ნანახია: 1088
- ბატონო ნოდარ, ქართულ ეკონომიკაში ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი შემომქმედის კახა ბენდუქიძის წასვლა მთავრობიდან. სხვა საკითხია, რეალურად გაუშვეს, თუ უბრალოდ თვალს მოაფარეს, ეს მართლაც ოდიოზური ფიგურა. საუბრის დასაწყისში, თქვენთან, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელთან, მინდა შევაფასოთ ის რეფორმები, რომლებიც ეროვნულ ბანკში ბენდუქიძის ინიციატივებით გატარდა, როგორი ეროვნული ბანკი დატოვა ბენდუქიძემ? - მე მინდა ქართველ ჟურნალისტებს გთხოვოთ, კონკრეტულ პერსონებზე, თუნდაც, ბენდუქიძისნაირ პერსონებზე დიდ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში ბენდუქიძის იდეები ძალიან დიდ მხარდაჭერას პოულობდა, ამიტომ ბენდუქიძის წასვლით არაა გარანტირებული, რომ იდეები მოიხსნა. ვერ გეტყვით, ამ იდეების გენერატორი თვითონ ბენდუქიძე იყო, თუ ის უბრალოდ გამახმოვანებელი თუ განმახორციელებელი. მე არ ვფიქრობ, რომ ბენდუქიძე, მიუხედავად მისი ფიგურის სერიოზულობისა, ყველაფერს საზღვრავდა. ჩემი აზრით, იგი ხშირად იდეების გამმხმოვანებელი იყო. საერთოდ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესუსტება თანდათან დაიწყო. მე არ ვიცი რა ხდება კანონმდებლობაში, არც კი ვიცი კანონი იმდენჯერ შეცვალეს. არ დამავიწყდება, როცა მაშინდელი პრემიერი, ნოღაიდელი გამოვიდა და უბრალო განცხადებით მოხსნა იმდროინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და განცხადებითვე დანიშნა ახალი. დარწმუნებული ვარ, ნოღაიდელმა უბრალოდ არ იცოდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელს თავხედობა ყოველთვის ყოფნიდა, რომ კანონს, კონსტრუქციას და ნებისმიერ ღირებულებას გადახტომოდა. კიდევ ერთ სახასიათო ფაქტს გავუსვამ ხაზს, როდესაც რომელიმე ბანკი იხსნებოდა პრეზენტაციაზე პირველ სიტყვას ამბობდა პრემიერი, იმდროინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი, მეზობლის ბავშვივით, იდგა გვერდზე. ამით ეროვნულ ბანკს უთხრეს - ეს შენი საქმე არ არის და გვერდზე მიიწიე!. პრემიერი შეიძლება ბანკების პრეზენტაციაზე სტუმრად მიიწვიო, მაგრამ პრემიერს ბანკებთან არაფერი არ ესაქმება, რადგან ბანკების "მამა" და საბანკო ზედამხედველი ეროვნული ბანკია. ეროვნულ ბანკში ჩემი მუშაობისას, იმდროინდელი პრემიერი - ფაცაცია, არასოდეს ჩარეულა ჩემს კომპეტენციაში. ასეთი მუშაობის შედეგად 1995 წელს ჩვენ ისეთი საბანკო კანონმდებლობა დავამუშავეთ და მივიღეთ, რომ საფრანგეთის ცენტრალური ბანკის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, რომელიც შემდეგ ევრობანკის მმართველი გახდა, მითხრა – ნეტა, ჩვენ როდის მივაღწევთ დამოუკიდებლობის იმ დონეს, რაც თქვენ ახლა მიიღეთ კანონმდებლობითო. 2004 წლის შემდეგ სავალუტო ფონდის ინიციატივით რეფორმები დაიწყო, სამწუხაროდ, ყველაფერი მათთან იყო შეთანხმებული. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნერგავდა საკანონმდებლო მიმართულებით აზრის ცვლილებას. სავალუტო ფონდის მონაწილეობით, ჩვენი ეროვნული ბანკი პრაქტიკულად დაინგრა. ამაში უშუალოდ მონაწილეობდა სავალუტო ფონდის ყოფილი მუშაკი, რომელიც დღესაც არის ზედამხედველობის რომელიღაც ბიუროს ხელმძღვანელი. კანონი ჯერ კიდევ არ იყო შეცვლილი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა, რეალურად დაკარგა ბანკებზე კონტროლი. ეს დღეს შექმნილ სიტუაციას ყველაზე მეტად განაპირობებს. ქართულ საბანკო კრიზისს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ნურავინ აბრალებს. როდესაც ბანკებმა გაიგეს, რომ აღარ არის საჭირო ნორმატივების დაცვა, ანუ მათ საკრედიტო პორტფელებს არავინ უყურებდა, ელემენტარულად, მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაიწყეს, სამომხმარებლო და იპოთეკური კრედიტების გაცემა. რა მივიღეთ ამით? მთლიანად საზოგადოებამ და ეკონომიკის სხვადასხვა დარგმა არასწორი სიგნალი მიიღეს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კრედიტებით ცხოვრობდა, შეიქმნა ვირტუალური კეთილდღეობა, რაც, ბუნებრივია, მალე დაიმსხვრა. ეროვნული ბანკს, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ყოველთვიურად, კვარტალურად და ყოველწლიურად, უნდა მოეთხოვა კომერციული ბანკებისთვის ყველა აუცილებელი ნორმატივის დაცვა, მათ შორის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ლიკვიდობის, რომლის შესახებაც საერთაშორისო ვალდებულებებიც გვაქვს აღებული. ერთი სიტყვით, მინდა ვთქვა, რომ ქართული კომერციული საქმიანობა არ იყო რეალურად შეთანხმებული ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობასთან, ამ შეთანხმების მიღწევა ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახერხოს. მთავარი პრობლემა რაც ეროვნულ ბანკს შეუქმნეს, არის ის, რომ მას ჩამოართვეს ზედამხედველობის ფუნქცია. ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ განახორციელებს ამას, მთავარია, ვინმემ ზედამხედველობა გაუწიოს. თუმცა, ასე მარტივადაც არ არის საქმე. საბანკო სისტემა ყოველთვის და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, მთელს მსოფლიოში ძალიან რეგულირებადი სექტორი იყო და ეს ნორმალურია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, მაგალითად, მეტალურგიული ქარხნის საქმიანობაში, სახელმწიფო უბრალოდ საზღვრავს მაკროპარამეტრებს და შენ იქ იმუშავე, როგორც გინდა. თუმცა საბანკო სექტორთან დამოკიდებულება გაცილებით ფრთხილი უნდა იყოს. ბანკებისთვის კომიტეტიც კი იყო შექმნილი, ზედამხედველობის ნორმატივების დასამუშავებლად. ბანკის გაკოტრება ეს ჩვეულებრივი მოვლენა არაა. შეიძლება გაკოტრდეს თუნდაც დიდი მასშტაბების საწარმო ან ფირმა, მაგრამ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, მსგავსი საფრთხე უამრავ სხვადასხვა მასშტაბის კომპანიას ემუქრება. ამიტომ, ეროვნული ბანკების მუშაობა და მათი სიძლიერე მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც კი საბანკო სექტორის რეგულირება აუცილებელია. საბანკო სექტორზეა მიბმული მთელი ეკონომიკა, სოციალური სფერო და ასე შემდეგ. ცენტრალური ბანკი ბანკთაბანკი და ბანკების მამაა. ბანკების ზედამხედველობა მან უნდა გასწიოს, რადგან კანონის მიხედვით, ბანკების საქმიანობის შედეგებზე ის აგებს პასუხს. რა ხდება ჩვენს ეროვნულ ბანკში? ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს რაღაც პოლიტიკა, მაგრამ მისი გადაწყვეტილების შესრულების მოთხოვნის უფლება არ აქვს. პასუხს აგებს ეროვნული ბანკი, ხოლო ზედამხედველობასა და საჯარიმო სანქციებს სხვა აწესებს. ეს ყველაფერი მოხდა იმ ორგანიზაციის კარნახით, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა, რომ ასეთი რამ დაუშვებელი იყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაქვს მხედველობაში. დღეს ეროვნულ ბანკს, უბრალოდ, ფუნქცია აღარ აქვს. გაყიდონ ეროვნული ბანკის შენობა და ხალხიც გაუშვან სამსახურიდან, რადგან მე ვერ ვხვდები, რას აკეთებს ეროვნული ბანკი. - გავიხსენოთ, რომ ქართულ საბანკო სექტორში სერიოზული ძვრები ჯერ კიდევ 2008 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, ამ დროს არც მსოფლიო კრიზისზე საუბრობდნენ ასე აქტიურად და არც რუსეთთან კონფლიქტს ველოდით. ამ დროს კომერციულ ბანკებში კრედიტები საკმაოდ გაძვირდა. რატომ მოხდა ასე, რატომ დაიწყო კრედიტების გაძვირება მაისის ბოლოს, იყო თუ არა ეს ფაქტი ქართული კრიზისის პირველი ნიშანი? - ჯერ კიდევ ორი წლის წინ თქვენი გაზეთის ფურცლებიდან და სხვა საშუალებებითაც ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ საბანკო კრიზისი გარდაუვალი იყო. მაშინ მსოფლიო კრიზისის ნიშნებიც კი არ გახლდათ გამოვლენილი. გარდაუვალი იყო იმიტომ, რომ ბანკები არ იცავდნენ ნორმატივებს. საბანკო საქმე ჩვენთან დაემსგავსა პირამიდას, რომელიც სამომხმარებლო კრედიტებსა და სამშენებლო სექტორზე აეწყო. ხშირად კეთდებოდა განცხადებები, რომ ქართულმა საბანკო სისტემამ, ვთქვათ, 5 მილიარდი ლარი დააბანდა ქართულ ეკონომიკაში. ამ 5 მილიარდიდან 3 მილიარდი სამომხმარებლო სამომხმარებლო კრედიტი იყო. ამიხსნან, როგორ არის ეს ფული ქართულ ეკონომიკაში ჩადებული? როცა იაპონურ ან ჩინურ მობილურ ტელეფონს ვყიდულობთ, ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ეს ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ფული არ არის. ჩვენ არ ვაწარმოებთ ამ ტექნიკას, ანუ სამომხმარებლო კრედიტებით ქართული საბანკო სისტემიდან გასული ფული იაპონიის, ჩინეთის, კორეის ან გერმანიის ეკონომიკაში მიდის. ეს ფული ქართულ ეკონომიკაში ჩაიდება მაშინ, მაშინ როცა ქართული პამიდორი, რომელიც გლეხმა მოიწია იმას დააკრედიტებ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დაფინანსება, ეს იმ ქვეყნის დაფინანსებაა, რომელიც აწარმოებს ამ პროდუქტს და მათ ჩვენი დახმარება ნამდვილად არ სჭირდებათ. რაც შეეხება კრედიტების გაძვირებას, მაშინ კითხვები არ გიჩნდებოდათ - თუ კი რეალური ინფლაცია 20%-ია, როგორ იძლევა ბანკი 11%-იან სესხს? 11%-ად თუ იძლევა ბანკი სესხს და ინფლაცია 20%-ია, მაშინ გამოდის რომ 9%-ს ბანკი იქეთ უხდიდა მსესხებელს, არა პირიქით. მაშინ რატომ არ კოტრდებოდა ბანკი? ფაქტი, რომ კრედიტები გაძვირდა, აბსოლიტურად ლოგიკური იყო, ალოგიკური იყო, რატომ იყო დაბალი ფასი მანამდე. მე ვგრძნობ აქ იყო ხელისუფლების ზეწოლა, რადგან ხელისუფლება აცხადებდა, რომ ინფლაცია 6-7% იყო, შესაბამისად, 11%-იანი კრედიტი ბანკისთვისაც ხელსაყრელი გახლდათ. მაგრამ ბანკებმა მშვენივრად იცოდნენ, რა იყო ინფლაციის რეალური ნიშნული. კრედიტების გაძვირებისას ისინი რეალურ ფასს შედარებით მიუახლოვდნენ და, მე ვფიქრობ, ეს იყო ადეკვატური. ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც აღშფოთებული იყო ამით, თუ ეკონომიკურად აუხსნით, დაუმტკიცებთ, რომ ის კრედიტს უფასოდ იღებდა და ახლა დაიწყო კრედიტის საფასურის გადახდა, რეალურად, მხოლოდ ახლა დაიწყო.Kკრედიტი ფასიანია, მაშინ როცა ინფლაციის მაჩვენებელზე მეტია გადასახადი. ოფიციალურ ინფლაციას რეალურ მდგომარეობასთან საქართველოში საერთო არაფერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადებული მონაცემები. როცა მაღაზიაში შევდივართ და რა ფასებიც გხვდება, აი ისაა ყველაზე ზუსტი სტატისტიკა. საბანკო კრიზისი მოსალოდნელი იყო, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო და ცოტა ადრე დაიწყებოდა თუ გვიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. - მსოფლიო და ადგილობრივი კრიზისის ფონზე, ქართულ კომერციულ ბანკებს, ერთის მხრივ, უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული ვალდებულებების დაფარვის დრო დაუდგათ, ასევე მათ სჭირდებათ ფული საქმიანობის გასაგრძელებლად. ფულადი რესურსების ხელმისაწვდომობის გართულების ფონზე, ქართულ საბანკო ბაზარზე სულ უფრო აქტიურდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელიც თითქმის ყველა სერიოზული ბანკის აქტივებს იძენს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს EBRD-ის ასეთ გააქტიურებას ქართულ ბაზარზე? - უცხოური ბანკების შემოსვლა ქართულ ბაზარზე, მე არ მიმაჩნია დახმარებად. თუმცა, როდესაც საუბარია რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შემოსვლაზე, ეს უკვე დახმარებაა, რომ ჩვენი ბანკები საერთოდ არ წაიშალოს. თუმცა, მინდა ვთქვა, მე რომ ვიყი EBRD-ის ხელმძღვანელი, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური ბანკი. ქვეყანაში, სადაც არ არის ცენტრალური ბანკი, იქ არცერთი ბანკი არ არის სანდო. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ძალიან საშიშს ვერაფერს ვხედავ, რადგან ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც მართავს მისი დამფუძნებელი ევროპული ქვეყნები, იქ არ იქნება იდეა, რომ საქართველოს ეკონომიკა დაინგრეს. როგორც ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკაში ვხედავთ. ვფიქრობ, EBRD-ის ხელმძღვანელობა, ან სხვა ნებისმიერი საერთაშორისო საფინანსო ცენტრი, მოითხოვოს, ადგილობრივი ბანკების გაკონტროლებას, ძლიერი საზედამხედველო ინსტიტუტის მიერ. ანუ სანამ ჩვენი ბანკები არ მოექცევიან ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაში ისინი ფულს აქ არ ჩადებენ. ეს იქნება სწორი მიდგომა. - თქვენ უკვე ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მიიყვანა ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ საბანკო სექტორი კრიზისამდე. ისიც ახენეთ, რომ ბანკების ასეთი საკრედიტო აქტივობები დაუშვებელი იყო, რადგან ამას ქართული ეკონომიკის განვითარება არ მოჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ხალხი ვეღარ ისტუმრებს კრედიტებს. კრედიტინფოს "შავ სიაში" უკვე 170 000 ზე მეტი ადამიანია. თქვენი აზრით, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა სახელმწიფომ ამ ადამიანების წინაშე? - ყველამ უნდა ისწავლოს ის, რომ ბანკში ან ნებისმიერ სამეურნეო პარტნიორთან, რომ მიდიხარ, ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე დგება. დღეს მეკითხებიან, რატომ იქცევა ბანკი ასე, მე ვეუბნები, რომ ჩაიხედეთ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია ბანკსა და თქვენს შორის, თუ ბანკი არღვევს ამ ხელშეკრულებას, დააყენეთ საკითხი სასამართლოში, თუ არა, როცა ხელს აწერდით, გაიხსენეთ წაიკითხეთ თუ არა მანამდე, მე დარწმუნებული ვარ, რომ 99%-ს არ წაუკითხავს, ადამიანები უნდა მიეჩვიონ და ზოგ შემთხვევაში მტკივნეულადაც, რომ ხელს მანამ მოაწერ უნდა გაიაზრო, ვალდებულებებზე მიდიხარ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ამ საკითხში, იგი იმაშია დამნაშავე, რომ ეროვნული ბანკი გააუქმა და რითაც ბანკებს, ფაქტიურად, თავაშვებული ქმედებებისკენ უბიძგა, ამან არასწორი სიგნალი მისცა ეკონომიკას, მის კონკრეტულ დარგებს და მთლიანად საზოგადოებას. ზოგადად, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ბანკების და კლიენტების საქმიანობაში სახელმწიფო ჩაერიოს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგებს, სახელმწიფოს მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობაც ეკისრება მეანაბრეების წინაშე. თუმცა, მე ნამდვილად არ ვიცი, რას გააკეთებს ეს ხელისუფლება საზოგადოების დასაცავად, რამდენად აქვს მას ამის სურვილი და უნარი. - თქვენ წამოწიეთ საინტერესო საკითხი, რომ ჩვენი მოსახლეობის 99% ბანკთან დადებულ ხელშეკრულებებს არ ეცნობა. საინტერესოა, თვითონ ეს ხელშეკრულებები. ყველა ძირითადი ბანკის ნებისმიერ ხელშეკრულებაში, გვხვდება პუნქტი, სადაც სხვადასხვა სიტყვებით არის გატარებული შინაარსი, რომ ბანკი უფლებას იტოვებს შეცვალოს ის პირობები, რომელზეც თავდაპირველად მხარეები შეთანხმდნენ. უნდა დაუშვას თუ არა ეროვნულმა ბანკმა, ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მსგავსი კაბალური ხელშეკრულებების დადება? - კაბალური ხელშეკრულებები თუ არსებობს, კარგი იქნებოდა თუ ამით მთავრობა ან ევროპული საბანკო ინსტიტუტები დაინტერესდებოდნენ. მაგრამ ბანკი ხომ არ ძალადობს კლიენტზე, ვინმეს თუ უთქვამს მსგავს ხელშეკრულებას არ მოვაწერ ხელსო? ერთი შემთხვევა თუ ყოფილა, როცა ვინმემ მიმართა ეროვნულ ბანკს, რომ ხელშეკრულება, რომელიც მას დაუდეს კაბალურია. მე არ ვამბობ, რომ ეროვნული ბანკმა რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამის წინააღმდეგ. ჩემი ეროვნული ბანკში მოღვაწეობის დაწყებისას, მთელ საქართველოში სავაჭრო სამრეწველო კომპანიების ბუმი იყო, ე.წ. პირამიდისებული მეთოდით უამრავი ადამიანი გააკოტრეს. მაშინ მე ბევრჯერ გავაფრთხილე ხალხი, რომ არ დაეჯერებინა მათთვის, მაგრამ არავინ დამიჯერა. ხელისუფლება, რასაკვირველია, პასუხს აგებდა ამაზე, მე პირდაპირ მქონდა მიწერილი გენერალური პროკურორისთვის მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. მაშინ სახელოვანი "მამულიშვილები" უკეთებდნენ ამგვარ თაღლითობას რეკლამას, წერდნენ, რომ -"ჩვენ შევიტანეთ ფული, გაორმაგებული მივიღეთ და თქვენც შემოიტანეთ, გაოთხმაგდება თქვენი მოგებაო", - ისინი დასაჭერები იყვნენ ყველანი. მაგრამ ხალხმა მათ პასუხი არ აგებინა. ამ შემთხვევაში, რაც ახლა ჩვენთან ხდება, მთავრობა, ბუნებრივია, პასუხისმგებელია. მე, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევაზე, იგივე ანაბრების თუ მსესხებლების უფლებების დაზღვევა, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან ადვილია, დანაშაულებრივი გარიგებებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული თაღლითობა. თუმცა, როცა ხელისუფლებაა დამნაშავე, მაშინ ვალდებულები არიან, რომ მიიღონ გარკვეული ზომები ხალხის დასაცავად. რაც შეეხება კაბალურ ხელშეკრულებებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, ეს ეროვნული ბანკის საქმე არაა. მაგრამ თუ საზოგადოება, გამოხატავს აღშფოთებას მსგავსი ფაქტებით, ის უნდა დაინტერესდეს და გაიაზროს პრობლემა. ეროვნულ ბანკში ჩემი მუშაობისას, ბანკების ასეთი აღვირახსნილობა შეუძლებელი იყო. დადებული პირობების შეცვლა, აუცილებლად შეცვლის ბანკების მდგომარეობას, რის შემდეგაც მსგავსი დარღვევების დაფიქსირება ძალიან მარტივად მოხდება. როგორც კი პირველი ორი თვის ბალანსი მოვიდოდა და გრძელვადიანი ლიკვიდობა დარღვეული იქნებოდა, მას შევუწყვიტავდით ოპერაციებს და ვეღარ გასცემდა მილიარდებს. ვეტყოდით ჯერ მოიზიდე გრძელვადიანი რესურსი და მერე დააფინანსე სახლების მშენებლობა - კრიზისი საბანკო სექტორის არასწორმა განვითარებამ გამოიწვია. დღევანდელ სიტუაციაში, რამდენად სწორად აგრძელებს ეს სფერო მუშაობას და როგორია თქვენი პროგნოზი, როდემდე გაგრძელდება საბანკო კრიზისი? - ჩვენ უკიდურესობების პირობებში ვცხოვრობთ. რაც უფრო სწრაფად მიექანები, მით მეტად მტკივნეულად მიენარცხები. ანუ თუ წახვალ გაუგებრად და თავდაუზოგავად, ვარდნაც თავდაუზოგავია. ვარდნის დროს არ ეშვები იმ ტემპით, როგორც ასვლისას, ანუ ჩვენ დავეხეთქეთ, თუმცა ვარდნა ჯერ არ დასრულებულა. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ბანკებს უჭირს, მაგრამ გაკოტრებული ბანკი არ გვინახავს, ანუ ვგრძნობ, რომ მსგავსი რაღაცეები მოხდება, ამას EBRD-ის ინექციები ვერ გააჩერებს. რაც შეეხება საბანკო სისტემის განვითარებას, ვფიქრობ, იგი დღეს გაცილებით ადეკვატურია, ვიდრე იყო. მაგრამ ჯერ ეს ვარდნა უნდა გაჩერდეს, ვარდნა ადეკვატურს ყოველთვის ჩაცდება და ადეკვატური მაღლა დარჩება. ვარდნა რომ გაჩერდება მერე შეიძლება განვითარებაზე ფიქრი. როდესაც ევრობანკი წილებში შემოდის, ის მმართველობაშიც შემოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი რეალურად არ გვყავს, მათ კარგად იციან ბანკი, იციან ბაზრის რეკომენდაციების შესაბამისად მართვა. შეიძლება მათ აამაღლონ კიდეც ბანკის მენეჯმენტი, თუ ეს მოხდება, ძალიან კარგი. ისინი დახმარებას საბანკო ინტელექტსაც მოაყოლებენ და მიუხედავად იმისა, ეროვნული ბანკი მოთხოვს თუ არა მათ ნორმატივების დაცვას, ისინი მაინც დაიცავენ ამ ნორმატივებს, რაც ისევ ბანკებისთვის არის კარგი. ნორმატივები ადეკვატურ მოქმედებას გულისხმობს. მხოლოდ აქ ვხედავ დადებით პერსპექტივას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს, მათ შორის ფინანსურადაც, იმ ავანტურაზე, რაზეც მან საზოგადოება წაიყვანა. სახელმწიფომ კეთილი ინებოს და უნდა მოიფიქროს, როგორ დაეხმაროს მის მიერ უპასუხისმგებლო და, ზოგ შემთხვევაში, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით, წახალისებულ და დღეს უკვე დასჯილ საზოგადოებას.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე
|