უნებლიე ტყუილის ეკონომიკა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : უნებლიე ტყუილის ეკონომიკა
ნანახია: 413

უნებლიე ტყუილის ეკონომიკა ვაგრძელებთ ჯონ კენეთ გელბრეითის ნაშრომის ბეჭდვას

ტერმინი "კაპიტალიზმი" მე-19 საუკუნის ბოლოს შეერთებულ შტატებში იწვევდა ოდნავ განსხვავებულ, მაგრამ მაინც უარყოფით ასოციაციებს. მისდამი მტრულად იყვნენ განწყობილები არამარტო დაქირავებულები, არამედ საზოგადოება საერთოდ. კაპიტალიზმად განიხილებოდა ფასებისა და დანახარჯების მექანიზმის გამოყენებით მიღწეული ექსპლუატაცია. ამგვარი დამოკიდებულება წარმოადგენდა პასუხს ჯონ როკფელერის მონოპოლიურ, ან, შეიძლება ითქვას, თითქმის მონოპოლიურ, საქმიანობაზე, რომელიც იყო ნავთობის მიმწოდებელი ქუჩების განათებისა და მოქალაქეთა შინამეურნეობის საჭიროებებისთვის, აგრეთვე ფოლადით მოვაჭრე კარნეგისა და თამბაქოს ბიზნესით დაკავებული დიუკის ბიზნეს-აქტივობებზე. კაპიტალიზმის სახის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს რკინიგზის მაგნატებმა, აგრეთვე, საბანკო-საფინანსო სფეროს გამგებლებმა, მორგანმა და მისმა კომპანიონებმა. 1907 წელს მასობრივი გაკოტრებების საფრთხემ უოლ-სტრიტზე დაბადა რწმენა, რომ კაპიტალიზმი – ეს არამარტო მისწრაფებაა ექსპლუატაციისკენ, არამედ მეტწილად წარმოადგენს თვითგანადგურებას.
1890 წელს მიღებულ იქნა შერმანის ”ანტიტრესტული კანონი”. ამერიკელი სენატორის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა ვაჭრობის შეზღუდვის მიზნით შეთანხმებას, გაერთიანებას და ფარულ გარიგებას. ის კრძალავდა მონოპოლიზაციას და მცდელობას ფარული შეთანხმების დადებისა, მონოპოლიზაციის თაობაზე. პირები, რომლებიც ასეთ შეთანხმებებში მონაწილეობდნენ, ჯარიმდებოდნენ ან მიესჯებოდათ პატიმრობა ვადით, არანაკლებ ერთი წლისა. შერმანის კანონი მიმართული იყო მონოპოლიებთან ბრძოლისკენ და ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას ნებისმიერი ფორმით. 1913 წელს შეიქმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა. მისი შექმნის მიზანს წარმოადგენდა ფინანსური მაგნატების გავლენის შეკავება. ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში დაფუძნებული იქნა ვაჭრობის ფედერალური კომისია. კომისია აღჭურვილი იყო ძლიერი მარეგულირებელი ფუნქციებით. კაპიტალიზმმა უკვე იმდენად უარყოფითი რეპუტაცია შეიძინა, რომ რესპუბლიკელები ხშირად ემხრობოდნენ დემოკრატებს და მხარს უჭერდნენ მათ მისი არაჯანსაღი ბუნების გაკეთილშობილებაში. ევროპაში სიტყვამ "კაპიტალიზმი" რევოლუციები გამოიწვია, შეერთებულ შტატებში კანონმდებლობის ცვლილებები, მკვეთრი სასამართლო გადაწყვეტილებები და სახელმწიფო რეგულირება.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა რწმენა, რომ ომის, ნგრევისა და ადამიანთა მასობრივი სიკვდილის მიზეზი დევს საფრანგეთისა და გერმანიის არმიებისა და ფოლადის კარტელების დაპირისპირებაში და ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის კულისებში ისინი დგანან, ვინც ქვემეხებს ჩამოასხამს, რათა მოგება მიიღოს. ასეთმა შეხედულებამ იმხანად ლამის მრწამსის მნიშვნელობა შეიძინა.
მოგვიანებით, კაპიტალიზმის რეპუტაციაზე კიდევ უფრო დამანგრეველი ზეგავლენა მოახდინა ფლორიდის შტატში გაჩაღებულმა უგუნურმა მანიპულაციებმა და სპეკულაციამ უძრავი ქონებით ვაჭრობის პროცესში. ამას მოჰყვა საფონდო ბაზრის აფეთქების ეფექტის შემცველი ზრდა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. ამ მოვლენების შემდეგ განვითარდა 1929 წლის მსოფლიო კრიზისი, რომელმაც წარმოშვა `დიდი დეპრესია~. იგი 10 წელი გრძელდებოდა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ კაპიტალიზმი `ვერ მუშაობს~. იგი, იმხანად არსებული ფორმით, მიუღებელი აღმოჩნდა.
დაიწყო ტერმინ "კაპიტალიზმის" უფრო ნაზი და სასიამოვნო ალტერნატივით შეცვლაზე ფიქრი. აშშ-ში შეეცადნენ გამოეყენებინათ სიტყვათშეთანხმება `თავისუფალი მეწარმეობა~. ამ ტერმინმა დიდხანს ვერ გაძლო. მეწარმეთა მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. ევროპაში გაჩნდა სიტყვათშეთანხმება "სოციალ-დემოკრატია", კაპიტალიზმის და სოციალიზმის ნარევი, რომელიც თითქოს შეიცავდა თავის არსში თანაგრძნობას. თუმცა აშშ-ში სიტყვა `სოციალიზმი~ ყოველთვის ნეგატიურად აღიქმებოდა. შემდეგ წლებში გამოიყენებოდა `ახალი კურსი~, მაგრამ იგი მეტისმეტად იქნა გაიგივებული ფრანკილ ელანო რუზველტისა და მისი მომხრეების იდეურ-პოლიტიკურ მრწამსთან. სამეცნიერო წრეებში ბოლოს და ბოლოს დამკვიდრდა გამოთქმა - `საბაზრო სისტემა~. მას არ ჰქონდა ნეგატიური ისტორია, უფრო მეტიც, მას საერთოდ არ ჰქონდა არანაირი ისტორია. ძნელი იყო შეგერჩია უფრო უკეთესი ტერმინი, უფრო უკეთესი იმ თვალსაზრისით, რომ დაცული ყოფილიყო ყოველგვარი აზრისგან. ამიტომაც არჩევანი მასზე შეჩერდა.
ბაზარს კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ყოველ შემთხვევაში, VIII საუკუნიდან ჩვენს ერამდე, როცა ლიდერებმა დაიწყეს მონეტების მოჭრა, ბაზარი მყარად შემოდის ადამიანთა ცხოვრებაში. ყველა ქვეყანაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩათვლით, დღევანდელი `კომუნისტური~ ჩინეთის მიმატებით, ისინი მთავარ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ. ეკონომისტები წარსულში ტრადიციულად ხაზს უსვამდნენ, რომ არსებობს კავშირი ბაზარსა და მომხმარებლის დამოუკიდებლობას შორის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებელი კარნახობს, რა უნდა იქნას წარმოებული, რა შეიძლება იქნას გაყიდული და რა შეძენილი. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ მომხმარებელს აქვს ძალაუფლება და ამ ძალაუფლებაზე არიან დამოკიდებულნი მწარმოებელი ფირმაც და კაპიტალისტიც, თუმცა ამგვარი ეკონომიკური დემოკრატია ძნელი იყო დამკვიდრებულიყო და ვერც დამკვიდრდა ეკონომიკის სახელმძღვანელოებშიც კი.
მთავარ ეკონომიკურ ფუნქციას წარმოადგენს ახალი პროდუქტების შემუშავება, იდეის დამუშავება და შექმნა. არცერთი მწარმოებელი არ დაიწყებს ახალი პროდუქტის წარმოებას, ვიდრე წინასწარ არ შექმნის მასზე მოთხოვნილებას. არცერთი მწარმოებელი არ იტყვის უარს თავის საქონელზე მოთხოვნილების შესაქმნელად განახორციელოს საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული ღონისძიებები და არ აიღებს ხელს ამ მოთხოვნის შენარჩუნების მხარდაჭერაზე – დადგა რეკლამის, გაყიდვების ხელოვნების, ტელევიზიის და მოხმარების მართვის ეპოქა, შესაბამისად, მომხმარებლისა და ბაზრის დამოუკიდებლობა თანდათან უკან იხევს. არსებითად ფასებს ადგენს და მოთხოვნილებას განსაზღვრავს მწარმოებელი ფირმა. საამისოდ გამოყენებულია ხოლმე მონოპოლია, ოლიგოპოლია, საქონლის შექმნა და დიფერენცირება, აგრეთვე რეკლამა, საქონლის პრომოუშენი და გასაღების სტიმულირება. ამ ფაქტს ტრადიციული ეკონომიკური შეხედულებების მიმდევრებიც კი აღიარებენ. "საბაზრო სისტემა", ვფიქრობ, არ არის `კაპიტალიზმის~ მისაღები ალტერნატივა, რადგან იგი სუსტად ასახავს კორპორაციული რეალობის არსს. ამ სიტყვათშეთანხმებაში ვერ აისახება მწარმოებლის მიერ მომხმარებელზე მოხდენილი ზეგავლენა, ის კონტროლი, რასაც მასზე მწარმოებელი აწესებს. ამის შესახებ საუბარი მიღებული არ არის თანამედროვე ეკონომიკურ დისკუსიებში, ხოლო ეკონომიკის სწავლებისას მოცემულ თემას არანაირი ადგილი არ ეთმობა.
მაშ, ასე – ჩვენ ახალგაზრდებს ვასწავლით საბაზრო სისტემის ანბანს. როგორც მე უკვე აღვნიშნე, სწორედ საბაზრო სისტემაზე გვმოძღვრავენ ჩვენ პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები და მეცნიერები. ისინი ამტკიცებენ, რომ ვერცერთი ცალკე აღებული პირი და ვერცერთი ფირმა ეკონომიკაში დომინირებას ვერ შეძლებს, რომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე ეკონომიკურ ძალაუფლებაზე. მათ სიტყვებში მარქსისა და ენგელსის თეორიიდან არაფერია. `არსებობს მხოლოდ უსახო ბაზარი~, იგი არავისია, მას არ აქვს კონკრეტული კონტურები. ეს არის ერთ-ერთი უნებლიე ცდომილება და, ამავე დროს, არცთუ უწყინარი.
და მაინც, ისტორიული კავშირი არსებობს. მის იგნორირება შეუძლებელია. თავის დროზე ტერმინი "კაპიტალიზმი" წარმოადგენდა ეკონომიკური სისტემის მიღებულ დასახელებას. მას იყენებდნენ იმ პირებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და ფლობდნენ მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას. გამოიყენებოდა სიტყვათშეთანხმებები: "სავაჭრო კაპიტალიზმი", "სამრეწვლო კაპიტალიზმი", 'ფინანსური კაპიტალიზმი". მათ დღემდე იყენებენ. ისინი ჯერ კიდევ ქმნიან მცირე წინააღმდეგობას, რომელიც ეკონომიკური სისტემის სრულ გადანათვლას უშლის ხელს. ურიგო არ იქნება მივუბრუნდეთ წარსულსაც. შეუძლებელია ამტკიცო, რომ ვენეციაში, სადაც სავაჭრო კაპიტალიზმი აყვავდა, არსებობდა საბაზრო სისტემა. სამრეწველო რევოლუციის მოხსენიება ჯერ კიდევ განაპირობებს სამრეწველო კაპიტალიზმის წარმოშობისა და მისი ძლიერების ასოციაციის გაჩენას. თუ დღევანდელი ფინანსური სამყაროთი დავინტერესდებით, დავრწმუნდებით, რომ ტერმინი კაპიტალიზმი არ გამქრალა, რამდენადაც სიმდიდრე და კაპიტალი ისევ ორგანულ ურთიერთკავშირში და მთლიანობაში განიხილებიან. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ სისტემისთვის სახელის გადარქმევა, მიუღებელი ტერმინის კაპიტალიზმის დავიწყება წარმატებული იყო.
ვიმეორებ, ტერმინს "საბაზრო სისტემა" კონკრეტული შინაარსი არ აქვს. ის ცრუ, არამდგრადი და არაზუსტია. იგი წარმოიშვა, რათა დაგვევიწყებინა კაპიტალიზმის ნაკლებად მიმზიდველი წარსული, თავი დაგვეცვა მარქსისა და ენგელსის მემკვიდრეობისგან, მათი ერთგული და მჭევრმეტყველი მიმდევრებისგან. დღეს მიიჩნევენ, რომ არც ფირმას და არც კაპიტალისტს თავისთავად არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ. ის ფაქტი, რომ ბაზარი დამოკიდებულია პროფესიულ და უნარიან მენეჯმენტზე, ეკონომიკურ მოძღვრებათაგან უმრავლესობა ამას არც ახსენებს. ცხადია, ეს სიცრუეა.
აზრად მომდის უფრო დამაჯერებელი დასახელება თანამედროვე ეკონომიკური სისტემის: `კორპორაციული სისტემა~. ეჭვგარეშეა, რომ თანამედროვე ეკონომიკაში კორპორაცია გაბატონებულ ძალას წარმოადგენს. ცხადია, იგი ასეთია აშშ-შიც. თუმცა, ამ ფაქტს ან ფრთხილად, ან საერთოდ არ ახსენებენ. არც ამ სისტემის გონიერი მომხრეები და არც ისინი, ვინც ამ სისტემიდან სარგებელს იღებს, არ არის კორპორაციის განუზომელი ძალაუფლებით აღჭურვის მომხრე. უფრო მისაღებად ისინი უღიმღამო ტერმინის - "საბაზრო სისტემა" გამოყენებას მიიჩნევენ.

III
შემგუებლობის ეკონომიკური თეორია


კაპიტალიზმის საყოველთაობის ეპოქაში სოციალური ძვრები მოხდა. მათგან გამოვყოფდი მომხმარებლის ხელში ეკონომიკური ძალაუფლების გადასვლას. მომხმარებელი დამოუკიდებლად განსაზღვრავდა თავისი სახსრებიდან რამდენი და რაზე დაეხარჯა. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ძალაუფლებას, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებმა მიიღო. ამას შეიძლება ეწოდოს ბაზრის მიერ ნაკარნახევი და მისით განპირობებული ეკონომიკური დემოკრატია. და მაინც, ეს ძალაუფლება არ იყო აბსოლუტური. მაგალითად, თუ გამოჩნდებოდა კვების ძირითად პროდუქტებზე ან პირველადი მოხმარების საგნებზე მონოპოლია, მომხმარებელს აღარ ჰქონდა არჩევანი. მონოპოლისტი იღებდა თავისი საქონლის მყიდველებზე ზეგავლენის საშუალებას და ეს ზეგავლენა განსაკუთრებით სრული იყო იმ მუშებთან მიმართებაში, რომლებსაც არ ჰქონდათ შრომითი მოწყობის სხვა შესაძლებლობა. ამიტომ იყო, განსაკუთრებით აშშ-ში ეკონომიკური და პოლიტიკური დისკუსიების მთავარი თემა.
ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, იზრდებოდა რა შემოსავლები, მრავალფეროვანი ხდებოდა მოხმარება და მიწოდება, რამაც მონოპოლიების ძალაუფლება შეასუსტა. ამის გამო გარკვეული დროის განმავლობაში შეერთებულ შტატებში "ანტიტრესტული კანონები" პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში იყო. ეს თავის მხრივ იურისტების დასაქმების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა, უნივერსიტეტებშიც ისწავლებოდა შესაბამისი კურსი, რომელსაც ძირითადად მოკრძალებული ანაზღაურების მქონე ეკონომისტები კითხულობდნენ. ამ უკანასკნელს მე დიდი მადლიერებით ვიხსენებ, რადგან ჩემი საქმიანობის ადრინდელ ეტაპზე სწორედ მას ვასწავლიდი სტუდენტებს.
ბოლო დროს მეცნიერები და ფართო საზოგადოება აღნიშნულ თემატიკას ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ერთ-ერთი გახმაურებული ბოლო საქმე, რომელიც კომპიუტერების მწარმოებელი გიგანტის "მაიკროსოფტის" წინააღმდეგ აღიძრა, სერიოზულად მხოლოდ იმათ ეჩვენებოდათ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. სიტყათშეთანხმება "მონოპოლიური კაპიტალიზმი~, რომელიც ფართოდ იყო წარსულში გავრცელებული, ახლა ამოგდებულია სამეცნიერო და პოლიტიკური ლექსიკონებიდან. მომხმარებელი უკვე აღარ ემორჩილება მონოპოლიის ძალაუფლებას, ის დამოუკიდებელია, ყოველ შემთხვევაში მას ასეთად მიიჩნევენ. ეკონომიკური სისტემის გადანათვლამ მომხმარებლის დამოუკიდებლობა განამტკიცა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში.
მასალა საპუბლიკაციოდ მომაზადეს: ლევან მზიანიშვილი, ნოდარ ჭიჭინაძე




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48