ნანახია: 830
როგორც ყოველთვის, ისე დღესაც, მსოფლიო ცდილობს უმკურნალოს შედეგებს და არა მიზეზებს, ამიტომაც, ალბათ, ნაკლები მსჯელობა იქნება კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე და უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა კრიზისის დაძლევის გზებს. როგორც ჩანს, მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და ყველა წარუმატებლობა ტექნიკური ხასიათის ჰგონია. ასეთი მიდგომა გამოწვევებზე რეაგირების პროცესია და არა პრევენციის, ამიტომ მდგრადი, ანუ უკრიზისო განვითარების შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს. თუმცა უკვე ისმის საუბარი ფუნდამენტალურ ღირებულებებზე, რომლის საფუძველზეც უნდა ფუნქციონირებდეს ბიზნესი, ხოლო მისი დამოკიდებულება საზოგადოებასთან სოციალური პასუხისმგებლობის ღრმად გააზრებულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. თანამედროვე მსოფლიო კრიზისი ნდობის კრიზისია და საფუძვლები უფრო მორალური ღირებულებების აშკარა რღვევის პროცესით არის გამოწვეული, ვიდრე მთავრობების ან ფინანსური ინსტიტუტების არაპროფესიონალიზმით და არაკომპეტენტურობით, ანდა სულაც საბაზრო სისტემის არაქმედუნარიანობით.
ეთიკური ყოველთვის გამარჯვებულია
თანამედროვე ბიზნესში დიდ როლს თამაშობს კომპანიების და მისი ხელმძღვანელობის რეპუტაცია. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორებმა ჯონ კოტერმა (John Kotter) და ჯეიმს ჰეკეტმა (James Heskett) თავის წიგნში "კორპორაციული კულტურა და მარგი ქმედების კოეფიციენტი" (Corporate Culture and Performance) – გაანალიზეს ეთიკური ბიზნესის წარმოების განსხვავებული ტრადიციების მქონე კომპანიების შედეგები. ანალიზმა აჩვენა, რომ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში მაღალი "მორალური კრედოს" მატარებელმა ფირმებმა საკუთარი შემოსავლები გაზარდეს 682%-ით, ხოლო "ჩვეულებრივმა" ფირმებმა – 166%-ით. "მაღალმორალურმა" ფირმებმა თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდეს 282%-ით, ხოლო ნაკლებეთიკურმა კომპანიებმა – 36%-ით. ბირჟებზე მღალეთიკური კომპანიების აქციების ღირებულება 901%-ით გაიზარდა, (შესაბამისად 74%) ხოლო მათი წმინდა მოგება გაიზარდა 756%-ით (1%) ამგვარად ავტორებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მაღალეთიკური და რესპექტაბელურია კომპანია, მით უფრო მაღალ შედეგებს აღწევს. საკონსულტაციო ფირმა "ბუზ ალენ ჰამილტონი"-ს (Bოოზ Aლლენ Hამილტონ) 2003 წლის მონაცემებით, აშშ-ს ყველაზე დიდი კორპორაციების ტოპ-მენეჯერების ცვლილებები იძულებით ხასიათს ატარებდა. ანუ, მათი თანამდებობებიდან გადადგომა 39%-ის შემთხვევაში ინიცირებული იყო აქციონერების და დირექტორთა საბჭოს მიერ. 2002 წელს ეს მონაცემი 25%-ს შეადგენდა. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მენეჯერთა ათობით სკანდალურმა გადადგომებმა შესძრა ამერიკული საზოგადოება და დიდი ეჭვი გააჩინა მათი პროფესიული და ეთიკური კონდიციების შესახებ. მენეჯერთა სკანდალური საქმიანობის გამოძიების ინიციატორი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა შესაბამისი სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოები. გამოძიების ინიციატორად გვევლინებიან კომპანიების დაზარალებული აქციონერები. ამგვარად, ბიზნესდანაშაულის წინააღმდეგ იბრძვის არა სახელმწიფო, არამედ თავად ბიზნესი. მენეჯერთა გადადგომების მიზეზი არა მარტო მათი პროფესიული და ეთიკური შეცდომები იყო, არამედ ასევე კომპანიების შერყეული იმიჯის აღდგენის და აქციონერების ნდობის აღდგენა და შენარჩუნება. ტოპ-მენეჯერებს სიხარბე სძლევდათ და გაყალბებული ფინანსური ანგარიშებით, გადასახადებისაგან თავის არიდების და პირადი სარგებლის ძიებით დაკავებულნი დიდ ზიანს აყენებდნენ აქციონერებს და კომპანიების იმიჯს. ასეთი თაღლითობა მხოლოდ 3-4 წელი გრძელდებოდა და რიგითი რევიზიის შედეგად მჟღავნდებოდა.
ოხ, ეს მენეჯერები
ხშირად დამნაშავეებად გადაიქცეოდნენ იმ ცნობილი კომპანიების ტოპ-მენეჯერები, რომლებიც წარსულში შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდნენ. მაგალითად, კომპანია თყცო-ს ხელმძღვანელი დანიელ კოზლოვსკი, რომელიც წარსულში არაერთხელ იქნა დასახელებული მსოფლიოს წამყვან მენეჯერად; ენერგეტიკული კომპანია Enron-ს ხელმძღვანელი კენ ლეი; ImClone Systems კომპანიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი სამუელ ვაკსალი. კომპანია Medtronic-ის ყოფილი ხელმძღვანელი და წიგნის – "ნამდვილი ლიდერობა" (Authentic Leadership) ავტორი უილიამ ჯორჯი აღნიშნავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები უნდა იცვლებოდნენ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. თუ ხელმძღვანელები უფრო სწრაფად, ვთქვათ, სამ წელიწადში ერთხელ იცვლებიან, მაშინ მათი ინტერესი მოკლევადიანია და არ ემსახურება კომპანიის სტრატეგიულ ინტერესებს და დაგეგმარებას. მენეჯერები მათთვის ასეთ არასტაბილურ გარემოში მუშაობისთვის კონტრაქტით ითხოვენ დამატებით კომპენსაციებს მათი თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში. მაგალითად, კომპანია Hewlett-Packard-ში ცუდი მუშაობისთვის განთავისუფლებულმა გენერალურმა დირექტორმა კარლ ფიორინმა კომპანიიდან წასვლის შემდგომ კომპენსაციის სახით 21,1 მლნ. აშშ. დოლარი მიიღო. 2003 წელს კომპანია Boeing-ის დირექტორთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა თავმჯდომარე ფილიპ კანდიტი, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსგან კონტრაქტის მოპოვებისას არაეთიკური ტაქტიკის გამოყენების გამო ბრალი დასდო. მან სამსახურში მიიღო აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი, რომელსაც შეეძლო ხელი შეეწყო პენტაგონიდან სასურველი კონტრაქტების მიღებაში. 2005 წელს თანამდებობიდან გადადგა ბანკი Riggs Bank-ის ხელმძღვანელი რობერტ ოლბრიტონი (ტრადიციულად ამ ბანკში საკუთარი ანგარიშები აქვთ ამერიკაში მოღვაწე საზღვარგარეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს). იგი მხილებული იქნა ჩილეს დიქტატორის ავგუსტო პინოჩეტის სასარგებლოდ "ფულის გაბანვაში". ბანკმა აღიარა, რომ არაეფექტურად აკონტროლებდა სხვადასხვა საეჭვო კლიენტების ფულად გადარიცხვებს და გარიგებებს. ამერიკის ხაზინაში ბანკს ჯარიმის სახით 41 მლნ. აშშ. დოლარის გადახდა მოუწია. 2005 წლს კომპანია Boeing ხელმძღვანელი ჰარი სტონსიფერი საკუთრ თანამშრომელთან სექსუალურ სკანდალში გახვეული გადადგა თანამდებობიდან. 2005 წელს თანამდებობიდან გადადგა ტელეკომპანია CBS-ის პროდუსერი და გადაცემა 60 Minute Wednesday-ის წამყვანი დენ რეზერი. რეზერი მრავალი პროფესიული ჯილდოს მფლობელი, აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მონაწილეობას ღებულობდა სატელევიზიო გადაცემაში, სადაც აშკარად გაყალბებული ფაქტების საფუძველზე მუსირებდა აზრი ჯორჯ ბუში უმცროსის არაღირსეულ სამხედრო წარსულის შესახებ. საკუთარი სახის და ავტორიტეტის შესანარჩუნებლად კომპანია CBS–მა კიდევ ოთხი სხვა თანამშრომელი გაანთავისუფლა თანამდებობიდან. 2003 წელს თანამდებობა დატოვა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (New York Stock Exchange (NYSE)) ხელმძღვანელმა რიჩარდ გრასსომ, იმის გამო რომ ბირჟასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისას უზომო სიხარბე გამოიჩინა და კოლოსალური ხელფასი და ბენეფიტები გამოითხოვა, რითაც NYSE-ის ფინანსური ელიტის და აქციონერების ნდობა დაკარგა.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
საზოგადოების კეთილგანწყობა კომპანიის მნიშვნელოვანი კაპიტალია. კომპანიამ რომ უზრუნველყოს ფასეულობა საკუთარი მომხმარებლისათვის, საკუთარ ხალხში ინვესტირება უნდა განახორციელოს, მათი კეთილდღეობის ამაღლებაში, ეკოლოგიურ გარემოში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხშირ შემთხვევაში, ეს ინვესტიციები უფრო სარგებლიანია, ვიდრე საბანკო ანგარიში, მანქანა-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები. კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობა მენეჯმენტის ახალი რევოლუციური მიღწევაა. მსგავსი რევოლუციები მენეჯერულ თეორიებში რადიკალურად ცვლის ბიზნესს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის მომხმარებელთა დამატებითი რაოდენობის შექმნაში. კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობა corporate social responsibility (CSR) განსაზღვრავს კომპანიის მიერ საკუთარი კაპიტალის შეფასებას, იდენტურობას და ბიზნესის კეთების გზას. 2007 წელს Business Week-მა აღმოაჩინა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანიების აქციების პრემია 5%-ით მეტია ვიდრე სხვა მათი უშუალო კონკურენტების. თანამედროვე პირობებში მსოფლიოს 1 000 წამყვანი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი განისაზღვრება ე.წ. "გლობალური ბიზნესის პასუხისმგებლობის ინდექსით" (Global Business Responsibility Index) კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობის გაგება გარდაქმნის სამეწარმეო კაპიტალის თეორიას, გადაწყვეტილებების მოღების ტექნოლოგიას, ბაზრის მიერ ღირებულების აღქმას, მომავალში სამეწარმეო შესაძლებლობებს. სოციალური პასუხისმგებლობის იმპერატივი მაგიურ ზემოქმედებას ატარებს და ვერცერთი კომპანია მას თავს ვერ აარიდებს. 67 წლის წინ ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე პირველად პიტერ დრაკერმა თავის წიგნში "ინდუსტრიული ადამიანი" (The Industrial Man) ისაუბრა. სოციალურ კაპიტალში ინვესტიციები მომხმარებელთა ახალი მასის გაჩენის საუკეთესო საშუალებაა. "მომხმარებლის გარეშე დღეს, სამეწარმეო საქმიანობას აზრი ეკარგება. მომხმარებლის გარეშე მომავალში ბიზნესი დაკარგავს მდგრადობას",- წერს იგი.
ბიზნესი უფრო მეტია, ვიდრე ფული
21-ე საუკუნეში ბიზნესი კაპიტალს განიხილავს უფრო ფართო გაგებით, ვიდრე ტრადიციულ ფინანსურ საკითხს. ფინანსური კაპიტალი სოციალურ კაპიტალს ავსებს: ადამიანები და მათი შესაძლებლობები, გარემო, ცხოვრების ხარისხი, ემოციური კაპიტალი, პოლიტიკური კაპიტალი – ყოველივე ეს არის კაპიტალი უკუგების მაჩვენებლით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიან ინვესტიციებიდან უკუგების მაჩვენებელში (ROI), რომელიც ქმნის მომხმარებლებს და უზრუნველყოფს ბიზნესის და მთლიანად საზოგადოების მდგრადობას. როდესაც HP რომელიმე ქვეყანაში უფასოდ ასწავლის ბავშვებს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, ეს არ არის ამ კომპანიის ხარჯები, არამედ ეს არის კომპანიის აქტივები, რომელიც ქმნის კომპიუტერის პოტენციურ მომხმარებლებს. როდესაც GE აფინანსებს მომავლის ალტერნატიული ენერგიის ახალ ტექნოლოგიებს, ეს არის ინვესტიციები სოციალურ აქტივებში და საზოგადოების მომავალზე ზრუნვა. კომპანიების ყოველი მსგავსი სოციალურ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციები ქმნის მომხმარებლებს, ამყარებს საკუთარ მდგრადობას, იმაღლებს რეპუტაციას და ახდენს სოციალური ღირებულებების ინსტიტუციონალიზაციას. მიმდინარე კრიზისი პირველი არ არის კაპიტალისტური სისტემისათვის, თუმცა ბევრად უფრო მკაცრია. იგი მიუთითებს და ფარადს ხდის მსოფლიო კორპორაციების არაეთიკურ და სოციალურ უპასუხისმგებლობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალისტური ხედვა, სოციალური დარვინიზმის ფილოსოფია ამ კორპორაციების იდეოლოგიური კრედოა, რაც ძალზედ მძიმედ უჯდება საზოგადოებას და ფართო გაგებით სმიტისეულ საბაზრო ეკონომიკას. კაპიტალიზმის შესაძლებლობების სრული გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კარგი მთავრობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების პირობებში. მომავალში ეკონომიკის მდგრადი განვითარების არსთა არსი არის ბიზნესის სფეროში მაღალი ეთიკური ფასეულობების დამკვიდრება, სოციალური პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და ზოგადად მოკლევადიანი ინტერესების ჩანაცვლება ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული ხედვებით. Bear Sterns, Lehman Brothers, Merrill Lynch, Citibank, Morgan Stanley, Goldman Sachs, Washington Mutual, Freddie Mac, Fannie Mae და სხვა მრავალი კომპანია, რომლებიც განუზომლად დიდ სარგებელს ღებულობდნენ იპოთეკური ბაზრის დაუსაბუთებელი და მაღალი რისკის შემცველი დაკრედიტებით, ფიქრობდნენ თუ არა შედეგებზე, რომელიც დღეს დაუდგათ. აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც მათ განიცადეს და კრიზისში მოაქციეს ეკონომიკის სხვა სექტორები მხოლოდ გაუაზრებელი სიხარბის შედეგი არის. დაიკარგა ყველაზე მთავარი – ნდობა. დღევანდელი კრიზისი არის ნდობის კრიზისი. ვიღას შეუძლია განახორციელოს ინვესტიციები გაურკვეველ და მაღალი რისკის პირობებში? მორალური კაპიტალიზმის მოთხოვნები და სტანდარტები წინააღმდეგობაში მოდის `ფულის კეთების~ აღვირახსნილ ლტოლვასთან. ფულის სიყვარული და მამონასადმი მონობა ღმერთს გვავიწყებს და იმ მთავარს, რასაც ბიზნესი უნდა ემსახურებოდეს. ეს არის სიმდიდრის და კეთილდღეობის შექმნა, გარემოზე ზრუნვა და მომავალი თაობებისადმი ზიანის მიუყენებელი განვითარების ხელშეწყობა. თუმცა მანკიერებათა დღევანდელი პროცესი მომხმარებლური საზოგადოების ობიექტური შედეგია.
ვინ გაიმარჯვებს – მარქსი თუ სმიტი?
ჩვ. წელთა აღ.-მდე 250 წელს დაწერილ ჩინურ ტექსტებში წავიკითხავდით, რომ "არასაკმარისი ინტელექტის პირობებში, შეუძლებებლია ჭეშმარიტების შეცნობა. ის, ვინც არ დგას ჭეშმარიტების გზაზე, ის სიმდიდრის მოპოვების გზას დაადგება, ხოლო ეს გზა მოულოდნელობებით და იმედგაცრუებებით არის სავეს."მანჰეტენის უდიდესი საინვესტიციო ბანკები აღარ არსებობენ, ორი მათგანი Goldman Sachs და Morgan Stanley საინვესტიციო ფონდებიდან ბანკებად გარდაიქმნენ. Wall Street კომუნიზმს არ დაუმარცხებია, კაპიტალიზმმა კი შეძლო. სმიტმა დაამარცხა მარქსი, ხოლო Wall Street დამარცხდა საკუთარივე ხელით, სიხარბით და არაკეთილგონივრული მოქმედებებით, ფულის როგორც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მოხმარებით, ხოლო მისი საფლავის ქვაზე მოსჩანს წარწერა: "ასე ჩაივლის ამქვეყნიურ სიკეთეს გამოდევნებულის მიწიერი დიდება." დღეს კიდევ უფრო ხმა მაღლა გაისმის კითხვები კაპიტალიზმის არასრულფასოვნებაზე. გასული საუკუნის 30-იანმა წლებმა მოიტანა რუზველტის მეწ დეა”, ხოლო შემდგომ კეინსიანიზმის 30 წლიანი გაბატონება საკუთარი შერეული ეკონომიკის იდეებით და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლით ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირებაში. კეინსიანიზმის ეპოქაში კაპიტალიზმის მიერ განცდილი მარცხის პარალელურად, მსოფლიო ხედავდა საბჭოთა კავშირის უკრიზისო განვითარების ტენდენციებს. დღესაც, დასავლური კაპიტალიზმის საფინანსო კრიზისის ფონზე, მოჩანს ჩინური ეკონომიკის შეუჩერებელი ზრდა. ამ ქვეყნის ეკონომიკაზე დიდად არის დღეს დამოკიდებული მსოფლიო კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აღარ წარმოადგენს წმინდა სოციალისტურ ქვეყანას, სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ამას რომელიმე ეკონომისტი მოელოდა. ამის მიზეზები მხოლოდ წმინდა ეკონომიკური ხასიათის არ არის, თუმცა ამის განხილვა სხვა დროს იყოს.
ყოველივე აკეთე სიყვარულით
ასეა თუ ისე, თანამედროვე კრიზისის არსებული და მომავალი პერიპეტიები კარგი სასწავლო გაკვეთილი (თუ მხოლოდ გაკვეთილი) იქნება ქართული სახელმწიფოსთვის. ყოველივე უცხოურის კალკირება და სნობისტური დამოკიდებულება რეალური ფასეულობების ვექტორისაგან დაგვაცილებს. ქართველს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა სხვა კულტურათა მოხდენილი გაზიარება და თვითმყოფადობის მარადიული ფასეულობებისადმი ერთგულება. ბაზარი შეუბრალებელია და ჭეშმარიტებას საყოველთაოს ხდის. ის შეუბრალებელია ყველას და ყველაფრის მიმართ. მას არ აქვს ემოცია, ცრემლს არ დაღვრის ხელმოცარულთათვის და არც გამარჯვებულებს უმღერს ჰიმნს. დღევანდელმა გამარჯვებულმა შეიძლება ხვალ დამარცხებულთა რიგებში გადაინაცვლოს. ბაზარი სარგებელს ვერ მოუტონს იდეალისტებს. იგი ჯილდოს სხვათა დამარცხებაში ეძიებს და ამ სარგებლის ძიება ადამიანური ვნებებით არის სავსე. შეუძლებელიაო ორი ბატონის მსახურება და ერთ-ერთი უნდა არჩიო. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ილია ჭავჭავაძე – წმ. ილია მართალი სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელი იყო. სულიერების გზაზე შემდგარი ადამიანის გზა შეუდარებლად უფრო რთულია, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობის გზაზე მავალი ადამიანისა. მაგრამ ამ ქვეყნად ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი _ ერსაც და ბერსაც, მღვდელსაც და მიწის მუშაკსაც. ბერმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც გლეხმა და გლეხმა ისე, როგორც მღვდელმა. ორივეს სიყვარულით ნაკეთები საქმეა მხოლოდ მადლმოსილი.
გივი გიგაური
|