
სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით" განისაზღვრება. ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფლად ითვლება, თუ არ ზღუდავს კერძო საკუთრების დაცვას, კონკურენციის თავისუფლებას, ნებაყოფლობით გაცვლას და ა.შ. ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო ფონდი The Heritage Foundation და Wall Street Journal ერთობლივად, ყოველწლიურად აქვეყნებს. ორივე მათგანი თანხმდება, რომ ეკონომიკური თავისუფლება, ბოლო 20 წლის განმავლობაში, 2008-2009 წლებში განსაკუთრებით შემცირდა, რასაც გლობალური ეკონომიკური კრიზისით ხსნიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორივე ფონდის რეიტინგში საქართველომ მნიშვნელოვნად წინ წაიწია. The Heritage Foundation 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის 26-ე, ხოლო ევროპის 43 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი მიანიჭა. ეს გახდა საბაბი იმისა, რომ წელს საქართველომ პირველად "ძირითადად თავისუფალი" ქვეყნის სტატუსი მიიღო.
"ჰერიტიჯ ფაუნდეიშენს" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ათი კომპონენტის შეჯერებით გამოჰყავს. საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი ქულები მიენიჭა შემდეგ კატეგორიებში: ბიზნესის თავისუფლება - 87.9; ვაჭრობის თავისუფლება - 89.1; ფისკალური თავისუფლება - 89.1; მთავრობის ხარჯები - 65.3; მონეტარული თავისუფლება - 70.2; საინვესტიციო თავისუფლება - 70.0; ფინანსური თავისუფლება - 60.0; შრომის თავისუფლება - 93.7; ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაა საკუთრების უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მაგალითად, საკუთრების უფლებების დაცვა - 40.0 ქულა, ხოლო კორუფციისგან თავისუფლება - 39.0;
2009 წლის მაჩვენებლით საკუთრების უფლებები - 35, ხოლო კორუფციისგან თავისუფლება - 34 ქულით იყო შეფასებული. მიუხედავად ამ მაჩვენებელთა უმნიშვნელო ზრდისა, ქვეყნის მაჩვენებელი საკუთრების უფლებებსა და კორუფციისგან თავისუფლებაში მსოფლიო საშუალოზე (43.8) 3.8 პუნქტით ნაკლებია. არადა, ამ ორი მაჩვენებლის ზრდა მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ჯანსაღი და თავისუფალი ეკონომიკა სწორედ საკუთრების დაცვასა და კორუფციისაგან თავისუფლებაზეა აგებული.
საქართველოს აღნიშნულ პრობლემაზე "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის" წარმომადგენელმა რუსეთში საშა ტამიმ მიანიშნა. "საქართველოს საერთო შეფასება მაღალია, თუმცა ლეგალური სტრუქტურისა და საკუთრების უფლებების კომპონენტმა საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო. ამ კომპონენტში მისი შეფასება გარდამავალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალიც კი არის, რაც ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაუმჯობესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს სახელმწიფოს ჩარევა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაში", - განმარტა ტამიმ.
"ჰერიტიჯისა და ფრეიზერის რეიტინგში კერძო საკუთრების საკითხში დაბალი შეფასება გვაქვს. ჩვენი კანონმდებლობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საკუთრება დაცული იყოს. აშშ-ში კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა კონსტიტუციაში უწერიათ. ჩვენთან კი არ წერია, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, მაშინ რატომ ვფიქრობთ, რომ ის იქნება დაცული. დაცულიაო ესეც კი არ წერია, იქ წერია, რომ გარანტირებულია. მე იურისტებს კითხვა დავუსვი, რას ნიშნავს გარანტირებული კერძო საკუთრება, ვერავინ ვერ მითხრა რას ნიშნავს. ეს გარანტირებულობის ხარისხი სხვადასხვა ხელისუფლების ხელში შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს. კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ეწეროს, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი და რომ სასამართლოსაც არ აქვს უფლება განიხილოს ეს საკითხი", - განმარტავს "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.
საქართველოში ბევრს სჯერა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პოზიციის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებას. ეს კი საეჭვოა, რადგან სასამართლო სისტემაში კორუფცია ისევ ძირითადი პრობლემაა. ქართველი და უცხოელი ინვესტორები ეჭვით უყურებენ სასამართლოს უნარს დაიცვას მათი კერძო საკუთრება და კონტრაქტები. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ კანონის აღსრულება კი კვლავ სუსტია. სასამართლო სისტემის გაუმართაობასა და მისდამი ნაკლებ ნდობაზე გაამახვილა ყურადღება Wall Street Journal-მა, მან საქართველოში საკუთრების უფლებებსა და კორუფციისგან თავისუფლებას დაბალი მაჩვენებელი - 5.07 ქულა მიანიჭა.
"უცხოელი ინვესტორი ცდილობს, რომ სახსრები განათავსოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი ქონება იქნება დაცული. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სადღაც დავწინაურდით, ზოგადად ეს წინსვლა კარგია, მაგრამ იმდენად მძიმეა ადამიანთა მოლოდინი საკუთრების უფლების დაუცველობასთან დაკავშირებით, რომ ყველა ნათლად ხედავს მის შედეგებს. საქართველოში პირველ კვარტალში მხოლოდ 80 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში კი 170 მლნ. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები არსებობს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ქონებრივი უფლებების დაცვა. ჩვენ ვართ "დუინგ ბიზნესის" რეიტინგში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურებულები, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში არ არის სახაბიელო და მხოლოდ რეიტინგების მიხედვით არცერთი სერიოზული ინვესტორი არ შემოვა და არ დააბანდებს ფულს", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. ესენია: ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა, შრომის კოდექსის შეცვლა, სურსათის ხარისხის კონტროლის შემოღება და სტატისტიკის რეფორმირება. ეკონომიკის ექსპერტთა მოსაზრებები ამ საკითხში იყოფა. ნაწილის მოსაზრებით, ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი ინსტიტუტების შენება ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული თუ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები, ეკონომიკური თავისუფლების შემცირებას გამოიწვევს, რაც იქნება მიზეზი იმისა, რომ საქართველო რეიტინგში უკან პოზიციებზე გადაიწევს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველოზე დაწინაურებული ქვეყნებში ეს რეგულაციები არსებობს, მაგრამ ამას მათი რეიტინგში ლიდერობა არ შეუფერხებია. ამ გარემოებას თავის ახსნას უძებნის გია ჯანდიერი, - "რეგულირება ძალიან ბევრი თვალსაზრისით კერძო საკუთრებაზე თავდასხმაა. ბუნებრივია, ამ ქვეყნებს სხვა სფეროებში აქვთ უარყოფითი ნიშნები, ჩვენ კი დადებითი. ჩვენც რომ საკუთრებაში გვქონდეს ისეთივე კარგი შეფასება, როგორც იმათ აქვთ, მაშინ ჩვენ 23 ადგილზე კი არ ვიქნებით, არამედ პირველ ან მეორე ადგილზე. აქ არის, მაგალითად რამდენიმე საკითხი ჩამოთვლილი, რომელშიც ძალიან რთულად მიდის ჩვენი მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, იმიგრაციის და შრომის პოლიტიკა, შრომა დამყარებული კონტრაქტებზე, ეს არის ასევე საკვების უვნებლობის საკითხები. თუ ჩვენ ამას ავყვებით და შემოვიღებთ ყველა იმ რეგულირებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაუქმეთ, მაშინ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ 23-ე ადგილს და დავუბრუნდეთ მეასე ადგილზე".
ექსპერტთა ნაწილის აზრით კი ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეგულაციების შემოღება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყანაში მსხვილი უცხოური ინვესტიციებისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყება. "ევროკავშირი ჩვენგან მართლაც ითხოვს ბაზრის რამდენიმე სეგმენტის დარეგულირებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზარი ჰარმონიული იყოს ევროკავშირის ბაზართან, საითაც მივისწრაფვით ოფიციალურად. ჩვენთან საკუთრების უფლებები თუ გამოსწორდება და დაცული იქნება, ან ხარისხის უვნებლობისა და ანტიმონოპოლიური სამსახური ამოქმედდება, რომელიც მომავალში აუცილებლად გვექნება, არა მგონია, ეს გახდეს იმის მიზეზი, რომ რეიტინგში დავკარგოთ ადგილები", - ამბობს ნოდარ ხადური.
ქვეყანაში ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში, უკან პოზიციებზე გადანაცვლების საფრთხეს ვერ ხედავენ საქართველოს მთავრობაშიც. ისინი ესტონეთის მაგალითს იშველიებენ, რომელმაც ევრორეგულაციებისა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების შეთავსება წარმატებით მოახერხა და რეიტინგში საქართველოსთან შედარებით მნიშვნელოვანი დაწინაურება მოიპოვა. ასე რომ, ევრორეგულაციების ამოქმედება ქვეყანაში და მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსისთვის საჭირო კომპონენტების გაუმჯობესება სრულიად შესაძლებელია ერთმანეთს უპრობლემოდ შეეთავსოს და ხელისშემშლელი ფაქტორები გამოირიცხოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთრების უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების გაუმჯობესებაა, რათა რეიტინგში გათვალისწინებული ყველა სხვა კომპონენტი და ქვეყნის ეკონომიკის თავისუფლება და მდგრადობა, სწორედ მათზეა დამოკიდებული. თავისუფალი ეკონომიკა კი ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების დიდი მოცულობის გარანტია.
თეონა ჭიტაძე