რამდენად სწორად ითვლის უმუშევრობას "საქსტატი"საქართველოს ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე დღესდღეისობით, დაახლოებით, 16.9%-ია. თუმცა, ჩნდება კითხვა, - რა დგას ამ ციფრის უკან. ვინ ითვლის, როგორ ითვლის და რა კრიტერიუმებით არჩევენ დასაქმებულებსა და უმუშევრებს.
ზოგადად, ნებისმიერი კვლევის ჩატარებისას ყურადღება არა მარტო მის შედეგს, არამედ კვლევის მეთოდსაც ექცევა. კვლევის შედეგი სწორედ იმ მეთოდზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის კვლევა ტარდება. მარტივადაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მისაღებად, კვლევის შესაბამისი მეთოდი შევარჩიოთ. საინტერესოა, ქართველი სტატისტიკოსები უმუშევრობის დონის გაზომვის რომელ მეთოდს იყენებენ და როგორ განსაზღვრავენ ჩვენს სტატუსს. ალბათ, ზოგიერთ მკითხველს გაუკვირდება, თუ აღმოაჩენს, რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით, დასაქმებულია.
საქართველოში უმუშევრობის შეფასება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება. გამოკვლევას ყოველკვარტალურად აწარმოებენ, რომლის დროსაც 6,700 შინამეურნეობისა და 15 წლის ასაკს გადაცილებული მოქალაქეების გამოკითხვა ხდება. თუ თქვენ არ იმყოფებით შინამეურნეობაში 12 ან მეტი თვის განმავლობაში, ან სამხედრო პირი ბრძანდებით, არ შედიხართ გამოსაკითხთა რიგებში. ასევე არ წარმოებს საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ინტერნატებში და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მცხოვრები პირების გამოკითხვა.
საინტერესოა, რომ ქვეყნის სპეციფიკიდან და გაეროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დასაქმების ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული. ეს ხდება იმიტომ, რომ საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია, ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი ძალიან მაღალი.
ნებისმიერ საქმეში, მითუმეტეს კვლევის განხორციელებისას, ყველაზე მნიშვნელოვანია განმარტებები და დეფინიციები. დამეთანხმებით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. ამგვარად, "საქსტატის" ვებ-გვერდის მიხედვით, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ განმარტებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით ხორციელდება, დასაქმებული არის 15 წლის ან უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით (სულ მცირე, ერთი საათი მაინც), ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. მარტივად, თუ თქვენ წინა კვირაში 1 საათის განმავლობაში რომელიმე კომპანიის ე.წ. ფლაერები დაარიგეთ, და ამაში 5 ლარი გადაგიხადეს, დასაქმებული ხართ. ასევე, თუ თქვენს დასაქმებულ მეგობარს დახმარების ხელი გაუწოდეთ და ვთქვათ, უფროსთან გასაგზავნი წერილი დაუბეჭდეთ, გილოცავთ, თქვენ დასაქმებული ხართ.
რაც შეეხება დაქირავებულს: `დაქირავებული არის 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე, პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობს შვებულების, ავადმყოფობის, წარმოების დროებით გაჩერების, სამუშაოდან დროებით დათხოვნის ან მსგავსი მიზეზების გამო~. სამწუხაროდ, საქართველოში დროებითი დათხოვნა ძირითადად უმუშევრობით სრულდება ხოლმე. თუმცა, ალბათ, არის იშვიათი გამონაკლისებიც.
ყველაზე საყურადღებოდ თვითდასაქმებულის განმარტება მიმაჩნია, რადგან საქართველოში დასაქმებულების უმეტესი წილი თვითდასაქმებულია: `მესაკუთრის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში, მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი~. თუმცა აქვე არ შეიძლება არ დავამატოთ, რომ `თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი რომ მას ჰქონდეს ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ”, `თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში. მაგალითად, აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი, რომლიდან მიღებულ პროდუქციას იყენებს, როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ასევე გასაყიდად~. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალბატონი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული ერთ-ერთ ოჯახთან, და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ოჯახის ბინის დალაგება-დასუფთავებაში ერთი დღის განმავლობაში იღებს 20 ლარს, დასაქმებულია. ასევე, თუ ინტერნეტთან მწყრალად მყოფ მამათქვენს, რეგულარულად ეხმარებით საქმიანი ელექტრონული ფოსტის გაგზავნაში (ფაქტიურად წვლილი შეგაქვთ ოჯახური ბიზნესის განვითარებაში), თქვენ დასაქმებული ბრძანდებით.
ვერც კი წარმოიდგენდით, რომ სოფლად მცხოვრები თქვენი ახლობელი დასაქმებულია. დიახ, ის თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადის, რამეთუ მას მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც სურვილისამებრ ამუშავებს ხოლმე, ასევე უვლის შინაურ ცხოველებს და ამით ასაზრდოებს საკუთარ თავს. დამიჯერეთ, არც თქვენი ახლობელი ფიქრობდა, რომ დასაქმებულია.
"საქსტატი" დასკვნის სახით გვიკონკრეტებს სამუშაოების სახეობებს და წერს, რომ "სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსების მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდნენ შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და, შესაბამისად, "საქსტატის" მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლებიან”. ალბათ, თვითონვე ხვდებიან, რომ ძალიანაც გადასარევი და სრულყოფილი კვლევის მეთოდოლოგიით არ ვსარგებლობთ, თორემ მრავალჯერ არ აღნიშნავდნენ, რომ ეს მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა შემუშავებული. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული თვალსაზრისით სუბიექტური მოსაზრებაა. სუბიექტური მოსაზრებაა აგრეთვე ის, რომ ძნელად დასაჯერებელია თბილისში რომელიმე ტაქსის მძღოლი თავს დასაქმებულად გრძნობდეს, ან რომელიმე რეპეტიტორი, საშუალო სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებას არ ცდილობდეს.
სამწუხაროდ, როგორი კვლევის მეთოდსაც არ უნდა ვიყენებდეთ, ფაქტია, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე მაღალია და აუცილებელია უმუშევრობის შესამცირებელი ზომების მიღება.
ეკა ღვინჯილია