ნანახია: 980
მიხეილ სააკაშვილი - "დამატებითი ბიუროკრატიული უწყებების შექმნა ახლა მიზანშეუწონელია". პრეზიდენტი არ იზიარებს "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას "დასაქმების შესახებ" კანონის მიღებისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის თაობაზე. როგორც პრეზიდენტმა საპარლამენტო დებატების დროს განაცხადა, იგი ვერ დაეთანხმება გიორგი ახვლედიანის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს, ვინაიდან "ახლა, როცა ქვეყანაში "ქამრების შემოჭერაზეა" საუბარი, დამატებითი ბიუროკრატიული უწყებების შექმნა მიზანშეუწონელია", ამავდორულად მიხეილ სააკაშვილმა გაიზიარა, წამლების ფასის ზრდასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის აღშფოთება. "მე ვიზიარებ წამლების ფასის ზრდასთან დაკავშირებით თქვენს აღშფოთებას და ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით შესაბამისი განკარგულებები უკვე გავეცი", - აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის მოწინააღმდეგე თანამედროვე ქართული ეკონომიკის არქიტექტორად ცნობილი, კახა ბენდუქიძეა. მისი განცხადებით, ანტიმონოპოლიური სამსახური, როგორც ასეთი, ვერ იქნება ქმედითი, რადგან მსგავსი მექანიზმი მონოპოლიების გაჩენის შესაძლებლობას არათუ ხელს უშლის, არამედ მის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძე წავიდა, მისი იდეები ცოცხალია. "ბენდო-ანა" გრძელდება.
გამოვლინდა ის კომპანიები, რომლებიც გზებს დაგვიგებენ 10 კომპანია 521 მილიონს გაინაწილებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ ქართულ კომპანიებთან კონტრაქტები პარასკევს, მთავრობის კანცელარიაში გააფორმეს. კონტრაქტები გაფორმდა ტენდერებში გამარჯვებულ 10 სამშენებლო კომპანიასთან. 1. შპს "მტკვარი" - (ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის, თელავი-შუამთის მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები); 2. შპს "ინდიკო" - (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქ. ქუთაისში გამავალი 3კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები); 3. შპს "კოლხი" - (ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის, ახალციხე-ასპინძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები); 4. შპს "გზამშენპროექტი" - (პერიოდული შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება); 5. შპს "ერკერი" - (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის, საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთზე, ხევზე არსებული ხიდის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები); 6. შპს"საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია" - (საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება); 7. შპს "დტს" - (ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის ბაღდათი-როხის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები); 8. შპს "ზიმო" - (სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქ.ფოთში, მდ.რიონზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები); 9. შპს"ზიმო" - (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფ. ბარდუბანთან, ხევზე არსებული ხიდის რკინაბეტონის მილის პრევენციული სამუშაოები); 10. შპს "ზიმო"- (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ. გორში, მდ. ლიახვზე არსებული სახიდე გადასასვლელის დაზიანებული ბურჯებისა და ქვის ლოდების ბარაჟის დემონტაჟის სამუშაოები). კონტრაქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ამ დროისთვის გარდამავალი და უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 129 მლნ. ლარს შეადგენს. 2009 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 521 მლნ. ლარი დაიხარჯება.
საქართველოს საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში 31%-ით გაიზარდა
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, 2009 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, 2 620 023 000 აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი. 2008 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 1,81 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენდა. საგარეო ვალის ზრდას სახელმწიფო სტრუქტურებში ძირითადად რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორისაა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი, ლარის კურსის გაუფასურება და აგვისტოს მოვლენების შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, თუ ქვეყნებიდან მიღებული ახალი კრედიტები. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის 31 იანვრისთვის საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 517,671 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საქართელოს მევალეების ათეული ასე გამოიყურება: ავსტრია - 1,269 მლნ. აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 14,387 მლნ. აშშ დოლარი; თურქმენეთი - 211 ათასი აშშ დოლარი; თურქეთი - 41,77 მლნ. აშშ დოლარი; ირანი - 11,28 მლნ. აშშ დოლარი; რუსეთი - 119,433 მლნ. აშშ დოლარი; სომხეთი - 17,323 მლნ. აშშ დოლარი; უზბეკეთი - 373 ათასი აშშ დოლარი; უკრაინა - 340 ათასი აშშ დოლარი; ყაზახეთი - 27,774 მლნ. აშშ დოლარი; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი 500 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ვალის ნაშთი 1,592 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.
თუ გაზი იქნება მსოფლიო ბანკი "ნაბუკოს" პროექტს დააფინანსებს
გაზის მიწოდების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მსოფლიო ბანკი მზადაა "ნაბუკოს" გაზსადენის პროექტის მშენებელობა დააფინანსოს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ულრიხ ზახაუმ განაცხადა, - "იმ შემთხვევაში, თუ ევროპა, თურქეთი და გაზის მიმწოდებელი ქვეყნები შეძლებენ შეთანხმებას, მსოფლიო ბანკს შესაძლებლობა ექნება გაზსადენის მშენებელობის დაფინანსებაში ჩაერთოს". პროექტის საპროექტო ღირებულება 7,9 მლრდ. ევროა. გაზსადენის მშენებელობის მიზანია კასპიის რეგიონში მოპოვებული გაზის ტრანსპორტირება საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უნგრეთის გავლით ავსტრიაში.
"ორთაჭალჰესის" ყოფილი მოიჯარე "ორთაჭალენერჯი" სახელწიფოსგან 12 მლნ ლარის კონპენსაციის გადახდას ითხოვს
ორთაჭალჰესის ყოფილი მოიჯარე ორთაჭალენერჯი, სახელწიფოსგან 12 მლნ ლარის კონპენსაციის გადახდას ითხოვს და უფლებების დასაცავად, საერთაშორისო სასმართლოს მიმართავს. კომპანიის ადვოკატები სახელმწიფოს და ჰესის ახალ მფლობელ "ენერგო-პრო ჯორჯიას" საკუთების უფლების ხელყოფაში ადანაშაულებენ. ადვოკატთა ცნობით, ყოფილ მოიჯარეს, ჰესის მართვის უფლება 2019 წლამდე ჰქონდა. სახელწიფომ საიჯარო ხელშეკრულება ცალმხრივად დაარღვია და აუქციონზე, ის"ენერგო-პრო ჯორჯიას~ 25 მლნ. დოლარად მიყიდა. ადვოკატების შეფასებით, ასევე უკანონოდ, "სემეკმა"ორთაჭალენერჯის "ელექტროენერგიის" წარმოების ლიცენზიაც გაუუქმა. საკუთრების ხელყოფისთვის კომპანიის ადვოკატები სარჩელს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო პალატაშიც შეიტანენ.
|