"ქამრების შემოჭერის" ფონზე 2011 წლის ბიუჯეტში ხელფასებზე 42 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა

2010 წლის ოქტომბრის დასაწყისში, პარლამენტში განსახილველად შევიდა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი. მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 30 მილიონი ლარით ნაკლებია და ხარჯების მოცულობა 6 მილიარდ 960 მილიონი ლარის ტოლ ნიშნულზეა გათვალისწინებული. პრიორიტეტულ მიმართულებებად მთავრობას კვლავ ჯანდაცვა, განათლება, სოციალური საკითხები და ინფრასტუქტურის განვითარება აქვს არჩეული. შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, აღნიშნული სფეროების დაფინანსება მაინც გაზრდილია. ყველაზე მეტად დაფინანსების ზრდა ჯანდაცვაზე აისახება და ხარჯები ამ მიმართულებით ბიუჯეტის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. თუმცა, რაზე დაიხარჯება ეს თანხები კონკრეტულად, დასახელებული არ არის, რასაც ფინანსთა სამინისტრო იმით ხსნის, რომ ამ მიმართულებით ხარჯების სტრუქტურის გადახედვა უნდა მოხდეს და კონკრეტული პრიორიტეტები ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის.
2011 წლის ბიუჯეტში შემოსავლების წილი 5 905 840.0 ათას ლარს შეადგენს, რაც 492 984.7 ათასი ლარით მეტია წინა წლის იგივე მაჩვენებელზე. თვითონ შემოსავლებში, გადასახადების მოცულობა კი 2010 წელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია და 5 მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. მაშინ, როცა 2010 წლის ბიუჯეტის გეგმაში ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ 532 მილიონის ტოლია. თუმცა, მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ახალი კოდექსის მიღებით მნიშვნელოვნად მცირდება საგადასახადო ტვირთი და მეწარმეები და ბიზნესმენები გაცილებით ლიბერალურ საგადასახადო გარემოს მიიღებდნენ. რეალურად კი ახალი საგადასახადო კოდექსით მოსახლეობასა და ბიზნესზე საგადასახადო წნეხი იზრდება, ამასთან, შემოდის სრულიად ახალი სახის გადასახადები, სწორედ მათი იმედი აქვს ხელისუფლებას.
გრანტების მოცულობა 75%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შემოსულობები ვალდებულებების ხარჯზე 949 160 000 ლარით შეივსება, რაც დაახლოებით 400 მილიონი ლარით ნაკლებია 2010 წლის მაჩვენებელზე. ეს უმეტესწილად იმის დამსახურებაა, რომ დონორების მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხები 2010 წელს მთავრდება. არაფინანსური აქტივების კლებით 2011 წელს ბიუჯეტის შემოსულობებში 70 მილიონი ლარი შევა.
რაც შეეხება გადასახდელებს - ამ მაჩვენებელში ხარჯების წილი 5 707 181 ათასი ლარით განისაზღვრება და მიმდინარე წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 170 მილიონი ლარით აღემატება.
"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გატარების მიუხედავად, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასებისთვის 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 085 282.8 ათასი ლარი, 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 1 043 118.0 ათასი ლარის ტოლი იყო. ასევე გაზრდილია საპროცენტო ხარჯებიც და ამ მიმართულებით 2011 წელს დაახლოებით 314 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა, როგორც ჩანს, ხარჯების ყველა სხვა მიმართულებით მთავრობა ხარჯების შემცირებას გეგმავს. მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შემცირებულია სუბსიდიებისა და გრანტების მოცულობა, მიმდინარე წელთან შედარებით ასევე შემცირებულია სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები.
2011 წლის ბიუჯეტიდან თითქმის 890 მილიონი ლარი არაფინანსური აქტივების ზრდაზე დაიხარჯება. ვალის მომსახურებას კი 203 მილიონ 35 ათასი ლარი მოხმარდება.
საკმაოდ ბევრი ბუნდოვანი მომენტები შეინიშნება ბიუჯეტის კანონის მე-9 მუხლში, რომელიც ასახულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია. საქმე იმაშია, რომ რიგი მუხლებისა, რომლებზეც დაფინანსება გაზრდილია, კონკრეტულად არ არის გაწერილი. მაგალითად, ბიუჯეტის პროექტში ყურადღებას იქცევს ერთი ფაქტი. სოციალურ დაცვაზე ბიუჯეტიდან 1 408 597.0 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც დღევანდელი ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტია. თუმცა ამ პუნქტს მუხლობრივად თუ განვიხილავთ, ხარჯები შემცირებულია ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე, ოჯახებისა და ბავშვების სოციალურ დაცვაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტში თანხები საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული. ხარჯები გაზრდილია მხოლოდ ერთ პუნქტზე, რომელიც განმარტებულია, როგორც სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას. ამ პუნქტზე ხარჯები თითქმის გაორმაგებულია, არადა კონკრეტულად გაურკვეველია, რა მოიაზრება ამ ცნების ქვეშ.
შემცირებულია თავდაცვის ხარჯებიც. წესრიგზე და საზოგადოების უსაფრთხოებაზე გამოყოფილი თანხები ასევე შემცირებულია, თუმცა სტრუქტურის მიხედვით გაზრდილია პოლიციის ხარჯები და შემცირებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე გამოყოფილი სახსრები.
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალურ კლასიფიკაციაში განათლების სფეროს გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, უმაღლესი განათლების ხარჯები შემცირებულია. სკოლამდელი აღზრდის დაფინანსებაზე თანხები საერთოდ არ არის გამოყოფილი.
2011 წლის ბიუჯეტში დეფიციტი 4.3%-ით განისაზღვრება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტზე 2%-ით ნაკლებია.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის წასახალისებლად უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ მომხდარიყო ხარჯების შემცირება, რაც ეკონომიკის წახალისების გარდა, დეფიციტის უფრო მეტად შემცირებას გამოიწვევს.
ამდენად, 2011 წლის ბიუჯეტი ამ ძირითადი მაჩვენებლებით ხასიათდება, მთელი რიგი კონკრეტული მუხლები კი როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯერ კიდევ გადახედვას მოითხოვს და ამის შემდეგ მოხდება მათი უშუალო გაწერა.
ნოდარ ჭიჭინაძე