
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი კომპანიების შემოსავლებში მთავარ როლს ჯანმრთელობის დაზღვევა ასრულებს. ამ ფაქტს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს. ბაზრის მიერ 2010 წლის სამ კვარტალში მოზიდული 305 მილიონიდან 216 მილიონი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.
ბაზრის ლიდერი "იმედი L"-ის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევიდან მიღებული პრემია 61 მილიონია. მთლიანად კომპანიის მოზიდული პრემია 71 მილიონს შეადგენს.
"იმედი L" ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ კომპანიის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე ის წარმატებით ახორციელებს დასახულ სტრატეგიას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.
იგი დაარსდა 1995 წელს. 1996–1997 წლებში "იმედი L" აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოში დაზღვევის შესახებ კანონის პირველი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში. ასევე არის საქართველოში პირველი სადაზღვევო ასოციაციის დამფუძნებელი. დღეისათვის იგი გვევლინება დაზღვევის უნივერსალურ კომპანიად, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს სათაო ოფისისა და 10 რეგიონალური ფილიალის მეშვეობით.
აღნიშნული კომპანიის პრინციპი ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით შემდეგნაირია: "ჩვენ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებში ბევრი რამ არასოდეს შეიცვლება, რადგან ვთვლით, რომ ძირითად პრინციპებსა და მიგნებებს ცვლილება მხოლოდ ავნებს. ვეცდებით არსებული მაქსიმალურად განვავითაროთ. ამავე დროს ჩვენი ნოვაციები ყოველთვის სასიამოვნოდ გაგაოცებთ. არასოდეს გავყიდით იდეებს, არამედ ვეცდებით შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საზოგადოების სწორი სადაზღვევო ორიენტაციისათვის. ჩვენი აზრით, ეს საუკეთესო გზაა წარმატებული პერსპექტივისაკენ~. აღნიშნული კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი პლიუსია ის, რომ არის თავისუფალი არჩევანი, ანუ, მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. ძალიან მცირეა გამონაკლისები. დაზღვევა არის ორი სახის, ინდივიდუალური და კორპორატიული. ინდივიდუალური დაზღვევა ძირითადად ფორმდება ოფისში. მოსულ ადამიანს კომპანიის თანამშრომლები აცნობენ პროდუქტებს, ეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ უფორმებენ ხელშეკრულებას. კორპორატიული კლიენტის შემთხვევაში, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლები ემუშავებიან ორგანიზაციას ინდივიდუალურად. "იმედი L”-ის ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი არის კლიენტზე ორიენტირებული. იგი მოიცავს სამედიცინო მომსახურების ყველა ტიპს, რომელიც შეიძლება გახდეს საჭირო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. სტაციონარული მომსახურება მოიცავს, როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ ჰოსპიტალიზაციას, სრული დაფარვით, რათა კლიენტის რისკი სრულად იქნას დაზღვეული. ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი ითვალისწინებს პროფილაქტიკურ შემოწმებას განსაზღვრული რაოდენობით, ვაქცინაცია-იმუნიზაციას, ამბულატორიულ და მედიკამენტოზურ მკურნალობას, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სტომატოლოგიურ მომსახურებას (გადაუდებელსა და გეგმიურს), სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. პროდუქტში გათვალისწინებულია ფასდაკლებები ისეთი ტიპის მომსახურებაზე, რომელიც სტანდარტულად არ იფარება ჯანმრთელობის დაზღვევით: ჰომეოპათიურ საშუალებებზე, მასაჟზე, საცურაო აუზზე და სხვა. სისტემატიურად ხდება მომხმარებლის გამოკითხვა, რათა აღმოჩენილი იქნას ხარვეზები მომსახურების ხარისხის, ოპერატიულობის და მენეჯმენტის თვალსაზრისით. ხდება კლიენტის აზრის გათვალისწინება, მომსახურების სქემების გამარტივება და დახვეწა. გრძელვადიანი ურთიერთობისას ყოველწლიურად უმჯობესდება დაფარვები თანაგადახდისა და ლიმიტების კუთხით, მცირდება გამონაკლისების (არ ანაზღაურებადი ბენეფიტები) რაოდენობა. ამასთანავე, კომპანია იძლევა საშუალებას ანაზღაურებული იქნას ისეთი დაავადებები, რაც ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო ბაზარზე გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად: ონკოლოგია, კარდიოქირურგია, ვირუსული დაავადებები, სოკო, სისტემური დაავადებები, ქრონიკული დაავადებები - ყველანაირი სუბლიმიტების გარეშე. კომპანიას აქვს აგრეთვე დამატებითი მომსახურება - ფასდაკლება სარეაბილიტაციო, აღდგენითი მედიცინის, გამაჯანსაღებელ და ფიტნეს ცენტრებში, საცურაო აუზებზე, ორთოპედიულ მომსახურებებზე, სტომატოლოგიურ კლინიკებში და ასე შემდეგ.
"იმედი L" სამედიცინო ასისტანსი მოგემსახურებათ სადღეღამისო რეჟიმში, გაგიწევთ ნებისმიერი სახისა და სირთულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ორგანიზებას.
მაგდა ლორთქიფანიძე