ნანახია: 402
საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ამ შინაარსის განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს. გავლენიანი მსოფლიო ორგანიზაცია ამის მიზეზად ქვეყანაში კერძო დაზღვევის მასშტაბების სიმცირეს ასახელებს. ორგანიზაციის კვლევიდან ირკვევა, რომ მართალია, ღარიბი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯანდაცვის სახელმწიფო პაკეტს ფლობს, მაგრამ სამედიცინო დაზღვევის რომელიმე ფორმით მხოლოდ მთლიანი მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი სარგებლობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაბალი სადაზღვევო დაფარვა მნიშვნელოვნად ამცირებს სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობას. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნას ეთანხმება. თამარ ლობჟანიძის თქმით, დაზღვევის თემატიკა საქართველოსთვის პრობლემატურია. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა 5 ლარიანი დაზღვევის გამოტანით მოქალაქეების დაზღვევის ქოლგის ქვეშ შეყვანის მცდელობა, თუმცა მოსახლეობა ამ პროცესისადმი ინერტული აღმოჩნდა. სპეციალისტის განცხადებით, იმისთვის, რომ დაზღვევამ მოსახლეობა მიიზიდოს, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, საჭიროა სადაზღვევო კულტურის ფორმირება, რასაც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი სტრატეგია სჭირდება, ასევე რეალური პროდუქტების შეთავაზება გასაგებ ენაზე. მისი განმარტებით, სახელმწიფომ კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიის სუბსიდირება უნდა მოახდინოს, რომელიც შედეგად კარგ სადაზღვევო პროდუქტებს შესთავაზებს მომხმარებელს.
|