ნანახია: 870
უმიზნოდ აღებული მაღალპროცენტიანი კრედიტები ბიუჯეტის ლაბირინთებში იკარგება
საქართველოს მთავრობა ევრობონდებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვლავ განათავსებს. აღნიშნულ საკითხზე, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია რა მოცულობის ობლიგაციების გამოშვება იგეგმება, თუმცა მისი განმარტებით მთავრობა ევრობონდების საფონდო ბირჟაზე განთავსებას 2011 წლისთვის გეგმავს. საქართველოს მთავრობამ, ევროობლიგაციები საფონდო ბირჟაზე პირველად 2008 წელს განათავსა. მაშინ გურგენიძე-ბენდუქიძის ტანდემის ინიციატივით, საქართველომ ევრობონდების გამოშვებისთვის 7.5%-იანი სესხი 500 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით აიღო. ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან აღებული კრედიტის დაფარვა მთავრობას 2013 წლისთვის უწევს. მაშინ საქართველოს მთავრობას არ დაუკონკრეტებია რაში დაიხარჯა ასეთი მაღალპროცენტიანი კრედიტი. დღეს კი, ჯერ-ჯერობით იდეის გარდა არანაირი დეტალი არაა ცნობილი. მთავრობის ახალ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობაში და ექსპრერტული წრეებშიც გამოეხმაურნენ. ექსპერტთა მოსაზრებით, მთავრობის მიერ ახალი საგარეო ვალდებულებების აღება მიმანიშნებელია იმისა, რომ მთავრობას ახალი შემოსავლების მობილიზება უჭირს, თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ბალავაძე. მისი განმარტებით, საქართველო პირველი ქვეყანა არაა, რომელიც აღნიშნულ ფინანსურ ინსტრუმენტებს იყენებს და 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების მსგავსად, 2011 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიც ეფექტიანი იქნება. "ეს მოსაზრება გამოთქვა პრემიერმა, ანუ საბოლოო ჯამში ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბებული არ ვართ რა რაოდენობის ევროობლიგაციებს გამოვუშვებთ და ა.შ. მოვისმინე უკვე მოსაზრება გარკვეული ექსპერტებისგან, რომ 2011 წლისთვის ხელისუფლება უშვებს ამ ევროობლიგაციებს სახელმწიფო გადასახადების დაბალანსებისთვის. მაგრამ 2011 წლის ბიუჯეტს ვინც ნახავს და შეამოწმებს გადასახდელების და შემოსულობების შეფარდებას ერთმანეთთან მიხვდება, რომ ამის პრობლემა ნამდვილად არ გააჩნია ხელისუფლებას. პირიქით, ჩვენი მთავარი მიდგომაა შემცირდეს სახელმწიფოს მონაწილეობა, საქართველოს ეკონომიკის წვლილში შემცირდეს სახელმწიფოს ხარჯები, რადგან ეკონომიკა უფრო მდგრადი და უფრო განვითარებადი იყოს. შესაბამისად, ამისთვის ევროობლიგაციები როგორც ასეთი არ გამოიშვება ხოლმე. ეს არის იმ სახსრებისთვის, რომ ეკონომიკაში შემოვიდეს დამატებითი სახსრები, რათა მოხდეს მისი განვითარება. ეს არის ყველა ქვეყნის მიზანი, უბრალოდ მიდგომებია განსხვავებული თუ როგორ ხედავს სახელმწიფო ამ მიზნის მიღწევას. ჩვენი ვთვლით, რომ ეს მიიღწევა ეკონომიკის ლიბერალიზაციით. ჩვენი სურვილია მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და განვითარდეს როგორც წარმოებები, ასევე ფინანსური მხარე", - აღნიშნავს ვახტანგ ბალავაძე. ექსპერტთა მოსაზრებით, მთავრობა ვალდებულია ევრობონდების მიზნობრიობის შესახებ კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს, რადგან თუ სახელმწიფო ძველი პრაქტიკას გაიმეორებს და ფულადი რესურსების მიზნობრიობას არ დააკონკრეტებს, მაშინ ეს ფაქტი უარყოფითად შეფასდება. მთავრობას რაიმე კონკრეტული გეგმა ფინანსურ რესურსების მობილიზებასთან დაკავშირებით თითქმის არასოდეს წარმოუდგენია და ამ შემთხვევაში გასაკვირია, რომ წარმოადგინოს. ამიტომ, მისი ეს ინიციატივა აქედანვე კრიტიკის ობიექტი გახდება. გარდა ამისა, დღევანდელი ქართული ბიზნესი და ზოგადად ეკონომიკა თვალნათლივ ასახავს, რამდენად უწყობს მის განვითარებასა და მდგრადობას ხელს ხელისუფლება და რატომღაც ახლა, რომ მისი განვითარებისთვის ფასიანი ქაღალდები გამოუშვას. ხოლო, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ევროპის ბაზარზე გამოჩენით ჩვენი საინვესტიციო გარემო აიწევს, ძალიან ცდება. ამის ნათელი მაგალითია, 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციები, რომლისგან მობილიზებულ თანხებს საქართველოს ეკონომიკაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და ზოგადად იმ პერიოდს დღევანდელობას თუ შევადარებთ, ქართული ბიზნესი და საინვესტიციო გარემო ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, 2011 წლისთვის მიზნად დასახული ევროობლიგაციების გამოშვება ან ბიუჯეტის შევსებისკენ, ან 2008 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ვალდებულებების დაფარვისკენაა მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს ვახტანგ ბალავაძე კატეგორიულად უარყოფს. გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობას იმიჯის ამაღლება ძალზედ ძვირი უჯდება და ევროობლიგაციების გამოშვების შემდეგ როგორ გაუმჯობესდება ქართული ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო დრო გვიჩვენებს. რეალობა კი ისაა, რომ მთავრობის გარკვეული წარმომადგენლების გაუაზრებელი ქმედებების გამო, საქართველოს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, კიდევ ერთი მძიმე ტვირთი აწვება ზურგზე.
თეონა ჭიტაძე
|