"საკომისიოს უნდა იხდიდეს არა მომხმარებელი, არამედ ის ორგანიზაცია, რომელსაც ბანკი სერვისების განხორციელების სახით ემსახურება" - ლევან კალანდაძეკომერციული ბანკი ანაბრის მიღებისა და სესხის გაცემის გარდა, მომხმარებელს ბევრ სხვა მომსახურებას სთავაზობს, მათ შორისაა: ფულადი გზავნილები, კომუნალური გადასახადები, ვალუტის გადაცვლა და სხვა. ბანკი ფინანსური შუამავლის როლს მოსახლეობასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორისაც ასრულებს, კერძოდ კი, სხვა და სხვა ჯარიმების, საჯარო რეესტრის მომსახურების, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, პარკირების თუ სხვა გადასახდელების ბანკში გადახდის სახით. აღნიშნულ მომსახურებას კი ჩვენთან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული რამდენიმე მსხვილი ბანკი ახორციელებს.
კომერციულ ბანკებში სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურება ფასიანია და ნებისმიერი მოცულობის თანხაზე ფიქსირებულ ერთ ლარს შეადგენს. ერთი შეხედვით საკომისიოს სახით გადახდილი ერთი ლარი არც ისე დიდ თანხას წარმოადგენს, მაგრამ თუ დავიანგარიშებთ, არც ისე ცოტაა. მაგალითად, 5 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ერთი ლარის ოდენობის საკომისიო, გადასახდელი თანხის 20%-ს შეადგენს და 100 ლარის გადახდის შემთხვევაში კი 1%-ს. აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკების მიდგომა მოქალაქეებისადმი არც ისე სამართლიანია, რადგან ნებისმიერი მოცულობის ტრანზაქციას ფიქსირებული თანხით, ანუ ერთ ლარად ემსახურებიან. მაშინ როდესაც საბანკო გადარიცხვის ღირებულება მხოლოდ 0,2 ლარს შეადგენს.
"კომერციული ბანკების ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობისადმი არაა სამართლიანი, რადგან საკომისიო ყოველი კონკრეტული ტრანზაქციის ოდენობის შესაბამისი უნდა იყოს. ანუ ასი ლარის თუ ათი ლარის გადახდის შემთხვევაში მოქალაქე ბანკის ერთი და იგივე რაოდენობის საკომისიოს არ უნდა უხდიდეს”, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფო მოსახლეობის უფლებებს არ იცავს, ამიტომაა, რომ ბანკები თავისთვის სასარგებლო პოლიტიკას ატარებენ.
"უფრო მეტად ამ პრობლემის სხვა კუთხე მაშფოთებს. მომხმარებელი არაა დაცული ბანკში გადასახადებისა თუ გადასახდელების გადახდის დროს, შესაბამისად, მოქალაქე არაა ვალდებული გადაიხადოს, მაგალითად, რომელიმე ორგანიზაციისთვის გადასარიცხი თანხისთვის დამატებით მოსაკრებელი.
კომერციული ბანკი ამა თუ იმ ორგანიზაციასთან, თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, ერთმანეთისთვის სერვისის მიწოდების თაობაზე, ხელშეკრულებას აფორმებს. ამ სერვისის განხორციელების საფუძველს კი მოქალაქეებს გვკიდებენ ზურგზე. რაც არასწორია და ის მარეგულირებელი კომისიების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. იმიტომ, რომ ეს მომსახურეობა არაა რომელიმე მოქალაქის მომსახურეობა, ბანკი ამ შემთხვევაში ემსახურება "თელასს", "ყაზტრანსგაზს", დასუფთავების სამსახურს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურას. მათთვის სერვისების განხორციელების სახით, ეს მოსაკრებელი სწორედ ამ ორგანიზაციებმა უნდა გადაიხადონ და არა მოქალაქეებმა, რადგან მოსახლეობიდან თანხის ამოღება სწორედ რომ ამ ორგანიზაციების სასარგებლოდ ხდება. უბრალოდ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში დაუცველი დატოვა საკუთარი მოქალაქეები”, - აღნიშნავს კალანდაძე.
ბანკში სახელმწიფო სტრუქტურის მომსახურებისთვის გადახდილი ერთი ლარი, ზოგიერთი გადამხდელისთვის უმნიშვნელო, ზოგისთვის კი ბევრია. ეს კი მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ ტრანზაქციის მომსახურების პროცენტი უნდა იყოს ფიქსირებული და არა თანხა. თუმცა მაშინ, როდესაც სესხებსა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მცირდება, ინფლაცია იზრდება, კომერციული ბანკი სწრაფ მოგებაზეა ორიენტირებული, კერძოდ კი გადარიცხვებისა და მომსახურების საკომისიოებზე და არა გრძელვედიანი სტრატეგიების შემუშავებაზე, რომელიც გაცილებით მეტ რისკთანაა დაკავშირებული. საკომისიოებიდან მიღებულ სარგებელზე კი არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში ბანკს დანაკარგი ნაკლები აქვთ.
თეონა ჭიტაძე