ნანახია: 617
ბიუჯეტის ახალ პროექტში მხოლოდ 900 მილიონს კი არ აწერია ”და სხვა”, დანარჩენი 6 მილიარდიც ”და სხვაშია”, რადგან ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი და იქ რა რაში იხარჯება, არ არის მოცემული
ინტერვიუ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერთან, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან, ნოდარ ჯავახიშვილთან
-ბატონო ნოდარ, 1 ოქტომბრიდან საბანკო ზედამხედველობა მკაცრდება. ლიკვიდობის კოეფიციენტი 20%-დან 30%-მდე იზრდება. მისი ამოქმედებიდან 3 თვეში კი მკაცრდება კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნა (8%-დან, 12%-მდე). ერთი შეხედვით გამკაცრება ძველ ნორმებზე დაბრუნებას უფრო გულისხმობს, რადგან ეს მაჩვენებლები სწორედ 2008 წლის სექტემბერში შემცირდა და ახლა მათი ძველ ნიშნულზე დაბრუნება ხდება. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? რა ხდება, რატომ ამკაცრებს ეროვნული ბანკი ზედამხედველობას, საქართველოს საბანკო სექტორი კრიზისიდან გამოვიდა? - ჩემი ინფორმაციით, ბანკებს ძალიან ბევრი ფული აქვთ და ლიკვიდობის ამაღლება პრაქტიკულად არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს. აქ სულ სხვა პოლიტიკაა გასატარებელი. ბანკებს აქვთ ფული, ხშირ შემთხვევაში ძალიან იაფი რესურსი და მათ შორის სახელმწიფოსგან მიღებული. ამას კი ძალიან მომხმარებლურად იყენებენ საქართველოს ეკონომიკისა და ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. ამას რაიმე განსაკუთრებული შედეგები ექნება, თუმცა საბანკო სექტორში ნებისმიერმა გამკაცრებამ, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობისა, საბოლოო ჯამში, დადებითი შედეგი უნდა მოგვცეს, რადგან ზედამხედველობის ნაწილში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში. ამის შედეგია სწორედ ის პირამიდები, რომელიც მოხდა სამშენებლო სექტორში საბანკო სექტორთან ერთად. ბანკებს საკმაოდ დიდი რესურსები აქვთ. თუმცა, არც ეროვნული ბანკი და არც საქართველოს ”ეკონომიკის მამები” არ უნდა ტრაბახობდნენ ბანკებში განთავსებული დეპოზიტიებით. მაშინ როდესაც კრედიტები ძვირია, მისი გაცემის პირობები კი რთული. მე ვურჩევდი ეროვნულ ბანკს, თუმცა მათ ჩემი რჩევა არ სჭირდებათ და არც ითვალისწინებენ, შეამოწმონ როგორ მუშაობენ ქართული ბანკები, რომლებიც ფაქტობრივად ქართული ეკონომიკიდან და ქართული მოსახლეობიდან სისხლის გამოწოვის მეთოდით მუშაობენ. იქნებ ეროვნულმა ბანკმა ბანკებთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები ნახოს. ეს არის მონათმფლობელისა და მონის ხელშეკრულება, სადაც არანაირი უფლება არ აქვს კლიენტს და ყველაფრის უფლება აქვს ბანკს. სწორედ ამიტომ არსებობს ეროვნული ბანკი, რომელიც ზედამხედველობის ნაცვლად, კომერციული ბანკების დანაშაულებრივი ლობისტია. ჩვენს ბანკებს კრიზისის პერიოდში, სახელმწიფოც მნიშვნელოვნად დაეხმარა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც. თუმცა მათ არ უკითხავთ ამ გაჭირვების ან დალხინების ჟამს რამდენი აქვს ბანკის უმაღლეს ხელისუფალს ხელფასი. ამ გაჭირვებულ საქართველოში, სადაც პენსიის მოცულობა 80 ლარამდე ძლივს გაიზარდა და ისიც მას შემდეგ, რაც ეს 80 ლარი ინფლაციიდან გამომდინარე აღარც 40 ლარია, შეიძლება ბანკის პრეზიდენტს წელიწადში 700 000 ჰქონდეს შემოსავალი? ეს ხელფასები ძალიან ჰგავს დასავლურ ხელფასებს, მაგრამ დასავლეთს ჯერ სხვა რამით დაეწიონ. გასცენ კრედიტები იმ პროცენტში, როგორც დასავლეთშია და თუკი 3-4%-ად გაცემული სესხები მისცემთ მათ საშუალებას 700 000 და მილიონი დაინიშნონ ხელფასი, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ. საქმე იმაშია, რომ ერთში ეწევიან დასავლეთს, რომელიც ქართული ეკონომიკისა და ქართული მოსახლეობის საზიანოა, ამას ჰქვია ექსპლუატაცია და ყვლეფა ხალხისა და მეორეში, იგივე მიზეზითა და შედეგით არაფერი კეთდება. ეროვნული ბანკი, ფაქტიურად, ანტიმონოპოლიური ორგანოა საბანკო სისტემაში, მაგრამ ამ თვალსაზრისით არაფერი კეთდება. რასაკვირველია, ბანკები მოგებაზე გავიდნენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამას გახარებული გაიძახის. მოგებაზე რომ გავა, ამას რა თქმა უნდა, შეხედონ საპროცენტო განაკვეთებს. მეორე მხრივ, დეპოზიტებიც იქნება, აბა, არ იქნება? 10-11%-ს რომ უხდი დეპოზიტზე ადამიანს, ეს ქართული ეკონომიკისთვის კარგია? როცა მე ურისკოდ შემიძლია წელიწადში 10% მივიღო, მირჩევნია ბანკში დავდო ფული, ვიდრე რამე რისკი გავწიო და ინვესტიცია განვახორციელო. ეს ხელს უშლის ფულადი რესურსების მობილიზებას საწარმოო სექტორში. დაუმატეთ მას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები და აღმოჩნდება, რომ არა მარტო პერსპექტივაში აქტიურ მეწარმეს, არამედ ბანკებსაც ურჩევნიათ სესხის გაცემას სახაზინო ვალდებულებების ყიდვა, რადგან ამ შემთხვევაში არანაირი რისკი არ აქვს. მარტო ხელფასით არ შეიძლება შეედაროს ქართული საბანკო სისტემა ევროპას. ერთშიც შეედაროს, მეორეშიც და მესამეშიც. საბანკო სექტორს ძალიან დიდი ხანი შეუძლია იმუშაოს ნორმალურ რეჟიმში, თუკი ექნებათ ასეთი დამოკიდებულება ქართულ ეკონომიკასთან და არავინ ხელს არ შეუშლის მათ. კრიზისიდან გამოსვლას, როცა არქმევ მოგების ზრდას, რასაკვირველია, ასეც იქნება. რადგან ქვეყანა, რომელიც ბანკს 50 მლნ-ის სესხს 5%-ად მისცემს და უფლებას აძლევს იმავე ეტაპზე 30%-ად გასცეს იგი, რასაკვირველია, მოგება ექნება. მითუმეტეს, არავის უნახავს ეს 50 მლნ რეალურ სექტორში წავიდა თუ სახაზინო ვალდებულებები იყიდა ბანკმა. -სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ქვეყანაში ბოლო დროს მზარდ და უკანასკნელი 2 წლის მანძილზე რეკორდულ ინფლაციის მაჩვენებელს ხომ არ დაუკავშირებთ. რა ზეგავლენას მოახდენს ეს ნაბიჯები ინფლაციის ზრდის ტემპზე? თქვენი შეფასებით ეროვნული ბანკი იძულებით ხომ არ დგამს ამ ნაბიჯებს, რადგან მას ინფლაციის მოსათოკად სხვა ბერკეტები არ დარჩენია (თუ არ ჩავთვლით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, თუმცა ფაქტია, რომ ამ ბერკეტმა არ იმუშავა)? - საქართველოში დღეს მიმდინარე ინფლაციის ასეთი ტრაგიკული შეფასების საფუძველი ნამდვილად არ არის. მართალია ქართველებს მეხსიერება ძალიან დაგვიმოკლდა, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიპერინფლაცია გვქონდა და ეს იმასთან შედარებით არაფერი არ არის. რაც მთავარია, ამას, საბოლოო ჯამში, არანაირი ტექნიკური მეთოდები არ უშველის. მისი საშველი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკა, საკუთარი წარმოებაა. ძირითად პროდუქციაზე მაინც, იმ პროდუქციაზე, რომელზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება ქვეყანაში არის. არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანა, რომელიც 80%-ით უზრუნველყოფილია იმპორტით. ეს შეიძლება ისეთი ქვეყანა იყოს, რომელსაც აქვს რაღაც შეუზღუდავი რეალიზაციის საექსპორტო პროდუქცია, მაგალითად გაზი, ნავთობი... ჩვენნაირი ქვეყანა, რომელსაც პრაქტიკულად საექსპორტო არაფერი აქვს, არ შეიძლება 80%-ით იმპორტით იყოს დაკავებული და რომელიც სულ რაღაც ახლო წარსულში, ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იყო ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით მაინც. დღეს კი საქართველოში ნიჩაბი, თოხი, ცელი ყველაფერი შემოტანილი გვაქვს. თანაც შემოგვაქვს ყველაზე უხარისხო. არაფერს საქართველო არ აწარმოებს და გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ? არსებულ სიტუაციაში ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენთან დღეს ინფლაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს, მაგრამ ხელისუფლების კორუფციის უმაღლესი დონე განსაზღვრავს იმას, რომ საქართველოში მსოფლიო ფასების ზრდასთან ერთად ხდება ფასების ზრდა, კლებას კი აღარ მოჰყვება კლება. რადგან ამ გაზრდილ ფასში ჩადეს თავიანთი გაზრდილი მადა. საშუალება არ მაქვს რევიზია ჩავუტარო საწვავით მოვაჭრე ორგანიზაციებს, მაგრამ ისინი თვითონვე ამბობდნენ, - როგორ დავწიო ფასი, როდესაც სახელმწიფოს ყოველ ლიტრში 50 თეთრს ვუხდიდით? და, ალბათ უხდიან ახლაც. ნავთობი, როცა მსოფლიოში 150$ ღირდა, საქართველოში ლიტრი 2 ლარად ფასობდა. დღეს 70$ რომაა, ჩვენთან რატომ ღირს ისევ 2 ლარი? 2008 წლის ზაფხულში მსოფლიოში ფასების პიკი იყო, მერე მნიშვნელოვნად დაეცა, ახლა კი მსოფლიოში ფასების უმნიშვნელო მატება მოხდა. ეს იმ საზოგადოებისთვის ძალიან ადვილი გასაგებია, რადგან ფასები თუ 40%-ით შემცირდა, ახლა 5%-ით გაიზარდა. ჩვენი უბედურება კი ისაა, რომ 40%-იანი ვარდნა არ მომხდარა ფასებზე და იმის თავზე მივდივართ. ინფლაციაზე რომ საუბრობთ, ეკონომიკას ნუ ახსენებთ საერთოდ, არანაირი კავშირი არ აქვს მას ეკონომიკურ კატეგორიებთან. ეს არის ბანდიტური ხელისუფლება, რომელიც თვითონ აწესებს ყველაფრის ფასს. ჩვენი პრეზიდენტი ერთ დღეს, დილის 12 საათზე გამობრძანდა და ახსენა, რომ ფასები ძალიან მაღალია წამლებზე, საღამოს უკვე კლიპები გადიოდა ფასის კლებაზე. რამემ დაიკლო მართლა? არა. ამას მხოლოდ იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგი ვარ, არამედ მინდა, რომ საზოგადოებამ, მათ შორის მასმედიამ და ეკონომიკაზე მწერალმა მედიამ, გაიგოს რომ საქართველოში ფასწარმოქმნას არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ პროცესებთან, ესაა სააკაშვილის თავში დაბადებული იდეებიდან გამომდინარე. შარშან, შარშანწინდელთან შედარებით, 40-45%-ით შემცირდა ხორბლის მსოფლიო ფასი, ჩვენთან ხორბლის შემოტანის ფასი შემცირდა, პურის კი არა. მსოფლიოში უმნიშვნელოდ რომ გაიზარდა ხორბლის ფასი, საქართველოში პურის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა. თქვენ იცით, როგორი დინამიკა უნდა ყოფილიყო მაფიოზური სახელმწიფო რომ არ გვქონდეს? 2008 წელს თუ 70 თეთრი ღირდა პური, 2009-ში უნდა გამხდარიყო 35 თეთრი და წელს იქნებოდა 40 თეთრი. ამას ხალხი გაგებით მოეკიდებოდა. დღეს სახელმწიფოსთან შეკრული ბიზნესი ცდილობს ქართველ ხალხს გამოწოვოს სისხლი და ეს ყველაზე ადვილი პურშია, რადგან ქართველი კაცი დიდი რაოდენობით პურს მოიხმარს და ბოლო კაპიკებს სწორედ პურისთვის ინახავს. - როგორც ცნობილია, შემოდგომა ფასების სტაბილურობით ხასიათდება და წლის ამ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ყოველთვის იკლებს ხოლმე, წელს სექტემბრის თვე ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა, თქვენი აზრით, მოხერხდება თუ არ წლის ბოლომდე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე დაწევა? - არსებობს მაკრო ეკონომიკური მაჩვენებელი - მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც იყოფა დარგების მიხედვით და იქვე არის მუხლი - სახელმწიფო ხელისუფლება. აქ ფაქტობრივად უნდა იყოს ხელისუფლებისთვის საზოგადოების გაწეული ხარჯი. 2003 წელს ეს ხარჯი იყო 300 მლნ, დღეს არის 2 მლრდ ნახევარი. არცერთ სხვა მუხლში ასეთი ზრდა არ გვაქვს, სოფლის მეურნეობაში კი კატასტროფული შემცირებაა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. საქართველოში რეალურ ინფლაციასა და ოფიციალურ ინფლაციას შორის სხვაობა სულ ამ მუხლშია ჩაყრილი. თორემ როგორ შეიძლება რვანახევარჯერ გაიზარდოს სახელმწიფო ხელისუფლებაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი და ისტორიულად წამყვან დარგში შემცირდეს. გაუგებარია, სად მიაქვთ ეს ინფლაცია იმიტომ, რომ რაც სააკაშვილი მოვიდა ჩვენ არასოდეს არ გვქონდა ინფლაციის მაჩვენებელი რეალურ მაჩვენებელთან შესაბამისობაში. ამას საზოგადოებაც კარგად გრძნობს. - ჩვეულებისამებრ, ინფლაციასთან ბრძოლის გამკაცრება საბანკო კრედიტების გაძვირებას და ხელმიუწვდომლობას იწვევს. თქვენი აზრით, სებ-ის ბოლო ნაბიჯები რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ისედაც ძვირი კრედიტების კიდევ უფრო გაძვირებას? - მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ლიკვიდობაა ქართულ საბანკო სისტემაში, ეს პროცენტებს არ აგდებს. თქვენ გინდათ დააკავშიროთ ერთმანეთთან ეკონომიკური კატეგორიები ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური კატეგორიები არ მუშაობს? აიღეთ ბანკების საკომისიო მომსახურება. 7 ლარი რომ გადაურიცხო, ვთქვათ, საჯარო რეესტრს, ერთი ლარი ბანკმა უნდა გამოგართვას. დააპროცენტეთ და ნახეთ, მსოფლიოში თუ არის სადმე ასეთი მაღალი საკომისიო. აიღეთ კომუნალური გადასახადები, ამ ორგანიზაციებმა გააუქმეს უზარმაზარი რაოდენობა შტატებისა, ძალით გადაგვიყვანეს ბანკებთან და ბანკები ამაში ფულს გვართმევენ და მიდის ვაჭრობა. რატომ უნდა გადავიხადო ეს ფული, როცა ამა თუ იმ ორგანიზაციამ ამდენი ხალხი დაითხოვა, უზარმაზარი ფული გამოუთავისუფლდა და მოგება ნახა, თუ გადასახდელი იყო, გადაიხადოს მან. მე ხომ ჩემით არ წავსულვარ ბანკში, შენ გამაგდე, ამიტომ ბანკს მომსახურება შენ გადაუხადე. სულ არ უნდა ბანკს კრედიტის გაცემა, ესეც ეყოფა არსებობისთვის და რაში ედარდება მას თუ იაფი რესურსი გამოუყენებელი აქვს? ხოლო კრედიტზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა დამოკიდებულია ბანკის ხელმძღვანელისა და ხელისუფლების მადაზე, თუ მოუნდებათ გაიზრდება პროცენტი, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ იქნება ლიკვიდობასთან. - ქართული ბანკების 90%-ი ბიზნესის დასაწყებად სესხებს არ გასცემენ, ამასთან, გაცემულ სესხებში ლარში კრედიტის აღება მხოლოდ საშემოსავლო და მიკრო ბიზნესის გასავითარებლადაა შესაძლებელი. ანუ მსხვილი კრედიტები (იპოთეკური, ავტოსესხი და ა.შ.) მხოლოდ დოლარსა და ევროში გაიცემა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული ლარიზაციის პროცესი, ბანკების მეოხებით, პირიქით, დოლარიზაციის გაზრდისაკენაა მიმართული? - თქვენ გინახავთ საქართველოს ხელისუფლების ან ეროვნული ბანკის განცხადება, რომელიც მომავალში დადასტურებული შედეგებით დასრულებულა? ამ ყველაფერს ამბობენ მაშინ, როცა მათთვისაა საჭირო, არადა არავინ ფიქრობს, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს. რა ლარიზაციაზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად საუბრობს ვიღაც გერმანელ გენიოსებთან ერთად, რომ საქართველოში ლარი აღარ უნდა იყოს გადახდის ერთადერთი საშუალება და უნდა მიმოიქცეოდეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ვალუტა, პლუს ამას, მიდის მსჯელობა, რომ თითოეულ კომერციულ ბანკსაც უნდა მისცენ საშუალება გამოუშვას საკუთარი ფული. ამას ლარიზაციას ქადაგიძე ეძახის, მაგრამ ვიღაც გლობალიზაციით ტვინგატენილი გერმანელის მიმართ ქართველ ბანკირს ხომ არ გაუჩნდება ასეთი კითხვა, რომ გერმანიამ თავის ერთ ვალუტაზეც უარი თქვა და ევროპა მთლიანად ევროზე გადავიდა, მე რომ მომადექი, ეს ექსპერიმენტი ჯერ შენ ჩაიტარე. ასეთ საკითხებზე მსჯელობის შემდეგ ხელისუფლებას აღარ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება ლარიზაციაზე ისაუბროს.
თეონა ჭიტაძე
|