კრედიტების აღება, პრაქტიკულად, უფრო გართულდება

ეროვნულმა ბანკმა პრობლემური მსესხებლების მიმართ მიდგომა შეცვალა. საკრედიტო პოლიტიკა შედარებით ლიბერალური ხდება. პრობლემური მსესხებლები ე.წ "შავ სიაში" აღარ მოხვდებიან. ეროვნული ბანკისა და "კრედიტინფო საქართველოს" ინიციატივით იქმნება საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი ბაზა, რომელიც ყველა მომხმარებლის, როგორც დადებით, ისე უარყოფით, საკრედიტო ინფორმაციას გააერთიანებს. ბანკები კი სავარაუდოდ დაკრედიტების ინდივიდუალურ პოლიტიკაში ცვლილებებს არ შეიტანენ და მათი მიდგომა კლიენტების მიმართ უწინდელი იქნება.
რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბანკში მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალურ ბანკს, სს "კრედიტინფო საქართველოს" და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთშეთანხმებას საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ბაკებში და სხვა საკრედიტო თუ სალიზინგო კომპანიებში ე.წ შავი სიები აღარ იარსებებს და კრედიტ ოფიცრები სესხის გაცემისას კრედიტინფოს საერთო ბაზაში შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებების მიხედვით მსესხებლის ერთიან საკრედიტო ისტორიას შეისწავლიან. ახალი მიდგომის მიზანი მომხმარებლებისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობის უზრნველყოფაა. აქვე აღსანიშნავია, რომ "კრედიტინფო საქართველოს" ერთიან მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია არ იქნება კრედიტის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მართალია ხელისუფლება, ეროვნული ბანკის სახელით, საკრედიტო ინსტიტუტებს კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მოუწოდებს, მაგრამ ამ უკანასკნელთ შესაძლოა ზემდგომი ორგანოს რეკომენდაციის შესრულება არ უნდოდეთ.
მემორანდუმის თანახმად, ბანკები , საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტები ან სხვა პირები, რომლებიც გასცემენ სესხს, საქონელს ან მომსახურებას კრედიტით სს "კრედიტინფო საქართველოს" მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ერთიან ინფორმაციას კლიენტების სრულად ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულებების შესახებ. საკრედიტო ექსპერტს საშუალება ექნება საერთო სიიდან პოტენციური მსესხებლის ბანკებთან ურთიერთობის ისტორია შეისწავლოს და მიღებული ინფორმაცია საკრედიტო რისკის შეფასების ერთ-ერთ და არა ერთადერთ ფაქტორად გამოიყენოს. საერთო სიაში მომხმარებლის შესახებ არსებული პოზიტიური საკრედიტო ისტორია შეინახება 7 წლის განმავლობაში, ხოლო ნეგატიური ისტორია 5 წლის განმავლობაში (აქამდე არსებული 7 წლის ნაცვლად).
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ მემორანდუმის გაფორმება მომხმარებლების საკრედიტო აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს და მოქალაქეებისთვის სესხის აღებას უფრო გაამარტივებს. კრედიტი ხელმისაწვდომი გახდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც კრიზისის პერიოდში შექმნილი მატერიალური არასტაბილურობის გამო სესხის პირობები დროულად ვერ შეასრულეს და ე.წ "შავ სიაში" მოხვდნენ.
ბატონ ქადაგიძეს ქვეყანაში უმუშევართა რიცხვისა და ფასების დონის მკვეთრი ზრდა ყურადღების მიღმა რჩება. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ფასების დონე და შესაბამისად ინფლაციაც მკვეთრად მატულობს წინა თვეებთან შედარებით. ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობა და იმპორტის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. აღნიშნულის გამო ლარის გაუფასურების ზრდა არის მოსალოდნელი. ამიტომ, სავარაუდოდ, ბანკები კრედიტის გაცემის გამარტივებისგან თავს შეიკავებენ, რომ წარსული შეცდომები აღარ გაიმეორონ. ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე წლის წინ მომხდარი საკრედიტო ბუმი თავისი ნეგატიური შედეგებით. მაშინ როცა საოცრად იყო გამარტივებული კრედიტის გაცემა, ხოლო ბანკები რისკებს არაადეკვატურად ითვლიდნენ, მომხმარებელმა იმ ვალდებულების სიღრმე და მნიშვნელობა ვერ გაიაზრა, რომელიც კრედიტის აღებას მოსდევდა. ამიტომ დღეს ბანკები დაკრედიტების გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.
უდავოა, რომ ე.წ შავი სიის გაუქმება და ლიბერალურ საკრედიტო სისტემაზე გადასვლა ეკონომიკის სტიმულირებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ბატონი ნოდარ ხადური აცხადებს საბანკო სექტორი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა და დღეს ბანკებს კრედიტების გაცემის ეშინიათ. "კრიზისი დასრულებული არ არის და რისკი, რომ გაცემული სესხები უკან ვეღარ დაიბრუნონ, ჯერ კიდევ დიდია. ამდენად, ბანკებისგან კრედიტების გაცემის გამარტივებას არ უნდა ველოდოთ",- ამბობს ბატონი ნოდარი.
აწ უკვე გაუქმებული ე.წ "შავი სიები" მოსახლეობას კრედიტის მიღებაში უშლიდა ხელს. სიაში მოხვედრილი მომხმარებლები საკრედიტო მომსახურებით მინიმუმ 6 წლით ვეღარ სარგებლობდნენ და ეთიშებოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. "შავ სიაში" მოხვედრით ისინი საკრედიტო სექტორიდან დაფინანსების შანსს კარგავდნენ და ერთგვარად რეპუტაციაც ელახებოდათ. აღნიშნული მემორანდუმით ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო ინსტიტუტებსა და პრობლემური მსესხებლების ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყო და მსესხებლებს შანსი ეძლევათ ახალი ძალებით ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში.