ნანახია: 420
"ბიზნეს სოფტვეარ ალიანსი" (BSA) საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებისა და კომპიუტერულ პროგრამებზე საავტორო უფლებების დარღვევის ხვედრითი წილის შემცირების მიზნით მოქმედებას იწყებს, რომელიც საქართველოში ისეთი კომპანიების უფლებებს დაიცავს როგორიცაა: Adobe, Apple, Microsoft, Siemens და ა.შ.
ალიანსი, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე დაფუძნდა, ამჟამად 80 ქვეყანაში მუშაობს და მალე, მოხმარებიდან უკანონო პროდუქციის ამოღების მიზნით, ქართული მსხვილი კომპანიების გაფრთხილებას დაიწყებს.
მედიის წინაშე საქართველოს წარმომადგენლობა ოფიციალურად 28 აპრილს წარსდგა და პრესკონფერენციაც გამართა. საქართველოში ალიანსის იურისტის ალექსანდრე ბოლქვაძის თქმით, "ბი-სი-ეი" დაიცავს მისი წევრების კანონიერ უფლებებს, ინტელექტუალური საკუთრების კუთხით, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება. ,,ეს პრობლემა რამდენიმე დღეში ვერ გამოსწორდება, თუმცა, კამპანიას ეტაპობრივად დავიწყებთ. საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი გათვალისწინებულია, თუმცა, აღსრულება არ ხდებოდა", - ამბობს ბოლქვაძე.
კომპიუტერული პროგრამების არაავტორიზებული ასლების გადაღება, რეპროდუქცია, დისტრიბუცია და გამოყენება კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა თანამედროვე ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის.
რამდენიმე წელია, რაც საქართველომ განაცხადა, რომ სურს ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს, რომ არსებობს რიგი საკანონმდებლო რეფორმებისა, რომელთა გატარება აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად. აღნიშნული მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის გაძლიერებას და კომპიუტერულ პროგრამებზე საავტორო უფლებების დარღვევის ხვედრითი წილის შემცირებას.
"გლობალური ბაზრის კვლევის ორგანიზაციის" ("აი-დი-სი") 2009 წლის კვლევის მონაცემებით, პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის დონე საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 95% რჩება.
შეხვედრას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასიც ესწრებოდა. მისი თქმით, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში ამერიკული მხარე საქართველოს მთავრობასთან მუშაობდა.
,,ამ კუთხით საქართველოს დიდი პროგრესი არ აქვს მიღწეული, ჩვენ საქართველოს ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ბასმა.
"საქპატენტის" ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე ამბობს, რომ არალეგალური პროგრამების მოხმარების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. "სამთავრობო სტრუქტურები აპირებენ, რომ ეს შეიცვალოს და ლეგალური სოფტვეარების მოხმარებაზე გადავიდნენ. რაც შეეხება კერძო სექტორს, საბანკო სექტორში ეს ნაწილობრივ მოწესრიგებულია", - განაცხადა ღვალაძემ და იქვე დასძინა, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობენ ამ კომპანიას, რათა საქართველოში მდგომარეობა მოწესრიგდეს.
"ბი.ეს.ეი"-ს წევრი კომპანიებია: Adobe, Apple, Autodesk, AVEVA, Bentley Systems, Bitdefender, SNS, Corel, Microsoft, Siemens, Symantec და სხვა. პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის შემცირება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს და "ბი.ეს.ეი" მზადაა მხარი დაუჭიროს ამ წამოწყებას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის. პრესკონფერენციაზე "ბი.ეს.ეი"-ს წარმომადგენლებმა ქართულ ბაზარზე თავიანთი გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.
|