ნანახია: 741
როგორც სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, მზადდება მიმოქცევიდან ლარის ამოღება და ამერიკულ დოლარზე გადასვლა. მართალია, ოფიციალური პირები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და უარყოფენ, მაგრამ მითქმა-მოთქმის მასშტაბები დამაფიქრებელია. საქართველოს საფინანსო სისტემა ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება მსოფლიო საფინანსო კრიზისის უარყოფით შედეგებს. ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაახლოებით 15 პუნქტიანი დაცემის შემდეგ, ეროვნული ბანკი ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს. თუმცა ამაზე დიდძალი სავალუტო რეზერვები იხარჯება. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსს მოთხოვნა-მიწოდება არ განაპირობებს. კურსის რეგულირების მიღებული პრაქტიკა კი, ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის საფინანსო სისტემის მდგრადობას. თუ შეპირებული დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორებიდან შეუფერხებლად მოგვეწოდება, პრობლემებს არ უნდა ველოდეთ. ექსპერტთა ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ლარის რამდენადმე გაუფასურება ამერიკულ დოლართან მიმართებაში გარდაუვალია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს თანდათანობით და არა ისე, როგორც ადრე – მკვეთრად და მყისიერად. ლარის მიმოქცევიდან ამოღება, ანუ ეროვნული ვალუტის გაუქმება და ამერიკულ დოლარზე გადასვლა, ერთი შეხედვით, ამ სიტუაციაში აბსურდულია, მაგრამ "სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?!" თანაც, როგორც რომაელები ამბობდნენ, -"ყოველთვის როდია ჭორი ტყუილი", ამიტომ სიურპრიზების მოყვარული ხელისუფლების არსებობის პირობებში ყველა გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოება ყურადღებით უნდა მოეკიდოს, მით უმეტეს, გაგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ კახა ბენდუქიძე სავალუტო საბჭოს შექმნის იდეას ლობირებდა, რომელსაც პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში ვალუტის კურსი უნდა დაედგინა, ამავე დროს, სავალუტო საბჭოს არსებობისას ეროვნული ვალუტა რომელიმე სხვა ძლიერ ვალუტას ებმება. ჩვენს შემთხვევაში იგულისხმებოდა ევრო ან ამერიკული დოლარი. როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენ, როგორც ყველა მისი წევრი ქვეყანა, ევროზე გადავალთ. მანმადე, მოგეხსენებათ, არაერთი წელი გაივლის. ასეთ დროს ქვეყანას მყარი ეროვნული ვალუტა უნდა ჰქონდეს, მყარი არა ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით, არამედ გამაგრებული ფუნქციონირებადი და წარმატებული ეკონომიკით. სავალუტო საბჭოს იდეა მაშინ უარყოფილ იქნა, თუმცა პროფიციტული ბიუჯეტი თითქოს მოვიწონეთ, იდეაში, რაღა თქმა უნდა. ახლა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, როცა ჩვენს ეკონომიკასაც რთული პერიოდი უდგას, ასეთ ექსპერიმენტებზე საუბარი უადგილოა და ყოველგვარ აზრს მოკლებული. თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რა ფანტასტიკური იდეების ხორცშესხმას არ შეეჭიდება კახა ბენდუქიძე. ნეოლიბერტარიანელთა თეორიების ბოლოდროინდელი კრახის მიუხედავად, ბენდუქიძე ისევ საქართველოს ჰონკონგიზაციაზე და სინგაპურიზაციაზე ოცნებობს. ასეთ ქვეყანაში კი ეროვნულ ვალუტას რა უნდა?! ხომ შეიძლება ვიჩქაროთ და ევროკავშირში შესვლამდე ამერიკულ დოლარზე გადავიდეთ, მერე ევროზე და ასე შემდეგ. აქამდე ეტაპებია გასავლელი? მოგცლიათ ერთი. ჩვენ მაინც გადავამოწმეთ ეს კულუარული ხმები და ინფორმაცია ექსპერტებთან. გია ხუხაშვილმა თქვა, რომ გაუჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, პირველი აპრილი რომ იყოს, ხუმრობად ჩათვლიდა. ჩვენ არც ევროკავშირში ვართ და არც ამერიკის რომელიმე შტატი, რომ ვალუტა შევცვალოთ. მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ მოხდება, ამბობს გია ხუხაშვილი. რამაზ კლიმიაშვილი – ეს სისულელეა და შეუძლებელია. ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც მსგავსი რამ მომხდარა. ნოდარ ჯავახიშვილი – ეს სისულელეა, რატომ უნდა მივებათ დოლარს, თუ ევროკავშირისკენ მივიწევთ? მაგრამ ეს თემა ჩვენთვის შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც, - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი. ემზარ ჯგერენაიას მიაჩნია, რომ წარმოუდგენელია ლარი ამოვარდეს და დოლარზე გადავიდეთ. ეს უშნო ხუმრობაა, ეს სისულელეა. ექსპერტებმა დაგვაიმედეს. ჯერჯერობით ხმები ხმებად დარჩა. მათ ლარის გაუქმებას და დოლარზე გადასვლას სისულელე უწოდეს. ევროზე გადასვლაც? ევროკავშირში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ? სისულელეა და ძალიანაც კარგი! თუმცა პოეტ ტარიელ ჭანტურიას ერთ სტროფს გაგახსენებთ: "სისულელეა, ყველაფერი სისულელეა, სისულელეა, ყველაფერი სისულელეა"
ლევან ლეშქაშელი
|