ნანახია: 457
მოახლოებული 21 მაისის საპროტესტო აქციისა და საქართველოს ეკონომიკაზე ამ აქციის ზეგავლენის შესახებ "ბ&ფ" ეკონომიკის ექსპერტებს ნოდარ ჯავახიშვილსა და ნოდარ ხადურს ესაუბრა
ნოდარ ჯავახიშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი - 21 მაისი მოდის, აქციები იწყება, საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინებია. ხელისუფლება ხშირად აპელირებს იმაზე, რომ როდესაც ქვეყანაში აქციებია, ინვესტიციების შემოსვლა იკლებს, ეკონომიკის ზრდა ჩერდება და ა.შ. თქვენი შეფასებით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მომავალმა აქციებმა ეკონომიკაზე და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე? - გააჩნია რა შედეგებით დასრულდება ეს აქციები. თუ ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება, ეს მხოლოდ დადებითი მომენტი იქნება. ხოლო, ამ აქციების შედეგად, თუ მცირე ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდება, სულაც არაა საშიში. რეალური ქართული ხელისუფლება, რომელიც საქართველოზე, ქართველ ხალხზე და ქართულ ეკონომიკაზე იდარდებს, ამ პატარა ეკონომიკურ უკანსვლას, რომელსაც ნებისმიერი სერიოზული საზოგადოების აზვირთება იწვევს, რა თქმა უნდა, გაუმკლავდება და არ იქნება საშიში. პირიქით, ეს პროგრესული იქნება. ნურავის ნუ აშინებს სააკაშვილი ამით, იმიტომ რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოში აქციები არ ყოფილა, მაგრამ დღემდე არაა გამოქვეყნებული წლევანდელი წლის პირველი კვარტლის ინვესტიციების მონაცემები. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ინვესტიციები არ შემოსულა და სწორედ ამიტომ არ აქვეყნებენ ამ მონაცემებს. ნახეთ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი, თუნდაც `საქსტატის~ ვებ-გვერდი, ხუთი თვე გავიდა, მაგრამ აღნიშნულ მონაცემს თქვენ ვერ იპოვით. რატომ? ვერ დაითვალეს იმდენია? ამ აქციებში მთავარი პროგრესია, და თუ სააკაშვილი დამარცხდება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, გაუმარჯოს ამ აქციებს. - უშვებთ თუ არა იმის ალბათობას, რომ შეიძლება აქციებმა არასასურველი შედეგები მოიტანოს? - ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ 21 მაისს დაწყებული აქციები ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება. იმიტომ, რომ არ ვარ საქმის კურსში და თუ ამ პერიოდში ეკონომიკის მცირედით უკან დაწევა მოხდება, ამ დანაკარგის ორ დღეში ანაზღაურება იქნება შესაძლებელი. ეს პრობლემა არ გახდება, რადგან შემდეგ სერიოზული წინსვლები იქნება. დღეს ქვეყანაში მკვდარი სიტუაციაა, სააკაშვილს რომ მოსწონს დღევანდელი მდგომარეობა, მოსაწონი კი არ არის სინამდვილეში, ეს ქვეყნისთვის დამღუპველია და ვიღუპებით კიდეც. ამაზე უარესი რაღა იქნება? უბრალოდ, საზოგადოებაში გაურკვევლობაა და ჩემშიც. არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და რა გაგრძელება ექნება ამ აქციებს. ჩვენ არ ვიცით, აქციის ორგანიზატორი პარტიები ხელისუფლების ჩამოსაგდებად რა ხერხს მიმართავენ და არ ვიცით, აქციების შემდეგ რას აპირებენ. ეს არის დასაფიქრებელი, თუ მათი მიზნები და გეგმები ქართველი ხალხის სურვილს შეესაბამება, მაშინ წარმატებები უნდა ვუსურვოთ მათ და არავინ დაიჩივლებს სააკაშვილის გარდა.
ნოდარ ხადური, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკის ექსპერტი - ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში რომელ წელსაც აქციები არ იმართება, იმ წელს დიდი რაოდენობის ინვესტიციები შემოდის. თუ გაიმართა აქციები, ეს სერიოზულად უშლის ხელს საქართველოს საინვესტიციო გარემოს. თქვენი შეფასებით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს აქციებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და საინვესტიციო გარემოზე? რეალურად თუ ახდენს აქციები ამ ფაქტორებზე ზეგავლენას? - ყველაზე დიდი აქციები რომელ წელს იყო გახსოვთ? 2003-სა და 2007 წელს. ყველაზე ბევრი ინვესტიცია სწორედ ამ წლებში შემოვიდა საქართველოში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ამ წლებში დაფიქსირდა. შარშან აქციები იყო? 538 მლნ დოლარის ინვესტიციები შემოვიდა მხოლოდ.
- ერთი შეხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული ბიზნესი და საქართველოს ეკონომიკა შეჩვეულია აქციებს და მას არანაირ პრობლემას არ უქმნის? - რა თქმა უნდა, არა. ცხადია, ბიზნესისთვის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. ბიზნესმა თავისი სამუშაო გარემო უნდა იცოდეს, თან დიდი ხნით ადრე. თავისთავად ცხადია, რომ არავინ ამბობს - აქციები კარგია. მაგრამ საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, 2007 წლის ნოემბერი პრაქტიკულად ჩავარდა და შემდეგ საგანგაშო მდგომარეობა იყო, ხოლო 2003 წელს რევოლუცია მოხდა, რევოლუცია კი კარგ დროს არ ხდება. სტატისტიკური ინფორმაციით, ეკონომიკის ყველაზე წარმატებული წლები 2003 და 2007 წლები იყო.
- ანუ შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს? - რისკი და სიფრთხილე იქნება, მთავარია, რა ფორმას მიიღებს ეს აქციები და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. ასეთი შეხედულებაცაა, რომ თუ ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს, პოლიტიკური გამოსვლები გარკვეულწილად ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობასა და დემოკრატიის რაღაც დონეზე მიუთითებს. ამანაც შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტიციების შემოდინებას. მსოფლიოში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ცენტრი, სადაც თვეში ერთხელ მაინც სერიოზული აქციები არ იმართება. თუნდაც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. აიღეთ, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია... ახლახანს იყო გერმანიაში აქციები, საბერძნეთზე აღარაფერს ვამბობ, სტრასბურგში და ა.შ. მგონი იქ ხალხს პროფესიად აქვთ აქციები. ეს ჩვეულებრივი მომენტია, მთავარია, რაღაც საშინელებაში არ გადაიზარდოს იგი. გააჩნია მოთხოვნები რა არის. თუკი აქციები იმართება, პირობითად ვამბობ, უცხოური ინვესტიციების აკრძალვის მიზნით, ან აქციები იმართება ვიღაცისთვის რაღაცეების ჩამორთმევის, გაკულაკების მიზნით, ცხადია, ამ ქვეყანაში არანაირი ინვესტიცია არ შემოვა. მაგრამ თუკი აქციები იმართება ინვესტორთა ხელშეწყობის, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით და ა.შ. ცხადია, ხალხი მოითმენს, ინვესტორი რაღაც სიტუაციას დაელოდება და ქვეყანა მაინც გახდება მიმზიდველი. მერაბ ჯანიაშვილი
|