ნანახია: 957
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების ტენდეცია კვლავ აქტუალურია. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ნავთობის ფასების გლობალური დაცემა განაპირობა. რაც, თავის მხრივ, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებით არის გამოწვეული. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ნავთობზე ფასების ვარდნას შემდეგი მიზეზებით ხსნის. პირველი - ეს არის მაღალი სპეკულაციური ფასები, მაშინ როდესაც აღნიშნულ პროდუქტზე, შესაბამისი რეალური მოთხოვნა არ არსებობდა, რაც, ბუნებრივია, დიდხანს ვერ შენარჩუნდა და კვლავ დაბლა ჩამოვიდა. ასევე საგრძნობლად შემცირდა წარმოებები და ამანაც გარკვეულწილად შეამცირა მოთხოვნა ნავთობზე. მსოფლიო ეკონომიურმა კრიზისმა, ბუნებრივია, ზეგავლენა მოახდინა საქართველოზეც. მთვრალაშვილის განცხადებით, საქართველო ნავთობის იმპორტს აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან აწარმოებს. მათგან ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია. დიზელის საწვავის 60 % ჩვენს ქვეყანაში სწორედ აქედან შემოდის. ხოლო ბენზინის იმპორტი აზერბაიჯანიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და იტალიიდან ხორციელდება. აქაც იმპორტის ყველაზე დიდი წილი 55–60% აზერბაიჯანზე მოდის. არსებული ეკონომიური კრიზისის პირობებში პრობლემები ექმნება სამშენებლო სექტორს, წარმოებებსა და სხვა დარგებს. მცირდება გადაზიდვები, ამასთანავე კლებულობს საწვავის მოხმარება სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში და შესაბამისად, კლებულობს მოთხოვნა საწვავზეც - აღნიშნა მთვრალაშვილმა. ამავე დროს ყურადღებას იპყრობს მთელი რიგი პირობებიც, რამაც გარკვეულწილად საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია. დაბალმა ფასებმა შესამჩნევად გაზარდა რიგით მოქალაქეებში საწვავზე მოხმარების მოცულობა. ბუნებრივი აირისა და ბენზინის ფასები, პრინციპში, გათანაბრდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირის მომხმარებელი კვლავ ბენზინის მომხმარებელი გახდა. საწვავზე დაბალი ფასების პირობებში გაიზარდა მოთხოვნა სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, შარშანდელი ფასი დიზელის საწვავზე 2 ლარი დღეისთვის - 1.15 ლარამდე არის შემცირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა მოთხოვნილება პრემიუმის და სუპერის ტიპის ბენზინის საწვავზე, ხოლო დღეს, პირიქით, უფრო ინტენსიურად ხდება რეგულარის ტიპის ბენზინის მოხმარება. რეგულარის საცალო ფასი დღესდღეობით 0.90–1.00 ლარს შეადგენს, რაც 100% არის შემცირებული ადრინდელ ფასთან შედარებით. ხოლო პრემიუმის -1.40 ლარს. ანალოგიური ვითარებაა დიზელის საწვავთან დაკავშირებით. ანუ მოთხოვნილება აზერბაიჯანულ დიზელზე უფრო მაღალია, ვიდრე ევროპიდან იმპორტირებულ დიზელზე. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში დღეისთვის საწვავის ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული დაფიქსირდა. დღევანდელი ფასები ასე გამოიყურება. ევროპიდან იმპორტირებული საწვავი: სუპერი ტიპის ბენზინი - 1.45-1.50 ლარი/ლიტრი, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1.35-1.40 ლარი/ლიტრი, რეგულარი ტიპის ბენზინი - 1.20 ლარი/ლიტრი; დიზელი - 1,55 ლარი/ლიტრი; აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი: ბენზინი - 0.90-1.00 ლარი/ლიტრი; დიზელი 1.10-1.15 ლარი/ლიტრი. მთვრალაშვილისვე ცნობით, 2009 წლის იანვრიდან ოპეკმა დღეში 30-40%-ით, ანუ 3-ჯერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. მათი აზრით, ნავთობის სამართლიანი ფასი ბარელზე 65–70 დოლარს უნდა შეადგენდეს. მართალია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნავთობზე ფასის ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ბოლო მონაცემებით ბარელი ნავთობი მხოლოდ 40–45 დოლარს შეადგენს. ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მოსალოდნელი არ არის და 2009 წლისთვის ნავთობზე დაბალი ფასი, სავარაუდოდ, შენარჩუნებული იქნება.
ქეთი სიხუაშვილი
|