
გაზეთი აგრძელებს ბრძოლას პოზიციების შენარჩუნებისთვის. მიუხედავად ერთ-ერთი გავლენიანი ეკონომიკური სახელმწიფო უწყების მიერ ორგანიზებული კამპანიისა, რომელიც "ბ&ფ"-ს განადგურებას ისახავს მიზნად, გაზეთი ჩვეული პერიოდულობით გამოდის და, როგორც ჟურნალისტებს სჯერათ, შეძლებენ მუშაობის წარმატებით გაგრძელებას.
მხარდამჭერ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ უნდა მოხდეს მოცემული უწყების მხრიდან ზეწოლის განეიტრალება და საერთოდ, თავისუფალი მედიის დაცვა, რაც სამი მთავარი მიმართულებით უნდა განხორციელდეს. თავისუფალ მედიას ებრძვიან ფინანსური წყაროების გადაკეტვით, დისტრიბუციის სისტემის მონოპოლიზებით და საჯარო ინფორმაციის დაბლოკვით. აქ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება.
გაზეთის ხელმძღვანელებმა გამოხატეს მადლიერება მკითხველებისადმი, საზოგადოებისადმი, პოლიტიკოსებისადმი, ბიზნესმენებისადმი, ჟურნალისტებისადმი, საინფორმაციო სააგენტოებისადმი, დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისა და ინტერნეტ-მედიისადმი, გაზეთ "რეზონანსისა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებისადმი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.