ნანახია: 852
საქართველოში უპრეცენტენტოდ დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა
საქართველოში წლიური ინფლაციის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლის იანვარში ინფლაციამ თვიური 1,4%, ხოლო წლიური 4,4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წელს მიზნობრივი წლიური ინფლაცია 9%-ითაა განსაზღვრული. დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო კალათაზე ფასების ზრდამ 1,1%-ით დაიკლო. ამა წლის იანვარში ინფლაცია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორ-ნახევარჯერ ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის იანვარში ინფლაციამ თვიური 2,5%, ხოლო წლიური 10,7% შეადგინა. ბოლო ხუთ წელიწადში, ინფლაციის დონე 4%-იან ნიშნულს მხოლოდ 2006 წლის მარტში მიუახლოვდა, როდესაც სამომხმარებლო კალათაზე ფასების წლიურმა ზრდამ 4,6% შეადგინა. ამასთან, ამა წლის იანვარში არსებულ 4,4% ინფლაციაზე ნაკლები 4,1% მხოლოდ 2004 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფლაციის დონე შეუქცევადად იზრდებოდა და კლება შარშან სექტემბრიდან დაიწყო. გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე მთელ მსოფლიოში პროდუქციაზე ფასები იკლებს. საქართველოში ფასების კლება, სტატისტიკის დეპარტამენტის მაჩვენებლების გარდა, სხვა არაფერზე აისახება. ამავე დეპარტამენტისვე მონაცემებით, დეკემბერთან შედარებით, იანვარში სამომხმარებლო ფასები 1,4%-ით გაიზარდა. მათ შორის ყველაზე მეტად 2,8%-ით სურსათი გაძვირდა. ასევე 2,8%-ით იმატა ჯანდაცვაზე გაწეულმა ხარჯებმაც, რაც ტრანსპორტის და რესტორნების გაიაფებამ დააბალანსა. ასევე ნავთობპროდუქტებზე ფასების კლებამ, რომელთაც კალათაში შემავალი 282 დასახელების პროდუქციის 5 პროცენტი უკავია. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების სრული უმრავლესობა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ამ მაჩვენებელს, კვლავაც უნდობლობას უცხადებს.
მერაბ ჯანიაშვილი
|