ნანახია: 405
"ლიბერთი ბანკი" ეროვნულ ვალუტაში ანაბარზე 14%-დან 39%-მდე სარგებელს, ხოლო კრედიტს 14%-ად (ან ნაკლებად) გვთავაზობს
"ლიბერთი ბანკმა" ბაზარზე ანაბარი "პატრიოტი ქომაგი 2011" გამოიტანა, რომლის საპროცენტო განაკვეთი ბანკის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული კრედიტების ღირებულებას ბევრად აღემატება. აღნიშნული ანაბრის გახსნა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი და იგი რაგბისა და კალათბურთის ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრებისთვისაა განსაზღვრული. აღნიშნული აქცია "ლიბერთი ბანკმა" გასული წლის ნოემბერში დაიწყო - მოთხოვნამდე ანაბარით "პატრიოტი”, რომელიც რაგბის სპონსორობის ფარგლებში გამოიტანა და აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს წლიურ 10%-იან სარგებელს სთავაზობდა. მიმდინარე წელს კი ბანკმა "პატრიოტის" სახეცვლილი ვარიანტი "პატრიოტი ქომაგი 2011" გამოიტანა. პატრიოტი ქომაგი 2011 "ლიბერთი ბანკის" თვისობრივად ახალი ვადიანი ანაბარია, რომელიც კლიენტს წლიურ 14%-იან საბაზისო საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს, თუმცა ანაბრის მაქსიმალურმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შესაძლოა 39% შეადგინოს. წლიური საპროცენტო განაკვეთის ზრდა დამოკიდებულია საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე რაგბის მსოფლიო თასზე, რომელიც გაიმართება ახალ ზელანდიაში 2011 წლის 9 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით. რაც უფრო წარმატებულად იასპარეზებს საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო თასზე, მით უფრო მეტი დამატებითი სარგებელი დაერიცხება ყოველ გახსნილ ანაბარს. გარდა ამისა, "ლიბერთი ბანკი" საკუთარი ხარჯით, მეანაბრეთა სახელით საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს გადასცემს პრემიას და ამით დაუფასებს მათ წარმატებას. პრემიის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს ჯამში გახსნილი "პატრიოტი ქომაგი 2011"-ის პორტფელის 8%-ს. რაც მეტი შეგროვდება ანაბრის თანხა, მით მეტი იქნება პრემიის მოცულობა. ბანკმა იგივე სახის ანაბარი "პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთი" ბაზარზე კალათბურთის გულშემატკივრებისთვისაც გამოიტანა. მისი საბაზისო განაკვეთი ასევე 14%-ია და სარგებელი იმავე პრინციპით, ნაკრების წარმატების შესაბამისად გაიზრდება. კალათბურთის შემთხვევაში ანაბრის მაქსიმალურმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შესაძლოა 24% შეადგინოს. "ლიბერთი ბანკი" ამ შემთხვევაშიდაც საკუთარი ხარჯით, მეანაბრეთა სახელით საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გადასცემს პრემიას და ამით დაუფასებს მათ წარმატებას. პრემიის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს ჯამში გახსნილი "პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთის" პორტფელის 4.5%-ს. რაც მეტი შეგროვდება ანაბრის თანხა, მით მეტი იქნება პრემიის მოცულობა. ზოგადად, საქართველოს საბანკო სექტორში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია, თუმცა არცერთი კომერციული ბანკი, გარდა "ლიბერთი ბანკისა", ანაბარს 14%-დან 39%-მდე სარგებელს არ არიცხავს. როგორც ვიცით, ანაბრის ღირებულება სესხებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს. თუმცა "ლიბერთი ბანკის" შემთხვევაში პირიქითაა. ანაბარზე 14%-დან 39%-მდე სარგებლის დარიცხვის პარალელურად, 'ლიბერთი ბანკი" იპოთეკურ კრედიტებს, ეროვნულ ვალუტაში, 14%-ად (ან ნაკლებად) სთავაზობს მომხმარებელს, რაც ექსპერტთა შეფასებით ალოგიკური და წარმოუდგენელია. "როგორც წესი, დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი ყოველთვის დაბალია, ვიდრე კრედიტად გაცემული თანხის საპროცენტო განაკვეთი. ეს მიღებული წესია, რომ ბანკი ადამიანებისგან, ორგანიზაციებისგან სესხულობს თანხას დეპოზიტის სახით და გასცემს შემდეგ კრედიტს მომატებული სარგებლით. კონკრეტულად რა ხდება "ლიბერთი ბანკის" სადეპოზიტო პროდუქტთან და შემდეგ სესხთან გაცემასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით. თუმცა ასეც არ ხდება ხოლმე, რადგან 14-დან 39%-მდე სარგებლის დარიცხვა დეპოზიტზე ალოგიკურია. საინტერესოა, რა ქვენარე საფუძველი შეიძლება ედოს ბანკის აღნიშნულ განცხადებას” - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. რას შეიძლება დავუკავშიროთ ბანკის მიერ დეპოზიტის ასეთ მაღალ პროცენტად გამოტანა? - ამ კითხვაზე ბანკი პასუხს არ გვაძლევს. ა/ო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ბანკის მიერ ბაზარზე ასეთი მაღალი სარგებლით დეპოზიტის გამოტანას ლარზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. "ბანკის მიერ ბაზარზე ასეთ მაღალ პროცენტად დეპოზიტის გამოტანა მიანიშნებს, რომ კონკრეტულ კომერციულ ბანკს და ზოგადად საბანკო სექტორში, ლარზე მოთხოვნა გაზრდილია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ეროვნული ვალუტა ბოლო ოთხი თვეა გამყარების ტენდენციით ხასიათდება", - აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.
თეონა ჭიტაძე
|