მთავრობაში არაოფიციალურად განიხილებოდა წინადადება, მოხდეს მრავალი ვალუტის გამოყენების უფლების დაშვება, სადაც ლარი ისეთივე აქტუალური იქნება, როგორც სხვა ვალუტა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხმარებიდან ლარი ამოვიღოთ. თუ ის საჭიროა და საზოგადოება ამ ფულს ენდობა, მაშინ ის ისევე იფუნქციონირებს, როგორც აქამდე. სხვა ვალუტებით ვაჭრობის უფლებით კი ჩვენ ბევრ ინვესტორს, ქვეყანაში მომუშავე ბიზნესმენებს და მოქალაქეებს საშუალებას მივცემთ განსაზღვრონ, რომელ ვალუტას ენდონ, რა ფულის ერთეული დააგროვონ ან დახარჯონ. ექსპერტთა აზრით, მულტისავალუტო პოლიტიკის შემოღებას აქვს ბევრი დადებითი მხარე, თუმცა თავს იჩენს უარყოფითი მხარეებიც. "არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ შემცირდება ეროვნული ვალუტის გამოყენება, რაც გამოიწვევს ლარის გაუფასურება. შესაბამისად, ქვეყანა ვეღარ აწარმოებს მონეტარულ პოლიტიკას და გახდება დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე. თუმცა, რაოდენ დიდ საშიშროებას წარმოადგენს აღნიშნული ფაქტები მაშინ, როდესაც დადებით მხარეებად გვესახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. თუ როგორ მოხდება ეს, ამას ნათლად დავინახავთ. საქართველოში უძრავ ქონებასა და 2000-სა და 3000-ს ზემოთ მნიშვნელოვანი გარიგებები ისედაც დოლარში ხორციელდება და მიუხედავად ამ ვალუტის შემოღება არ შემოღებისა, აღნიშნული გარიგებები მაინც მოხდება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე", - განმარტავს შოთა მურღულია. თუმცა, გამოიწვევს თუ არა საქონლის გაძვირებას სავალუტო ანექსიის საშიშროება, ამ კითხვაზე ექსპერტი აღნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის შემთხვევაში, მოხდება პროცენტული გადაანგარიშება, მაგრამ პირველადი მოხმარების საგნები გაიყიდება ისევ ლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ შიდაანგარიშსწორების ვალუტად ისევ ეროვნული ვალუტა დარჩება. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ თუ ანგარიშსწორება მოხდება ერთდროულად, როგორც ლარში, ისე ევროსა და დოლარში, ეს ბუღალტერიის წარმოებას და, ზოგადად, ადმინისტრირებას, რა თქმა უნდა, გაართულებს. თუმცა, ერთი რამ ნათლად ჩანს, აქ საუბარი არაა ეროვნული ვალუტის არარსებობაზე, პირიქით – კარგია, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს თავისი ვალუტა. უბრალოდ, ეროვნულ ვალუტასთან ერთად თავისუფლად უნდა მიმოიქცეოდეს სხვა ქვეყნის ვალუტებიც, რათა ქვეყანაში არსებული ინფლაციური შედეგები იქნეს აცილებული მარტივად და, რაც მთავარია, ლეგალურად.
ნატალია ვართანოვა
|