ნანახია: 601
საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა" „კორუფციის აღქმის ინდექსში" (CPI) საქართველოს პოზიციები გაუარესდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, 178 ქვეყანას შორის მიმდინარე წელს საქართველომ 66-ე პოზიციიდან 68-ზე გადაინაცვლა. საქართველომ წელს მაქსიმალური 10 ქულიდან წელს 3.8 ქულა მიიღო, ხოლო შარშან 4,1 ქულიანი მაჩვენებელი ჰქონდა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, „კორუფციის აღქმის ინდექსი" შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. „საქართველოს ინდექსი ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და კვლავ რჩება პრობლემად", - განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მატიას ჰუტერი. მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომელიც საქართველოში კვლავ პრობლემური რჩება. მათ შორის, სასამართლო სისტემა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანსების საკითხებში. ჰუტერის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა ამ სფეროში პრობლემებს აღმოფხვრის და სახელმწიფო კონტრაქტებს გამჭვირვალეს გახდის. ელექტრონული ტენდერები მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, კვლევას ძნელია არ ენდო, რადგან ქვეყანაში კორუფციის პრობლემა ჯერ კიდევ მწვავედ დგას, - „მართალია 2003 წელს მოსულმა ხელისუფლებამ კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ ეს უმეტესწილად დაბალ ეშელონებს შეეხო, ხოლო ელიტარული კორუფცია კვლავ მყარად დგას ქართულ სინამდვილეში. საქართველოში კორუფციის მაღალ დონეზე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად საუბრობენ, მათ შორის Freedom House, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლვას აწარმოებს ამ ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის თანახმად საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სწორედ, რომ კორუფციაში აქვს - 3,9 ქულა 10 შესაძლებლიდან. ამასთან აღსანიშნავია, რომ კორუფციის ეგრეთწოდებული ლეგალიზაციაც ხშირად ხდება, იგივე საკანონმდებლო დონეზე. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა იმის გამო, რომ რომელიმე ჩინოვნიკმა ან კონკრეტულმა ბიზნესმენმა იხეიროს, კანონებიც კი იცვლება“. „კორუფციის აღქმის ინდექსი" აჩვენებს, რომ საქართველოს კორუფციის აღქმის უფრო დაბალი დონე აქვს, ვიდრე მის მეზობელ სახელმწიფოებს, გარდა თურქეთისა. თურქეთი რეიტინგში 4,4 ქულით 56-ე ადგილს იკავებს. სომხეთის ინდექსი 2,6 ქულაა და ეს ქვეყანა 123-ე ადგილზეა; აზერბაიჯანი 134-ე ადგილზეა 2,4 ქულით, ხოლო რუსეთი 2,1 ქულით 154-ე ადგილზეა. რეიტინგში შეფასების უმაღლესი ქულები დანიამ, ახალმა ზელანდიამ და სინგაპურმა (9,3 ქულა), ასევე ფინეთმა და შვედეთმა (9,2 ქულა) მიიღეს. რეიტინგში ბოლო ადგილს სომალი (1,1 ქულა) იკავებს, რომელიც ოდნავ ჩამორჩება მიანმარს (1,4 ქულა), ავღანეთს (1,4 ქულა) და ერაყს (1,5 ქულა).
გოგა აბრამიშვილი
|