"ევროობლიგაციების ხაჯვის შესახებ ინფორმაცია ვერსად მოიძებნა"
"ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება"
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძესთან- როგორც უკვე იცით, საქართველოს მთავრობამ ევროობლიგაციის მორიგი ემისია განახორციელა. როგორ შეაფასებდით მთავრობის ამ ნაბიჯს?- ობიექტურები რომ ვიყოთ, ამ ფაქტის მიმართ ორი მიდგომა არსებობს. პირველი ეს არის ის, რომ თუ მთავრობას ფული არ აქვს, მან ფული კი არ უნდა მოჭრას, არამედ ცივილიზებული წესით ღია ბაზარზე უნდა გავიდეს და ისესხოს. როგორც ფორმა, ეს სწორია. მეორე მიდგომა კი არის ის, თუ რამდენად აუცილებელია ფულის სესხება. ვერ გეტყვით, რამდენად სჭირდებოდა დღეს საქართველოს მთავრობა თანხის სესხებას, რადგან, თუ არ ვცდები, დაახლოებით 87 მლნ-მდე ვალი კვლავ დაგვრჩა დასაფარი წინა ობლიგაციებიდან. ამიტომ ამხელა პროცენტად ფულის სესხება უფრო იმას ჰგავს, რომ ვიღაცამ სერიოზული სარგებელი ნახა. პრინციპში, დღევანდელ კრიზისულ პირობებში ფულის ასეთი პროცენტით დაბანდება, წარმოუდგენლად მომგებიანია იმისთვის, ვინც ამას აკეთებს, რადგან დღეს მსოფლიოში ფული არ ჭირს. მხოლოდ საქართველოში არის კატასტროფული შიმშილი ფულისა, რაც ხელოვნურად არის შექმნილი, თორემ მსოფლიოში ფულის პრობლემა კი არ არის, უბრალოდ, ამ კრიზისულ ვითარებაში, სად უნდა დაბანდდეს საიმედოდ ფული, ეს არის პრობლემა. როდესაც სახელმწიფო სესხი გამოდის ასეთი მაღალი პროცენტით, ბუნებრივია, მისი განთავსება პრობლემას არ წარმოადგენს. ეს სფერო არის ძალიან რთული, ძალიან დახურული, მიუწვდომელი პრესისთვის, ამიტომ მასზე სრული ინფორმაციის მოპოვება ჭირს. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს აუცილებელი იყო.
- როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი ობლიგაციებით მთავრობამ ძველი ვალის გადაფარვა უნდა მოახდინოს. რამდენად საჭირო იყო 2008 წელს ქვეყნისთვის ევროობლიგაციის გამოშვება?- აქ არის ასევე ორი საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით. თუ მთავრობა არის დანიშნული, იმ პოლიტიკური ძალის მიერ და იმ კონსტიტუციური მიზნებით, რომელიც ხალხმა მიანიჭა ამ პოლიტიკურ ძალას, მაშინ ეს დღეს არანაირ პრობლემას და კითხვის ნიშანს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ყველა საფეხურზე ხალხის საკმაო ნაწილი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. მაშინ ვალის აღების ნებართვა ამ მთავრობის ხელშია. მეორე საკითხი, რომელიც უკვე მთავრობის ხელში არ არის და კონსტიტუციური ნორმით უნდა იყოს დარეგულირებული, ეს არის მთავრობის გაკონტროლების საკითხი. ანუ, სად მიაქვს მთავრობას ფული, რადგან კარგ მთავრობასაც შეიძლება ცუდი აზრები მოუვიდეს, მაშინ როდესაც დიდ ფულს და დიდ თანამდებობას ეხება საქმე. სახელმწიფოში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.
კონტროლის პალატა, რომელიც არსებობდა, დღეს დაყვანილია უბრალოდ ნომინალურ დაწესებულებამდე, რომელსაც თუ რაიმეს დაავალებენ, შელამაზებული ტექსტით განცხადებას გააკეთებს, თორემ დამოუკიდებელი ძალაუფლების მატარებელი არ არის.
განსხვავებით იმ კონტროლის პალატისა, რომელშიც მე ვმუშაობდი. ასე რომ, სად დაიხარჯა 2008 წელს აღებული და, საერთოდ, სად იხარჯება საქართველოს ბიუჯეტის ფული, ამაზე საქართველოს კონტროლის პალატა სერიოზულ მასალებს უნდა დებდეს, რომელსაც ნდობის მაღალი ხარისხი ექნება. ვერ გეტყვით, სად დაიხარჯა 2008 წელს ევროობლიგაციებით აღებული ფული. რაც არ ვიცი, არ ვიცი.
- რამდენად ბადებს ეჭვს 2008 წლის აპრილში გამოშვებული ევროობლიგაციების მიზნობრიობა, რადგან როგორც კახა ბენდუქიძე აცხადებს, მათ ისესხეს ფული, რომელიც ომის შემდეგ გამოადგათ (ააშენეს დევნილთათვის სახლები). თუმცა, ომი წინასწარ ვერ იქნებოდა გათვლილი და ვალის აღებაც ამ მიზნით ვერ მოხდებოდა?- ფული, რომელიც ომის შემდეგ გამოადგათ, ეს არის ისეთი შეფასება, რომელიც სახელმწიფო აზროვნების დონეზე და სახელმწიფო ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით უაზრო ნათქვამია. თუ კარგად გამოადგათ და მინდა ვიფიქრო, რომ კარგად გამოადგათ, მაშინ ამ საკითხზე კონტროლის პალატის დასკვნა სკულპუროზულად უნდა იყოს გაწერილი, 500 მლნ-ს ხარჯების შესახებ და ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამასთან, დამოუკიდებელ ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მიაკვლიონ, თუ სად წავიდა ეს ფული და რაში დაიხარჯა, სანამ კონტროლის პალატა ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას დადებდეს. თუ ვინმე მანახებს ასეთ ფაქტს, რომ დღეს ასეთი ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომია, სიამოვნებით ვნახავდი და არც რაიმე პრეტენზია მექნებოდა თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მაგრამ რამდენადაც ვიცი ევროობლიგაციების ხაჯვის შესახებ ინფორმაცია ვერსად მოიძებნა. აპრიორი იმის თქმა, რომ ცუდად დახარჯა - არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ კარგად დახარჯა. ასეთი შეფასებებით დაინტერესებული ხალხის მიერ საქმე არ კეთდება. ის, რომ ააშენეს დევნილთათვის სახლები, სად არის ამის დამამტკიცებელი შემოწმების შედეგები. ვერც შეამოწმებს კონტროლის პალატა, რადგან, როგორც გავიგე, ეს ორგანო კონტროლის აბსურდულ კითხვარებზე გადავიდა. მაგალითად, კითხვარია შედგენილი, თუ როგორ უნდა იქნას ბიუჯეტის ხარჯები ნანახი, რაც საერთოდ ანეკდოტურ დონეზეა. იმიტომ, რომ თუ ღრმად პროფესიონალი ადამიანები არ არიან კონტროლის პალატაში, ისინი ვერასდროს ვერ ნახავენ ბიუჯეტის ფული როგორ იხარჯება მთავრობის მიერ.
- 5 წლის შემდეგ მიღებული 500 მლნ დოლარზე სახელმწიფოს მხოლოდ პროცენტის სახით 187 500 00 დოლარის გადახდა მოუწევდა, 2021 წლამდე გადადებით კი ეს ციფრი მკვეთრად იზრდება და პროცენტის სახით 356 250 000 დოლარის გადახდა გვიწევს. თქვენი შეფასებით, რამდენად საჭიროა ამხელა დათმობებზე წასვლა და ვალის წელს დაფარვა, როცა ამის აუცილებლობა არ იყო და ვალის დაფარვა 2013 წლამდე იყო შესაძლებელი?- ეს ის საკითხია რომელსაც მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი. მეც არაერთხელ დავსვი აღნიშნული კითხვა, თუმცა პასუხი ვერ მოვისმინე. შემიძლია ვივარაუდო, რადგანავიცი ყველა ის სქემა, რომელიც ფინანსურ სფეროში თამაშდება.
მაგრამ ეს იქნება ჩემი ვარაუდი და არ მინდა ვარაუდების დონეზე გითხრათ, თორემ, დაახლოებით ვიცი, თუ რატომ მოხდა ეს, თუმცა ჯერ მთავრობის პასუხების დროა, მოვითმინოთ და ადრე თუ გვიან, თუკი მთავრობა არ იტყვის, ჩემს ვარაუდს აუცილებლად ვიტყვი.
- საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. რამდენად ეთანხმებით ამ პოზიციას და რა ცვლილებებს ხედავთ ამ კუთხით 2008 წლის ევროობლიგაციის გამოშვების შემდეგ, რამდენად შეუწყო ხელი ამან ეკონომიკის განვითარებას?- ვეროობლიგაციებით ფულის სესხებასა და ინვესტიციების შემოსვლას შორის კორელაცია, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ თუ სესხი რაღაცას გააუმჯობესებს და კარგ სასტარტო პირობებს შექმნით, მაშინ გაუმჯობესებულ გარემოში შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს სურვილი დააბანდოს თანხა,
მაგრამ ჩვენ არ ვიცით, თუ სად დაიხარჯება ეს ფული და ვერც მივაგენი იმას, რომ ვინმემ იცოდეს ამ თანხის დანიშნულება.
- "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით ევროობლიგაციების გამოშვება საშუალებას მისცემს ბანკებს, რესურსები უფრო იაფად მოიზიდონ, რაც, თავის მხრივ, სესხის გაცემას უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით გაცემას გამოიწვევს. თქვენი აზრით, რამდენად შეუძლია ევროობლიგაციებს დადებითი ზეგავლენა იქონიოს საბანკო სექტორზე?- რომ ვიცოდეთ რაში გამოიყენება ეს სესხი, შემიძლია ბატონი ვახტანგის ნათქვამთან დავაკავშირო, მაგრამ მისი ნათქვამი და მთავრობის მიერ აღებული სესხი ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს მოზიდული ფული რაღაც სახელმწიფო პროგრამაზე იქნება მიმართული, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული იქნება კერძო სექტორის სესხებთან, მაშინ შევძლებდი გამეგო მისი აღფრთოვანება.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდება ინფლაციის ერთნიშნულიან მაჩვენებელზე ჩამოყვანა და რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?- ფასების ზრდა, ალბათ, კიდევ გაგრძელდება. გაგრძელდება იმიტომ, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად. ვთვლი, რომ ეს არ იქნება ძალიან სწრაფი ტემპებით ზრდა, მაგრამ მას ექნება სტაბილური სახე. ზუსტად თქმა მიჭირს, მაგრამ აუცილებლად გაიზრდება. რატომ იზრდება კრიზის პირობებში ფასები, მაშინ როდესაც ფასების ზრდა, ინფლაცია დაკავშირებულია ეკონომიკის სწრაფ განვითარებასთან. მთელს მსოფლიოს უჭირს. ხედავთ თუ რა სიტუაციაა ყველგან, საქართველოში კი ფასები გარბის და ეს იმიტომ ხდება, რომ უზარმაზარი სახელმწიფო ხარჯებია, სამთავრობო წილი ეკონომიკაში უზარმაზარია და მშპ-ს 40%-ს აღწევს.
ქვეყანაში არ არის კონკურენტული გარემო, არის მონოპოლიები, ფასები არ კონტროლდება, მთელი ქართული ბაზრის სხვადასხვა სეგმენტი კარტერული გარიგებების ბატონობის ქვეშაა და რამდენიმე მსხვილი იმპორტიორი თითოეულ სეგმენტზე მხარდაჭერილ სიტუაციაში ზრდის ფასებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მომავალში ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ.
ესაუბრა ნინი ლეკიშვილი