არც ამ საკითხით დაინტერესებას აპირებს. რატომ? აბა, გამოიცანით!12 აპრილს, ძველი ვალების გადასაფარად, მთავრობამ მორიგი 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა, ამჯერად 10 წლის ვადით.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფასიანი ქაღალდებით უკვე დაინტერესდა 49 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია. საქართველოს მთავრობა ობლიგაციების გამოშვებით 500 მილიონიანი ვალის აღების მთავარ მიზნად ძველი, ხუთ წლიანი ობლიგაციებით ნასესხები 500 მილიონის გასტუმრებას ასახელებს. ევრობონდების გამოშვებით მიღებული კაპიტალის გასტუმრების ვადა 2021 წელს დგება, მანამდე კი საქართველომ ყოველწლიურად ამ თანხის 7.1 პროცენტი (როგორც ფინანსთა - მინისტრი ვარაუდობს) ან 7 პროცენტზე ნაკლები (როგორც პრემიერმა გილაურმა განაცხადა) უნდა გადაიხადოს.
თავიდანვე ტაბუდადებული იყო თემა, თუ სად დაიხარჯა 2008 წლის აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ევროობლიგაციებით საკმაოდ მაღალ პროცენტში ნასესხები 500 მილიონი დოლარი. ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებდა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე მთავრობის წევრები. საკითხი სააშკარაოზე სახელმწიფო სამსახურიდან ბიზნესში დაბრუნებულმა კახა ბენდუქიძემ გამოიტანა. 2008 წლის ზაფხულში, "კომერსანტ ვლასტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, - "2008 წელს ჩვენ ვისესხეთ ნახევარი მილიარდი დოლარი, შემდეგ იყო ომი და ეს ფული გამოგვადგა. ამ თანხით ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. უფრო კონკრეტულად კი დევნილებს ავუშენეთ საცხოვრებელი სახლები, რომელიც მათ საკუთრებაში გადაეცათ. ამაზე 200 მილიონზე მეტი წავიდა, კიდევ საჭიროა 500 მილიონი, მაგრამ ამაზე არ ვწუხვარ. ეს კეთილი საქმეა, რომელიც ქვეყანას შეცვლის".
რა პროექტებს მოხმარდა დარჩენილი 300 მილიონი, ამაზე კონკრეტული პასუხი მმართველ პარტიაში არ აქვთ. თუმცა, მთავრობა დღეს ამტკიცებს, რომ ევრობონდები აგვისტოს ომის შემდეგ დევნილთა პრობლემების მოგვარებას მოხმარდა, რეალურად მთავრობამ ეს თანხა 2008 წლის აპრილში აიღო, საზოგადოების ნაწილშიც კითხვა სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩნდება, სად იყო 500 მილიონი დოლარი 2008 წლის აპრილიდან აგვისტომდე.
"როდესაც 2008 წლის აპრილში გამოვიდა ევროობლიგაციები, ითქვა, რომ ამ თანხის ნახევარი მომავალი თაობების ფონდში გადაირიცხა. თანხის დაგროვება შემოსავლების ნამეტით გამიგია, ნასესხები ფულის დაგროვება კი არ მესმის. ის ხომ ისევ უნდა დააბრუნო თავისი პროცენტით? ვინ აგროვებს ნასესხებ ფულს? ეს დიდ შეცდომაა!
2008 წელს გამოვუშვით ევროობლიგაციები, მაგრამ შემდეგ ამ თემაზე აღარავინ საუბრობდა, არც ხელისუფლება, არც საპარლამენტო უმრავლესობა, არც საპარლამენტო ოპოზიცია, იყო აბსოლუტური დუმილი. როცა 2011 წელს ისევ დადგა ევროობლიგაციების გამოშვების საკითხი, ჩემდა სასიხარულოდ, ეს თემა აქტუალური ქრისტიან-დემოკრატებმა გახადეს, რომლებმაც მთავრობისგან მოითხოვეს პასუხი, თუ სად დაიხარჯა წინა ევროობლიგაციებისგან შემოსული თანხები, ხელისუფლებამ ძალიან მარტივი პასუხი გასცა, – "ომი იყო და მისი შედეგების ლიკვიდაციაზე დავხარჯეთო". აქ უკვე იბადება რამდენიმე სერიოზული კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელია", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ.
ამ კითხვაზე პასუხი ფინანსთა მინისტრმა მხოლოდ ახლახანს გასცა. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდებოდა, მთავრობას ეს ვალი მომავლის განვითარების ფონდში აკუმულირებისთვის სჭირდებოდა. მოგვიანებით, რუსეთ-საქართველოს ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მომავლის განვითარების ფონდის თანხები ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტას მოხმარდა.
"ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებული 500 მილიონი დოლარი მთავრობამ მომავლის განვითარების ფონდში გადარიცხა. როდესაც ომი დაიწყო და დადგა კრიზისი, მთავრობამ აღნიშნული თანხა უკან გადმორიცხა და დახარჯა ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად. ეს ტყუილია! მომავლის განვითარების ფონდის კანონში წერია, რომ მისი ბიუჯეტის დაფინანსება არ შეიძლება სესხად აღებული თანხებით და თუ მაინც ასე მოხდა, გამოდის, რომ მთავრობამ კანონი დაარღვია", - განმარტავს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
მთავრობა ახლაც ასაიდუმლოებს სამომავლოდ ევროობლიგაციებიდან შემოსული თანხის ხარჯვის ობიექტებს. ამბობს, ძველი ვალები უნდა გავისტუმროთო, მაგრამ როგორც ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა აცხადებს, აუცილებელია, წინასწარვე იყოს გაწერილი და საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი, თუ კონკრეტულად რას მოხმარდება სესხად აღებული თანხები.
”2008 წლის აპრილიდან 2008 წლის აგვისტომდე ოთხი თვეა, სად იყო ოთხი თვე ეს ფული? ომისთვის ემზადებოდნენ? მე არ მინდა დავიჯერო, რომ მთავრობა ომისთვის ემზადებოდა.
ომის შემდეგ რომ დაიხარჯებოდა ეს ფული, გასაგებია, მაგრამ პირველი ოთხი თვე სად იყო ეს ფული? პასუხი იმაზეც გასაცემია, თუ როგორ დაიხარჯა ეს ფული 2008 წლის ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის, საჭიროა პარლამენტმა კონტროლის პალატის დასკვნა მოისმინოს და შესაბამისი შეფასება მისცეს მას", - ამბობს ლადო პაპავამ
თუმცა, როგორც კონტროლის პალატაში გავარკვიეთ, აღნიშნულ საკითხზე დასკვნა მათ არ გაუკეთებიათ და არც ახლო მომავალში იგეგმება.
"კონტროლის პალატას კონკრეტულად 2008 წელს აღებულ ევროობლიგაციების ხარჯვაზე საკუთარი დასკვნა არ გაუკეთებია, თუმცა, თქვენ შეგიძლია ნახოთ 2009 წლის მოხსენება, სადაც საგარეო ვალის განყოფილებაში ზოგადად არის განხილული საქართველოს საგარეო ვალი, ასე კონკრეტულად ევროობლიგაციები არ არის შემოწმებული", - აცხადებენ კონტროლის პალატაში.
ნინო თამაზაშვილი