ნანახია: 566
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტები, ხელმძღვანელები და გამომცემლები საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელზე ახალ მიმართვას ავრცელებენ
"ჩვენ, გაზეთ "ბანკები და ფინასების" ჟურნალისტებმა, ხელმზღვანელებმა და გამომცემლებმა თქვენ და ბატონებს, გიგა ბოკერიას და ვანო მერაბიშვილს მოგმართეთ მედია საშუალებებით აღგეკვეთათ ერთ-ერთი გავლენიანი ეკონომიკური უწყების მიერ ორგანიზებული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს გაზეთის განადგურებას, რეკლამის მომცემების დაშინებას და მათთვის გაზეთთან თანამშრომლობის აკრძალვას. ჯერ-ჯერობით, ჩვენს ამ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ უწყებასთან დაახლოებული პირები გვითვლიან მუქარებს, განსაკუთრებით აქტიურობს ამ უწყების აპარატის უფროსი. ჩვენ, გამომდინარე სახელმწიფო ინტერესებიდან, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ ეს ისედაც უავტორიტეტო და არაკომპეტენტურ სახელისუფლო ინსტიტუტების იმიჯს კიდევ უფრო შელახავს, აგრეთვე ჩვენი ინფორმაციის წყაროების საფრთხის წინაშე დაყენების თავიდან ასაცილებლად კონკრეტულ უწყებას და ფაქტებს არ ვასახელებთ, თუმცა, თქვენი ინფორმირებულობის ხარისხიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი ვართ უკვე საქმის კურსში ბრძანდებით, ვინ და რა მეთოდებით გვებრძვის. ამჯერად გაისმა ახალი მუქარები. იგი, ჩვენი ინფორმაციით, მოდის ამ უწყების აპარატის უფროსიდან. შემოგვითვალეს, - კარგად გვახსოვდეს, რომ ისინი ნამუშევრები არიან პროკურატურაში და ფრთხილად იყონ, თავს რამე არ მოსწიონო”. ბატონო ზურაბ, როდის აქეთ გახდა პროკურატურა კანონმორჩილი და უდანაშაულო ჟურნალისტების დაშინების საშუალება, ეს ის პროკურატურაა, რომელმაც კრიმინოგენური სიტუაცია გააუმჯობესა, რაც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, პირადად თქვენი ღვაწლის გამორჩევით, არაერთგზის აღინიშნა? ახლა იმის გამო უნდა დავისაჯოთ, რომ ელიტური კორუფციის, არაკომპეტენტურიობის, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის და მონოპოლიების პარპაშის მხილების დროს `ზედმეტი მოგვივიდა”? ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია ბიბლიაზე ხელი დავადოთ და დავიფიცოთ, რომ რასაც ვამბობთ, აბსოლუტური სიმართლეა. სხვა მხრივ, ჩვენ ვართ ძალმომრეობისა და შანტაჟის მსხვერპლნი. ბუნებრივია, თუ შესაბამის პირებს დაკითხავთ, ისინი ამ ფაქტს უარყოფენ, რადგან კარგად იციან, რომ ამის აღიარება მათთვის უაღრესად სახიფათოა და ბევრ უსიამოვნებას შეამთხვევს. ჩვენ კი სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ თქვენ, სახელმწიფოს ერთ ერთ ლიდერსა და საზოგადოებას მივმართოთ: დაგვიცავით გათავხედებული სახელმწიფო მოხელებისგან. მართლა და მართლა, ქვეყანაა, თუ შუშის სამხეცე?”
ნოდარ ჭიჭინაძე ნინო თამაზაშვილი ციცო კაიკაციშვილი გიორგი გიორგაძე თეონა ჭიტაძე ვაჟა ბერიძე მერაბ ჯანიაშვილი ზურაბ კუკულაძე
|