ნანახია: 1873
მსოფლიო საფინანსო კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, საფინანსო სექტორზე აისახა. გლობალურმა ეკონომიკურმა ძვრებმა გამოძახილი ქართულ საფინანსო სექტორზეც ჰპოვა. შეიზღუდა უცხოური ფულადი რესურსების ხელმისაწვდომობა, ამ ფონზე ქართულმა ბანკებმა სესხებისა და კრედიტების გაცემა პრაქტიკულად შეაჩერეს და ბანკების საკრედიტო განყოფილებების თანამშრომლების დიდი ნაწილი შეამცირეს. ამ ფონზე, საინტერესოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მდგომარეობა. მართალია, ამ ორგანიზაციებს არ აქვთ ისეთი დიდი ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც ბანკებს, მაგრამ ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მათი შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, კრედიტებს ყოველთვის მყარი უზრუნველყოფითა და მაღალი საპროცენტო განაკვეთით გასცემდნენ. აქედან გამომდინარე, კრიზისის პირობებში მათი საკრედიტო პორტფელები უფრო დაზღვეული აღმოჩნდა, შესაბამისად, ფინანსური კრიზისი მიკროსაფინანსოების მდგომარეობაზე ნაკლებად აისახა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, "ბანკები და ფინანსები", რამდენიმე ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენელს გაესაუბრა.
ლაშა ნიკოლაიშვილი, "რიკო კრედიტი" - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
"საკრედიტო ბუმის პირობებშიც კი ჩვენ ძალიან კონსერვატულად და მყარი გარანტიით გავცემდით სესხებს. ამან დღეს საშუალება მოგვეცა, რომ ნორმალურად, სტაბილურად ვიმუშაოთ და ჩვენი კლიენტების და თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი პორტფელი თავისი შემადგენლობით საკმაოდ უსაფრთხოა, დაგვიანებებთან პრობლემები არ გვაქვს. სესხებს, შეფერხებების გარეშე, სტანდარტულად გავცემთ, იპოთეკური და სალომბარდო გარანტიით. გვაქვს მაქსიმუმ 3 წლიანი საკრედიტო ხაზები, გავცემთ გირაოს ღირებულების 25%-იდან 50%-მდე რაოდენობის სესხებს. რაც შეეხევა ფინანსური რესურსების მოზიდვას, ჩვენმა კომპანიამ საკმაოდ წარმატებულად გამოსცა ნამდვილი ოქროს თამასუქი, ბირჟაზე ოქროს ან ნავთობის ფასი აიწევს თუ დაიწევს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ჩვენს კლიენტებს თამასუქებზე 16%-ს ვუხდით. ამის შედეგად მოხდა დეპოზიდების გამოდინება საბანკო სფეროდან. აქტიურად გამოიწერა მილიონზე მეტი თამასუქი. ასევე საკმაოდ კარგი დაფინანსება მივიღეთ "პროგრესბანკისგან", გამოიყო 600 000 დოლარიანი საკრედიტო ხაზი. მოთხოვნებს, ჩვენი საკრედიტო პორთფელიდან გამომდინარე, შიდა რესურსებითაც ვაკმაყოფილებთ. როდესაც ბანკებში თანამშრომლების შემცირება მოხდა ჩვენ, პირიქით, დავამატეთ ახალი კადრები, 20%-ით გავზარდეთ ხელფასები. ვგეგმავთ ახალი ფილიალების გახსნას. რადგან ბანკები სესხებს არ გასცემენ, მათ შეამცირეს საკრედიტო განყოფილების კადრები, ჩვენთან დასაქმების მსურველებიც გაიზარდა. შექმნილ სიტუაციაში ჩვენ საშუალება გვაქვს საკმაოდ კვალიფიციური კადრები ავიყვანოთ. მას შემდეგ, რაც ბანკებმა პრაქტიკულად შეაჩერეს კრედიტების გაცემა კლიენტების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ".
ვუსალ ვერდიევი, "ფინკა საქართველო" - საკრედიტო ოპერაციათა დირექტორი
"ფინანსურმა კრიზისმა, რომელსაც თან მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი, დარტყმა მიაყენა როგორც ეროვნულ, ასევე, მსოფლიო ეკონომიკასაც. შედეგად, შეფერხდა ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა. საქართველოში არსებული ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საერთაშორისო ინვესტიციებზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. არასტაბილური ბაზრის პირობებში, ყველა საკუთარი რესურსების დაზოგვას ცდილობს. ფინანსურ ინსტიტუტებს ლიკვიდურობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, რამაც, თავის მხრივ, უარყოფითი გავლენა მოახდინა სესხების გაცემის პროცესზე. მიუხედავად ასეთი რთული გარემო პირობებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მიკროსაფინანსო საქმიანობა, ჩვეულებრივ, დაბალი რისკს-ფაქტორებით, პორტფოლიოს მაღალი ხარისხით, ზრდის სტაბილური ინდიკატორებით ხასიათდება. განვითარებულმა ქვეყნებმაც კი, ფინანსური კრიზის დაძლევის გეგმაში პრიორიტეტად მიკროსაფინანსო სექტორი დაასახელეს. ჩვენი ღრმა რწმენით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდებიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე, "ფინკა" ზრდის სტაბილური ინდიკატორებით, პორტფოლიოს მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. "ფინკა" სხვადასხვა სახის სესხებს (მათ შორის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სესხებს) სთავაზობს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობას. "ფინკა" საქართველოში სესხის გაცემის საერთაშორისო პრაქტიკას ნერგავს. ორგანიზაცია, მსოფლიო მასშტაბით, 21 ქვეყანაში, 800.000 კლიენტს ემსახურება. სესხის მაქსიმალური ოდენობა ერთ ადამიანზე 20.000 აშშ დოლარს შეადგენს. "ფინკა საქართველო" ვაშინგტონში დარეგისტრირებული დამფუძნებლის, ასევე, საერთაშორისო ინვესტორებისა და დონორების მიერ ფინანსდება. ჩვენ ვამაყობთ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალური მომსახურებით".
ლაშა ხონელიძე, "ალიანს ჯგუფი" - ფინანსური დირექტორი
"მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია "ალიანს ჯგუფი" ბიზნესისთვის მცირე და მიკრო კრედიტებს გასცემს, ასევე ვმუშაობთ სამომხმარებლო სესხებზე. გაცემული სესხების საშუალო მოცულობა 5 000 ლარია, მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი (კლებადი ბალანსის გრაფიკით) 36%-ს შეადგენს, მაქსიმალური კი - 54%-ს. ამჟამად მსო `ალიანს ჯგუფის~ აქტივები სათაო ჰოლდინგური კომპანიიდან სესხის სახით არის დაფინანსებული. ჰოლდინგური კომპანიის აქციონერები, ძირითადად, ევროპელი და ამერიკელი კერძო ინვესტორები არიან. სხვა რესურსებია საქართველოს კომერციული ბანკებიდან აღებული მიმდინარე სესხები. მომავალში დაგეგმილია, ევროპული კომერციული ბანკებიდან გრძელვადიანი სესხების მოზიდვა. ჩვენი კლიენტები შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ის ფიზიკური პირები გახლავთ, რომლებიც დაკავებულნი არიან კერძო საქმიანობით, აქვთ მცირე ბიზნესი. ამჟამად 1200-მდე აქტიური კლიენტი გვყავს. იმის გამო, რომ კომერციულმა ბანკებმა შეაჩერეს (ან შეამცირეს) მცირე სესხების გაცემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა".
მამუკა მაისურაძე, "ალფაკრედიტი" - დირექტორი
"მიუხედავად გარკვეული სიძნელეებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ალფაკრედიტი~ ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც, სტაბილურად განაგრძობს მუშაობას, შეუფერხებლად მიმდინარეობს სესხების გაცემა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ორგანიზაციას არ შეუმცირებია არც თანამშრომელთა რაოდენობა და არც სახელფასო ფონდი. ჩვეულებრივად გაიცემა იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი წლიური 36%-დან იწყება. ფულადი რესურსების მოძიება ხდება როგორც ბანკებიდან, ასევე ფიზიკური პირებისგან. ჩვენი მომხმარებლები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები და იურიდიული პირები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, სესხის აღების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა კრიზისის შემდეგაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მუშაობას ძირეული ცვლილებები არ განუცდია". ნიკა ბაქრაძე, "ალფა ექსპრესი" - დირექტორი
"არსებული საფინანსო კრიზისის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაციას შეეხო. თუმცა, ეს ნაკლებად შეიძლება ითქვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ვინაიდან ისინი ორიენტირებულები არიან მცირე და საშუალო ზომის სესხების გაცემასა და ფულადი გზავნილების მომსახურებაზე. მსო "ალფა ექსპრესში" სალომბარდე და სამომხმარებლო სესხები გაიცემა, სტანდარტული პირობებით 36%-დან 48%-მდე. სესხის გაცემის პირობები და საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია კლიენტის მოთხოვნაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფულად რესურსებს ძირითადად ბანკებიდან მოიძიებენ, ასევე მნიშვნელოვნი რესურსია დამფუძნებლებისა და სხვა ინვესტორებისგან წამოსული რესურსები. მსო "ალფა ექსპრესის" მომხმარებლები ძირითადად საშუალო ფენის ხალხია, რომლებიც ღებულობენ ჩარიცხულ ფულად გზავნილებს და სჭირდებათ მცირე ან საშუალო ზომის სესხები. ჩვენი კლიენტების რაოდენობა ამ ეტაპზე არ შეცვლილა, მაგრამ შეიმჩნევა ზრდა, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ მეტი ნდობიდან და ცნობადობიდან გამომდინარეობს. ასე რომ, კრიზისის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თითქმის არ შეცვლილა, რაც მომხმარებლების სტაბილურ რაოდენობასა და დროთა განმავლობაში მათ ზრდაზე აისახება".
თამთა დადეშელი
|