ნანახია: 805
ხელისუფლების მთავარი მიზანი, უკვე 5 წელია, ინვესტორების მოზიდვაა. თუმცა ის, თუ როგორ ხდება პრივატიზაციის პროცესი და ვის გადაეცემა სახელმწიფო ქონება, საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს. მთავრობამ მთელი ამ წლების განმავლობაში მრავალი ხმაურიანი პრივატიზაცია განახორციელა, რომელთა უმეტესობა დღემდე ბურუსითაა მოცული. საქართველოს ეკონომიკის მთავარი იდეოლოგის, ბენდუქიძის ინიციატივით, არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი გადაეცა საეჭვო ინვესტორს და მათ შორის რუსებს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ომამდე საქართველოში ინვესტიციების ბუმი იყო, მაგრამ იგი ქართული ბიუჯეტის შესავსებად ნამდვილად კმაროდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო რუსული, ამერიკული,ყაზახური და არაბული კაპიტალის შემოდინება. რუსეთის ყოფნა საქართველოს ეკონომიკაში ომამდე არა ერთი მილიარდი დოლარით განიზომებოდა. რუსული კაპიტალი ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის ენერგეტიკულ და საფინანსო სექტორებში, კვების მრეწველობაში, სატელეკომუნიკაციო სფეროში. თუმცა, ბოლო პერიოდში გლობალური ფინანსური კრიზისისა და საომარი მოქმედებების შედეგად, ინვესტიციების მოცულობა ქართულ ეკონომიკაში, თითქმის ნულამდე დავიდა. 2008 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოდან ინვესტორების გადინება შეინიშნება. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემია მიმდინარე წელს. ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და ქვეყნიდან წასვლა უკვე ტენდენციად შეიძლება ჩავთვალოთ. დღემდე გაურკვეველია "კალა-კაპიტალის" კუთვნილი არსენალის პროექტის ბედი. ამჟამად "კალა-კაპიტალის" საკუთრებაშია თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 80 ჰექტარი მიწის ფართობზე განთავსებული კომპლექსი. "არსენალი,"რომელიც "კალა-კაპიტალმა" 36 მილიონ დოლარად სახელმწიფოსგან საპრივატიზაციო აუქციონზე შეიძინა, თუმცა ცნობილია, რომ "კალა-კაპიტალს" არსენალში ჯერ არცერთი თეთრი არ გადაუხდია, არადა, კანონის თანახმად, ანგარიშსწორება დიდი ხანია უნდა მომხდარიყო. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ კომპანიამ სამინისტროს გადასახადის გადავადების თხოვნით მიმართა. აღმოჩნდა, რომ კომპანია ამ გადავადებას სამი წლით ითხოვს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ითვალისწინებენ რა შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს, მზად არიან, კომპანიას დაეხმარონ, ხოლო თუ როგორი იქნება ეს დახმარება, ჯერ ცნობილი არ არის. საქართველოში ბიზნესის დაწყება საბოლოოდ გადაიფიქრა ავსტრიელმა ბიზნესმენმა, რომელმაც რუსთაველზე, ყოფილი "საფოსტო ბანკის" შენობა 16,57 მილიონ ლარად ივლისის ბოლოს შეიძინა. მას თანხა 15 აგვისტომდე უნდა გადაეხადა. 1260 კვ. მეტრი ფართის მფლობელი შენობაში კომერციული ბანკის გახსნას აპირებდა, მაგრამ აგვისტოს მოვლენების გამო, მან ობიექტი მთავრობის საკუთრებაში დატოვა. ამ დროისთვის შეჩერებულია რამდენიმე ინდუსტრიული პროექტი, მათ შორის, ფოთში ხორბლის ტერმინალის მშენებლობა. პრობლემებია თბილისშიც. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე მერიას არც ერთი მსხვილი ობიექტი, ან მიწის ნაკვეთი არ გაუსხვისებია. ყოველივე ამის ფონზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შიდა სტრუქტურული რეფორმები დაიწყო. მიზეზი ის კომპანიებია, რომლებმაც ესა თუ ის ობიექტი იყიდეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს კი არ ასრულებენ. კანონის თანახმად, სამინისტრო მყიდველს საფასურის გადახდის გრაფიკს უწესებს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, ერთი თვის ვადით განისაზღვრება. თუ ამ დადგენილ ვადაში არ დაიფარა გადასახადი, მყიდველი მინიმუმ კარგავს ბე-ს, რომელიც მთლიანი ღირებულების 10 პროცენტია, ხოლო უარეს შემთხვევაში, კარგავს ობიექტს. ამასთან, პრივატიზაციის დეპარტამენტი, ზუსტი სტატისტიკური ინფორმაციების მოსაპოვებლად, მუშაობას ახლა იწყებს იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით და რა სამუშაოებია ჩატარებული ამ უწყების თანამშრომლების მიერ. ასევე დეპარტამენტი აპირებს გადახედოს ობიექტების სასტარტო ფასებს და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 16 იანვარს, ეკონომიკის სამინისტროში მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტი სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს და კონტროლს განახორციელებს. სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი მუშაობის დაწყებისთანავე 1200-მდე საქმეზე დაიწყებს მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელებას. ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიათა ნაწილს ვალდებულებების შესრულება გადაუვადა, თუმცა, ის თუ რამდენად მოახერხებენ კომპანიები პირობის შესრულებას, ეს მალე გამოჩნდება. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ინვესტორს, რათა მან არ დატოვოს ქვეყანა. შეღავათები მხოლოდ 2009 წელს იმოქმედებს, ანუ ჟვანიას განმარტებით, კომპანია, რომელსაც ობიექტში ინვესტიციები 2008 წლის შემოდგომაზე უნდა ჩაედო, საპრივატიზაციო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ თანხებს 2009 წლის ბოლომდე დახარჯავს. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში არსებობს გარკვეული პროგნოზი უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც არ არის გამორიცხული ლიდერ ინვესტორ ქვეყანათა შორის კვლავინდებურად არაბეთის გაერთიანებული საემიროები და აშშ იყოს. 2008 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელში 20%-იანი წილით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე მოდის. ფაქტია, რომ მიმდინარე წელს დიდი რაოდენობით ინვესტიციები საქართველოში მოსალოდნელი არ არის, ხოლო უკვე შემოსულის ნაწილი ბაზარს ტოვებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იძულებულია თვითონ განახორციელოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ნაწილის დასაქმებას. სწორედ ამისკენაა მიმართული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყოფილი 520 მილიონი. ამ პროექტთან დაკავშირებით ექსპერტთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, ეკონომიკის ექსპერტი თამაზ აქუბარდია მიიჩნევს, რომ ის, რაც კეთდებოდა საქართველოში ამ 5 წლის მანძილზე, ეს იყო ელიტარული კორუფციის კლასიკური ნიმუში, - "მინდა ვთქვა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ყვავის კორუფცია. ზოგადად, როცა ხდება კერძო ინვესტიციების შემცირება, აუცილებელია მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირება, რათა შესაძლებელი იყოს უმუშევრობის შემცირება. აქედან გამომდინარე, გამრთლებულად მიმაჩნია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინვესტიციებთან დაკავშირებით."
შოთა ბუჩუკური
|