ნანახია: 232
IFC-მ ქართული ბანკების თანამშრომლებს ლიკვიდობის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, ტრენინგები ჩაუტარა ქართული ბანკების თანამშრომლებს რისკის მართვის სპეციფიკურ საკითხებში, რათა ხელი შეუწყოს საბანკო სისტემის მეტ სტაბილურობასა და ეფექტიანობას.
ტრენინგზე, რომელიც IFC-მ 14-15 ივლისს თბილისში ჩაატარა, მსოფლიოს საბანკო სექტორის მთავარი მიმართულებები განიხილეს. ტრენინგზე ყურადღება გაამახვილეს იმ საფინანსო ინსტრუმენტებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ლიკვიდობის რისკი, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის დაქვეითება ან ფულადი სახსრების მოულოდნელი გადინება. ტრენინგს წამყვანი ბანკების ოცზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
”ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეებს ნათლად წარმოიდგინონ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ლიკვიდობის რისკს საბანკო ბიზნესზე, მონაწილეებს გააცნეს ის სტანდარტები, რომლებიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთ ბანკებში მომავალში ასეთი რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების მიზნით”, - განაცხადა IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა.
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც მუშაობა 2009 წელს დაიწყო ავსტრიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით.
IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 39 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.
|