
6 მაისი აჭარის განთავისუფლების დღედაა გამოცხადებული. თუმცა, აჭარაში ”რევოლუციური” ორომტრიალი 6 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე არ დაწყებულა. ასლან აბაშიძის გაქცევას ნიადაგი მასობრივმა გამოსვლებმა ჯერ კიდევ 2003 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან შეუმზადა. სწორედ, 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმიდან ასლან აბაშიძე გააძევეს, მაგრამ აჭარაში მოსახლეობის განწყობა ახალი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მალე შეიცვალა. აშკარა იყო, რომ რეგიონში არც კორუფციას მოეღო ბოლო და არც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ყბადაღებულ კლანურ მმართველობას.
დღეს ეს მიმზიდველი საკურორტო ადგილი საქართველოს კაპიტალისტური მიღწევების ექსპოზიცია, მასობრივი ტურისტული შემოსევების ”მსხვერპლი” და რეკლამაა იმისა, თუ როგორი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთი, ჩრდილოეთით მდებარე სეპარატისტული რეგიონი, იმ შემთხვევაში, თუ სამი წლის წინ, რუსულ-ქართული ომის შემდეგ რუსეთი მის ანექსიას არ მოახდენდა.
ისევე, როგორც ნებისმიერი კარგი რეკლამა, ბათუმი სრულ და რეალურ სურათს მთლიანად არ წარმოაჩენს. სანაპიროსგან მოშორებით, სიღარიბისა და უმუშევრობის დამთრგუნველ სურათებს წააწყდებით. მაგრამ ცვლილებები აქ მართლაც მოხდა და არა მხოლოდ ბათუმის ქუჩებში წამოჭიმულ უცნაურ ქანდაკებებში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, რესტორნებსა და კაზინოებში, რომლებიც თურქი და აზერბაიჯანელი მოთამაშეებითაა სავსე. ცვლილება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იმართება აჭარა, მაშინ როდესაც აბაშიძეები ვარშალომიძეებმა ჩაანაცვლეს და მოსახლეობის ძალაუფლება კვლავ მცირე ჯგუფის ხელში აღმოჩნდა.
ლევან ვარშალომიძემ გულმოდგინედ განაგრძო ასლან აბაშიძის დაწყებული კურსი და აბაშიძეების შემცვლელად უცებ გამოაცხო ვარშალომიძეები. მთელს აჭარას დღეს სწორედ ვარშალომიძის ოჯახი აკონტროლებს. მამას – გურამ ვარშალომიძესა და ძმას – ირაკლი ვარშალომიძეს ახალგაზრდა მმართველმა ბიზნესის ზედამხედველობა ჩააბარა. ირაკლი ვარშალომიძე სატრანსპორტო და საზღვაო შემოსავლებს კურირებს. მის ხელშია წიაღისეულიც.
ვარშალომიძეს აჭარის ოთხი სამინისტრო სწორედ თავის ნათესავებით ჰყავს დაკომპლექტებული. მერია და საარჩევნო კომისიაც მისი ნათესავებისაა. ქალაქის მერიის სატენდერო კომისიას ლევან ვარშალომიძის ბიძაშვილი ჯემალ ვარშალომიძე ხელმძღვანელობს, ხოლო თუ როგორი შემოსავლიანი სამსახურია ეს, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ქალაქისთვის, ვფიქრობ, ზედმეტ ახსნას ნამდვილად აღარ საჭიროებს.
საგადასახადო სისტემასაც, ასევე, ლევან ვარშალომიძის უახლოესი ნათესავი ელდარ ვარშალომიძე აკონტროლებს. ვარშალომიძის დეიდაშვილი, კახა მიქელაძე კი უმაღლესი საბჭოს წევრია.
ენერგოკომპანია ანზორ ზოიძის ხელშია, რომელიც ისევ და ისევ ლევან ვარშალომიძის სანათესაო კლანის თვალსაჩინო წარმომადგენელია. აღარაფერს ვამბობთ გამგებლებზე, მხოლოდ ბადრი შავლაძის, ხელვაჩაურის გამგებელის მაგალითი რად ღირს, რაც მთავარია, ის ვარშალომიძის უახლოესი ნათესავია.
შპს `სანდასუფთავების” უფროსი თემურ კახიძე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, სხვადასხვა წლებში კი მერიაში განათლების სამსახურის, მთავრობის აპარატის, სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, აჭარის მმართველის დეიდაშვილია.
ვარშალომიძეებს ნათესავად ერგება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად მინისტრთა საბჭოს პროტოკოლის უფროსი მთავრობის აპარატში, თემურ დიასამიძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აიდა აბუსერიძე და ველოსპორტის აჭარის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მერაბ კარანაძე, ვარშალომიძეების ახლო ნათესავები არიან.
ლევან ვარშალომიძის კლასელები და ახლო მეგობრები არიან ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძე.
გურამ ვარშალომიძის დეიდაშვილია მალხაზ ნაკაშიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.
გარეგნულად ერთობ მშვიდი აჭარის მმართველი გავლენების სერიოზული შესაძლებლობებითაც გამოირჩევა, მიხეილ სააკაშვილთან სტუდენტობისდროინდელი მეგობრობის გარდა, ის ასევე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ახლო მეგობარია და ამით კიდევ უფრო იმყარებს სკამს.
ეს ლევან ვარშალომიძის აჭარული სანათესაო მმართველობის არასრული სიაა, რომელსაც გვერდს უმშვენებს დანარჩენი წვრილ-წვრილი ნათესავები და გაჯეჯილებული სამეგობრო.
მაშ ასე, ”აბაშიძე გაიქცა, აჭარა თავისუფალია”, - სწორედ ასე აუწყა 2004 წელს მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რევოლუციის შედეგი. მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასლან აბაშიძის მიერ აჭარაში მმართველობის გარკვეული ტრადიციის გამგრძელებელი `ვარდების რევოლუციით” მოსული ლევან ვარშალომიძე იქნებოდა. დღეს კი უკვე ყველამ კარგად იცის, ვარშალომიძის მამამ, ბიძებმა და ნათესავებმა როგორ გაყიდეს ყველაფერი – მიწა, ზღვა, პლაჟები. აჭარა გავათავისუფლეთო. მართალია. აჭარა აჭარლებისგან გაათავისუფლეს და პირდაპირ თურქებს გადააბარეს. რაც 300 წლის განმავლობაში თურქებმა შემოსევებით ვერ მოახერხეს, ახლა ვარშალომიძის ხელით აკეთებენ. ამას კი ხელს ისიც უწყობს, რომ აჭარაში ხელმძღვანელი თანამდებობების 80% ვარშალომიძის ნათესავებს უჭირავთ და საზღვაო კურორტებსაც ისინი აკონტროლებენ.
ნინო თამაზაშვილი