ნანახია: 843
ეს სიტყვები არც აიათოლა ხომეინს ეკუთვნის, არც ახმადინეჯადს და არც მოამარ კადაფის. არ ეკუთვნის არც უგო ჩავესს და არც ფიდელ კასტროს, არც კოლუმბიელ მარქსისტ პარტიზანებს. ამ სიტყვების ავტორია გერმანელი მკვლევარი ფრედერი შრეკი. სისტემა, რომელიც საფუძვლად დაედო გლობალიზაციას და ერთი შეხედვით, კაცობრიობის პროგრესის საიმედო საყრდენად მიიჩნეოდა, უნიადაგო და კატასტროფული ჩიხისკენ მიმავალი აღმოჩნდა. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილები გაოგნებულნი იყვნენ, თუმცა დაბნეულობას არ იმჩნევდნენ. იხტიბარს არ იტეხდა კლაუს შვაბიც, შვეიცარიელი მეცნიერი, რომელსაც ეკუთვნოდა ფორუმის დაარსების იდეა, რაც 1971 წელს განახორციელა კიდეც. 50-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ- მინისტრ და პარლამენტის თავმჯდომარე, ეკონომიკურ ლიდერებთან, ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთან და საქმიანი სამყაროს "ვეშაპებთან" ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. აქ იყვნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი გორდონ ბრაუნი, რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი, ისრაელის პრემიერი შიმონ პერესი, თურქეთის პრემიერი რეჯიბ ტაიპ ერდოგანი. ეს უკანასკნელი ფორუმზე სკანდალის ავტორიც გახდა და პროტესტის ნიშნად დატოვა იგი. პრინციპულად ახალი არაფერი თქმულა. ჯერ-ჯერობით, არათუ რეცეპტები არ არსებობს კრიზისის დასაძლევად, არამედ წარმოდგენაც არავის აქვს, რამ უნდა შეცვალოს ნეოლიბერალიზმი და საბაზრო ეკონომიკის უზენაესობა. ნეოლიბერალიზმის კრახი ეჭვქვეშ აყენებს თვით გლობალიზაციის იდეასაც, რომელსაც, ჩემი აზრით, ალტერნატივა არ აქვს. კლაუს შვაბი და ზოგიერთი ანალიტიკოსი გლობალური პროცესების მმართველებს მეტი ცოდნით აღჭურვასა და მეტი კომპეტენტურობისკენ მოუწოდებს, სხვები ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების გაძლიერებას უჭერენ მხარს და საერთო ძალისხმევის, კოორდინაციის მეტ საჭიროებას აღნიშნავენ. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თავის შეცდომად, პირიქით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ზედმეტ ჩარევას მიიჩნევს, სავარაუდოა, რომ "გაზპრომსა" და ნავთობკომპანიებს გულისხმობს, თუმცა, შანსს ხელიდან არ უშვებს და ამერიკული ეკონომიკის სამყაროს მთავარი ნიშანსვეტის – უოლსტრიტისა და საინვესტიციო კომპანიების უზარმაზარ დანაკარგებზე და სიძნელეებზე სიამოვნებით მიანიშნებს. არა მგონია, პუტინმა არ იცოდეს, რომ ამერიკა თავისი შინაგანი რეზერვებით გაცილებით იოლად გამოვა კრიზისიდან, ვიდრე ენერგომატარებლების ექსპორტზე დაფუძნებული რუსეთის ეკონომიკა. საქართველოდან ფორუმს არც ერთი პირველი პირი არ ესწრებოდა. ამბობენ, რომ იქ იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძე, თუმცა რა მისიით და იმყოფებოდა თუ არა საერთოდ, ეს არავინ იცის.
გიორგი ციხისელი
|