ნანახია: 1279
618 კილომეტრზე გაჭიმული 521 მილიონი
22 000 სამუშაო ადგილი მთავრობისგან
2009 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 521 მლნ. ლარი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა საგზაო-სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმეს. ამ დროისთვის გარდამავალი და უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 129 მლნ. ლარს შეადგენს. შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიზო ღლონტის ინფორმაციით, მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 10 ობიექტზე იყო გამოცხადებული, 58-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ტენდერში გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კომპანიების გამოცდილებას, ტექნიკურ საშუალებებსა და შესრულებულ სამუშაოებს. "მონაწილე კომპანიების თითქმის 99% ქართული გახლდათ. ჩვენ მათი სრული ჩამონათვალი გვაქვს. ხდება ყველაფრის აღრიცხვა და წარდგენა როგორც ჩვენთან, არქივში, ისე შესყიდვების სააგენტოში. თითოეულ ჩატარებულ ტენდერზე ჩვენ მათ ანგარიშს ვუკეთებთ. რაც შეეხება თვითონ ტენდერებს, წლის დასაწყისში ვადგენთ გეგმას და ობიექტის სავარაუდო ღირებულება გათვლილია ბიუჯეტზე. თუმცა ზოგჯერ კომპანიები დაბალ თანხებს გვთავაზობენ. ამიტომ წლის განმავლობაში შეიძლება გაკეთდეს გარკვეული ეკონომიები და ეს თანხები უკვე გადანაწილდება სხვა გზებზე, რომლებიც ბიუჯეტში არ იყო წინასწარ გათვლილი. რაც შეეხება მასალას, შარშან 1 ტონა ბიტუმის ღირებულებამ 1000 დოლარსაც მიაღწია. ახლა კი, ნავთობის გაიაფებასთან დაკავშირებით ფასებმაც იკლო", - აცხადებს გიზო ღლონტი გზების მშენებლობაზე დაახლოებით 22 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების არასრული სია კი ასე გამოიყურება: შ.პ.ს. "ზიმო", რომლის დამფუძნებელია ზურა კიკნაძე, შ.პ.ს. "მტკვარი" – თამაზ გვასალია, შ.პ.ს. "დტს"- ტარიელ ბაკურაძე, შ.პ.ს. "კოლხი" - ბესო კასრაძე. საგზაო-სამშენებლო სამუშაოებისა და გამართული ტენდერის შესახებ გვესაუბრება საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი რამაზ ნიკოლაიშვილი. გზების რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე, ასევე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე 521 მილიონი ლარი გამოიყო. გზის დაგების რამდენიმე პარამეტრი არსებობს: დაგებული გზების შენახვა და მოვლა, ახალი გზების მშენებლობა, ბეტონის გზების მშენებლობა და ა.შ. ჩვენ დავწერეთ წლის გეგმა კონკრეტულ თემებზე, დავაბალანსეთ 521 მილიონი ლარი და გამოვაცხადეთ ტენდერი. არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივი ტენდერი. გარკვეული თანხის ზემოთ უკვე საერთაშორისო ტენდერი ცხადდება და უნდა მოხდეს უცხოელების ინფორმირება, რომ მათაც მიეცეთ ტენდერში მონაწილეობის საშუალება. პროექტები ნაწილობრივ მსოფლიო ბანკიდან ფინანსდება. ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. განსაზღვრულია პირობებიც, ანუ ამა თუ იმ გზისა თუ ხიდის მშენებლობისათვის, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ფირმა. განაცხადს აკეთებენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. ეს 521 მილიონი დაახლოებით 100 ფირმაზე უნდა გადანაწილდეს, გვეყოლება 100 გამარჯვებული, სადაც უცხოელებიც იქნებიან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვნია. 17 თებერვალს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 50-მდე უცხოური კომპანია ჩამოვიდა, რომლებმაც თავიანთი პრეზენტაციები ჩამოგვიტანეს. ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის ტექნოლოგიები, რომლებიც, სამწუხაროდ, შეიძლება ამ სეგმენტში ჩვენ არ გვაქვს, უნდა გაიზიარონ ქართულმა კომპანიებმა და შემდგომში საქართველოში გამოიყენონ. მინდა აღვნიშნო, რომ ტენდერის პირობებში ყველასათვის ჩადებულია ის პუნქტი, რომ დასაქმებულთა 70%-ს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა შეადგენდეს. ჩვენ მსოფლიო ბანკს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოცხადებულ ტენდერებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმა, ჩაერთონ მმართველობაშიც, რათა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების გაზიარება. ასე რომ, თუ ჩვენი გზების მშენებლობაში უცხოელებიც იქნებიან ჩართული, მე ამაში ცუდს არაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა შევისწავლოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და შემდგომ გამოვიყენოთ ის პრაქტიკაში, ჩვენი რესურსებით უნდა მოვახერხოთ ამ გზების დაგება და ეს თანხაც მთლიანად ჩვენთან დარჩება. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისშია, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო გზების მშენებლობაში დებს თანხას. რაც მეტი ფული დარჩება საქართველოში, მით მეტი თანხა იტრიალებს. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევუდგეთ საქმეს, მთავარია კლიმატმა შეგვიწყოს ხელი. ჩვენი გათვლებით ამ გზების მშენებლობაზე დაახლოებით 22 000 ადამიანი დასაქმდება. - რა კრიტერიუმებით მოხდა კომპანიების შერჩევა მომავალი სამუშაოების ჩასატარებლად? - საპროექტოს განსაზღვრული ჰქონდა გარკვეული თანხა და ის, თუ დაახლოებით რა ჯდება პროექტი, რათა რომელიმე კომპანიას ამ თანხაზე მეტი არ მოეთხოვა. აუცილებელი პირობა ამ სფეროში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება გახლდათ. მაისურების მწარმოებელ კომპანიას ხომ ვერ მივანდობდით ამ საქმეს? ვთქვათ, პროექტი ღირს 25 მილიონი. კომპანიას მოეთხოვება, რომ ანალოგიური პროექტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული. დაუშვებელია, შეეჭიდო ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც შენს ძალებს აღემატება. ასევე გათვლილი უნდა იყოს კომპანიის ტექნიკური საშუალებები: აქვს თუ არა ასფალტ-ბეტონის ქარხანა, რა საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ა.შ. აუცილებელი მოთხოვნა იყო, აგრეთვე, რომ კომპანიას უნდა ჰქონოდა საბანკო გარანტიები. ასე რომ, ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რომელიც წინასწარ იდო ტენდერის პირობებში და კომპანიებისათვის, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს, ეს ყველაფერი ცნობილი გახლდათ. - ჰქონდათ თუ არა ტენდერში მონაწილე კომპანიებს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება? - რა თქმა უნდა. არის ერთი საკმაოდ რთული სეგმენტი – 230 მილიონიანი პროექტი, სადაც რამდენიმე განცხადებაა უკვე მიღებული. ქართველებმა, ესპანელებმა და გერმანელებმა შექმნეს ერთობლივი საწარმო და აპირებენ 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობას. ამ სეგმენტში არის ორი 880 მეტრიანი ხიდი და 800 მეტრიანი გვირაბი. ვფიქრობ, ძალზედ ლამაზი კონსტრუქცია იქნება. ეს რთული საქმე გახლავთ და უცხოელების გამოცდილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. - რამდენი კილომეტრი გზა დაიგება მთლიანობაში? - ვვარაუდობთ, რომ სულ 618 კილომეტრი დაიგება და 40 ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ. ეს ეხება სოფლის გზებს. ვვარაუდბთ, რომ დავაგებთ ბეტონის გზებს, რომელიც არის არა 6-10 წლიანი გამძლეობის, არამედ 30 წელსაც კი გაუძლებს. გვინდა, რომ ათივე რეგიონში 10-15 კილომეტრი ბეტონის გზა დავაგოთ. ესაა დამატებით 130 კილომეტრი, რაც ძალიან ბევრია. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან იქ მოძრაობს მძიმე ტექნიკა, ნალექი აფუჭებს გზას, ამიტომ ასეთი პირობებისთვის ბეტონი ყველაზე გამძლე იქნება. მხოლოდ ამ წელს გზების მშენებლობაზე 120 მილიონით მეტი თანხა გამოიყო, ვიდრე 1996 წლიდან 2003 წლამდე, ანუ 8 წლის განმავლობაში. გზები საკმაოდ პრიორიტეტულ თემად იქცა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტია. გზები არაა მარტო დასაქმება, ესაა კომუნიკაცია და ა.შ. - დასაქმდებიან თუ არა გზების მშენებლობაში უცხოელები? - მინდა იცოდეთ, რომ იგოეთიდან გზა რომ კეთდება, პირველი სეგმენტი გერმანელების დაგებულია. ებრაულმა კომპანიამ კი ტენდერში 25 კილომეტრიანი გზის დაგება მოიგო. ესპანელებსა და იტალიელებს სურთ, რომ ჩვენთან ხიდები ააგონ. გვყავს ავსტრიელი, იტალიელი და თურქი კონტრაქტორებიც. არის საკმაოდ სერიოზული გერმანული კომპანია "დამბახე", რომელთან ერთადაც ვაპირებთ შევცვალოთ საგზაო ნიშნები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალ კიდევ სხვა უცხოურმა კომპანიამ შეიძლება გამოთქვას ჩვენთან მუშაობის სურვილი. ეს მიღებული ფაქტია – თურქები აგებენ ევროპაში, თურქეთში აგებს გერმანია და ა.შ. რასაკვირველია, გზების მშენებლობისას უცხოელებიც დასაქმდებიან. - რაც შეეხება მასალას, რითიც მოხდება გზების დაგება და რეაბილიტაცია, რომელი ქვეყნები მოამარაგებენ გზების მშენებლობებს და გამოყენებული იქნება თუ არა ადგილობრივი პროდუქცია? - თუ ბეტონის გზებს დავაგებთ, მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრია ცემენტი და არაფრის შემოტანა არ დაგვჭირდება. ასფალტის გზები კი ბიტუმით იგება, რომელიც აზერბაიჯანიდან და ევროპიდან შემოდის. აი, ეს შემოგვაქვს მხოლოდ საზღვარგარეთიდან, თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ დანადგარებს. თუ კომპანია უცხოურია, თავის დანადგარებით ჩამოდის და აგებს. - რა ჯდება საშუალოდ ერთი კვადრატული მეტრი გზის დაგება? - ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგალითად, ჩქაროსნული გზა 1 კვ.მ დაახლოებით 100 ლარზე ოდნავ მეტი ღირს. ვვარაუდობთ, რომ 1 კვ.მ სოფლის გზა შესაძლოა დაჯდეს 50 ლარამდე, რადგან მისი სისქეა 18 სმ, ხოლო ჩქაროსნული გზის სისქე_28 სმ. გზა ბევრნაირია და შესაბამისად, ფასებიც სხვადასხვანაირია. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური კრიზისია და ბიტუმის ფასი გაიაფდა, ეს თავისთავად გაგვიიაფებს გზების მშენებლობას, რომლებიც ასფალტით უნდა დავაგოთ.
გვანცა დელიბაშვილი
|