ინტერვიუ "პროკრედიტ ბანკის" გენერალურ დირექტორთან მაია მერედოვასთან

ქ-ნი მაია მერედოვა 2007 წლიდან “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა განყოფილებებთან ერთად ადამიანური რესურსების, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისა და ორგანიზაციების განყოფილებებს კურირებს. საქართველოში მუშაობის დაწყებამდე ქ-ნი მაია მერედოვა მუშაობდა "პროკრედიტ ბანკი სერბიაში" და ფინანსურ კომპანიაში “პროკრედიტ მოლდოვა”. ქალბატონი მაია ასევე მუშაობდა ყირგიზეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიკრო და მცირე საწარმოთა ხელშეწყობის სამსახურის მრჩევლად და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში კერძო და ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების მსოფლიო ბანკის კონსულტანტად.
- ქალბატონო მაია, თქვენი წინამორბედის, ფილიპ პოტის, მმართველობის დროს, ბანკი ორიენტირებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, თქვენი ხელმძღვანელობის დროს, გააგრძელებს თუ არა ბანკი ძველ პოლიტიკას და რაიმე ახალი ინოვაციური ინიციატივებით ხომ არ მოხვედით ახალ თანმდებობაზე?- ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა "პროკრედიტ ბანკის" მისიის ნაწილია, რადგანაც გვჯერა, რომ სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ შესაბამისი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. მენეჯმენტის ცვლილება არ ცვლის ბანკის მისიას და ძირითად ორიენტირს; ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საწარმოთა მხარდაჭერას. თუმცა, პროდუქტებისა და მომსახურების თვალსაზრისით ნამდვილად იქნება გარკვეული ცვლილებები და სიახლეები - ჩვენს კლიენტებს ახალ პროდუქტებსა და კიდევ უფრო უკეთეს მომსახურებას შევთავაზებთ. ახლახან ბაზარზე ახალი მომსახურება შემოვიტანეთ - ბიზნეს მრჩეველი მცირე ბიზნესკლიენტებისათვის. ბიზნეს მრჩეველი ბანკში ამ საწარმოების პირველი საკონტაქტო პირი იქნება მათ ყველა საბანკო საკითხზე პროფესიონალურ რჩევას მისცემს, რითაც როგორც ბიზნესის, ასევე ოჯახის საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ჩვენ ვაგრძელებთ მომსახურების გაუმჯობესებას ჩვენი კლიენტებისათვის, რათა მათი მოთხოვნები და საჭიროებები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.
- როგორ შეაფასებდით დღესდღეობით საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ სიტუაციას? მოგეხსენებათ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს საბანკო სექტორშიც იყო კრიზისი, რაშიც თავისი წვლილი 2008 წლის აგვისტოს ომმაც შეიტანა. თქვენი შეფასებით, ქართულმა საბანკო სექტორმა კრიზისი გადალახა და შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ომამდელ პერიოდს დავუბრუნდით?- საბანკო სექტორში ჯერ კიდევ არის ბანკები, რომლებიც ზარალს განიცდიან, თუმცა წამყვანი ბანკები უკვე ისევ მომგებიანი არიან და როგორც აქტივების, ასევე ვალდებულებების თვალსაზრისით იზრდებიან. მთლიანობაში, საბანკო სექტორი ისევ მომგებიანი და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სექტორმა კრიზისი გადალახა და ამდენად, მთლიანი სურათი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. და მაინც, ვიტყოდი, რომ არსებული სიტუაცია შორსაა იმისგან, რაც კრისიზამდე იყო, მაგრამ იგი ნამდვილად აღმავლობის გზას ადგას.
- 1 ოქტომბრიდან საბანკო ზედამხედველობა მკაცრდება. ლიკვიდობის კოეფიციენტი 20%-დან 30%-მდე იზრდება. მისი ამოქმედებიდან 3 თვეში კი მკაცრდება კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნა (8%-დან, 12%-მდე). ეს მაჩვენებლები 2008 წლის სექტემბერში შემცირდა და ახლა მათი ძველ ნიშნულზე დაბრუნება ხდება. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? თქვენი აზრით, რატომ ამკაცრებს ეროვნული ბანკი ზედამხედველობას? მიმდინარე წელს არსებული მაღალი ინფლაციისა თუ ბანკებში არსებული რაიმე ხარვეზების გამო?- გეთანხმებით, რომ ლიკვიდურობის კოეფიციენტი მართლაც გაიზარდა 20%-დან 30%-მდე, მაგრამ კაპიტალის ადეკვატურობის თვალსაზრისით, უცხოურ ვალუტაში აქტივების რისკის მიხედვით შეწონვა - 150%-დან 175%-მდე გაიზარდა, რამაც თავის მხრივ გაზარდა კაპიტალის მიმართ მოთხოვნა; თუმცა კოეფიციენტები არ შეცვლილა: პირველადი კაპიტალისთვის კვლავ 8%-ია, ხოლო მეორადი კაპიტალისთვის - 12%. კრიზისის დროს ბანკების მხარდაჭერის მიზნით ეროვნულმა ბანკმა როგორც კაპიტალის ადეკვატურობის, ასევე ლიკვიდურობის კოეფიციენტების მოთხოვნები შეამცირა. ეს დროებითი ზომა იყო. ახლა კი, როცა ბანკები რთული მდგომარეობიდან გამოდიან, ეროვნულმა ბანკმა ისევ შედარებით მკაცრი მოთხოვნები დააწესა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისამდელ პერიოდში რეგულირება უფრო მკაცრი იყო: უცხოურ ვალუტაში აქტივების რისკის მიხედვით შეწონვა 200% იყო, დღევანდელ 175%-თან შედარებით. ეს ნორმალური პროცესია, რადგან ეკონომიკური აღმავლობის დროს ეროვნულმა ბანკმა სექტორში ბუფერი უნდა შექმნას.
- ანუ მაღალი ინფლაციის გამო ამ ნაბიჯის გადადგმას გამორიცხავთ?- შეიძლება ინფლაცია ამ ნაბიჯის არაპირდაპირი მიზეზიაც იყოს, მე ვფიქრობ, რომ ინფლაცია მხოლოდ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნით არაა განპირობებული; საქართველო დიდადაა დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე, ასე რომ ჩვენ ინფლაცია საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ საქონელთან ერთად შემოგვაქვს. ეროვნული ბანკი, გამკაცრებული საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებით, არაპირდაპირ უბიძგებს ბანკებს უფრო გონივრული საკრედიტო საქმიანობისკენ.
- საქართველოში კრედიტებზე საკმაოდ მაღალი განაკვეთებია, რა არის ამის მიზეზი? თქეენი აზრით, არის თუ არა ამ განაკვეთების შემცირების ტენდენცია? - ამ კითხვას ხშირად სვამენ ჟურნალისტებიც და კლიენტებიც. გეთანხმებით, რომ დასავლეთთან შედარებით ჩვენთან კრედიტებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. თუმცა, ამავე დროს საკითხის მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ: საქართველოს საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზეც გაცილებით მაღალია, ვიდრე დასავლეთში. ბანკებს დაფინანსების ხარჯები საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს სესხებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებზე. ამიტომ, როგორც მომხმარებელმა, ასევე მეწარმეებმა უნდა შეხედონ არა მხოლოდ კრედიტებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, არამედ ანაბრებზე არსებულ მაღალ სარგებელსაც. ჩვენ მათ ვურჩევდით ისარგებლონ ანაბრებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და გააკეთონ დანაზოგი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე 2008 წლის კრიზისამდე იყო.
- რა უშლის ბანკებს ხელს, რომ დეპოზიტებზე შეამცირონ საპროცენტო განაკვეთი და კრედიტებზეც?- თუ დააკვირდებით საბანკო სექტორში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, ნახავთ, რომ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია იკვეთება. შარშან, 2009 წლის სექტემბრიდან, კრედიტები გაიაფდა. ჩვენ პირველი ბანკი ვიყავით, რომელმაც დეპოზიტებზე, და საბოლოოდ კრედიტებზეც დაწია საპროცენტო განაკვეთები. ამას მოჰყვა გაზაფხულზე საპროცენტო განაკვეთების მეორედ დაწევა. კრედიტის და ანაბრის მხარეებს შორის აშკარა ურთიერთდამოკიდებულებაა. ახლახან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რამდენიმე ბანკმა ეროვნულ ვალუტაში არსებულ ანაბრებზე განაკვეთები გაზარდა, რამაც შეიძლება ახლო მომავალში საპროცენტო განაკვეთების მატება კრედიტებზეც განაპირობოს.
რაც შეეხება ანაბრებზე და კრედიტებზე განაკვეთების დაწევას, ერთი ბანკი ამას ვერაფერს მოუხერხებს; ამისთვის საჭიროა, რომ მთლიანმა საბანკო სექტორმა ერთიანად იმოქმედოს. ადრე განაკვეთების შემცირების მიზეზი ის იყო, რომ საბანკო სექტორს ჭარბი ლიკვიდობა ჰქონდა და არ ესაჭიროებოდა დიდი ოდენობით კლიენტთა სახსრების მოზიდვა. ამიტომ ხდებოდა საპროცენტო განაკვეთის დაწევა. ახლა პირიქითაა, როცა ლიკვიდობა მცირდება და ბანკებს ფინანსური სახსრების მოზიდვის საჭიროება შეექმნათ, უკვე ზრდიან ანაბრებზე პროცენტებს, რაც კრედიტებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებზეც ახდენს ზეგავლენას.
- ეროვნული ბანკის განცხადებით, მიმდინარე წელს მისი მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს საბანკო სექტორში ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდა. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებისა და კრედიტების რაოდენობის ზრდა და რატომაა რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ იზრდება.- ეროვნული ბანკის ეს განცხადება და ძალისხმევა ძალზე მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გითხრათ ჩვენი კლიენტების მაგალითზე, ისინი სულ უფრო და უფრო ითხოვენ ლარში სესხებს. ლარში სესხების აღების შემთხვევაში, ისინი სავალუტო რისკისგან არიან დაცული, ვინაიდან მათ შემოსავალი ლარში აქვთ და ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობენ. იმ კლიენტებს, რომლებიც უცოური საქონლის იმპორტით არიან დაკავებულნი და ამ საქონელს ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, ნაკლებად სჭირდებათ კრედიტის ლარში აღება, რადგან მათი ფასები დოლარის ან ევროს კურსზეა მიბმული. ლარში სესხის აღებაზე მოთხოვნა ძირითადად იმ კლიენტებისაგან მოდის, ვინც მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კლიენტთა დანაზოგები ძირითადად დოლარში და ევროშია, `პროკრედიტ ბანკში~ კლიენტთა სახსრების მხოლოდ 25%-ია ლარში დენომინირებული. კლიენტები ჯერ კიდევ არ `ფიქრობენ ლარებში~. დოლარიზაციის ძირითადი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ფასები, განსაკუთრებით უძრავ ქონებაზე, ასევე სხვა საქონელზე, კვოტირებულია დოლარში და თვითონ ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული. პრობლემა, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით გადაიჭრება, რადგან ეკონომიკის ლარიზაციისთვის აუცილებელია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. რაც მთავარია ადამიანების მენტალიტეტი უნდა გადაეწყოს იმდაგვარად, რომ თუნდაც ფასების აღქმა დაიწყონ ლარში და არა დოლარში.
- ბანკები უცხოურ ვალუტაში სესხის აღების წახალისებას ახდენენ. არის სესხების გარკვეული ტიპები, რომლებიც მხოლოდ დოლარში ან ევროში გაიცემა. რა არის ამის მიზეზი? ბანკები ხომ არ ცდილობენ, რომ სავალუტო რისკებისგან თავი დაიცვან და ის კრედიტორებს გადააბარონ? - არა მგონია, ეს იყოს მიზეზი. დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში რომ მოხდეს, ამისათვის ბანკებს ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა. რეალურად ეროვნული ვალუტის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბაზარია და ბანკებს უწევთ კლიენტების სახსრებს დაეყრდნონ. ბაზარზე კი შემდეგი სურათი გვაქვს - კლიენტები დანაზოგებს ძირითადად უცხოურ ვალუტაში აკეთებენ, ლარში დენომინირებული კლიენტთა სახსრები კი შეზღუდული ოდენობითაა. შესაბამისად, ბანკებს უწევთ იმ კლიენტთა შერჩევა, რომელთაც ლარში დააკრედიტებენ. უცხოური ვალუტით დაფინანსებაზე წვდომა ჩვენ საზღვარგარეთიდანაც გვაქვს, მაგრამ ადგილობრივი ვალუტით დაფინანსება მხოლოდ ადგილობრივი ბაზრიდან შეგვიძლია მივიღოთ. ამიტომ ვცდილობთ ლარში კრედიტები გავცეთ იმ კლიენტებზე, რომლებიც საქმიანობენ ადგილობრივ ეკონომიკაში, რომელთაც შემოსავალი აქვთ ლარში, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ისინი სავალუტო რისკისგან. ხოლო ის იმპორტიორები, რომელთაც პროდუქტი საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, რამდენადმე დაცული არიან სავალუტო რისკისაგან, რადგან მათი ფასები დოლარში ან ევროშია კვოტირებული, ამიტომ კრედიტები უცხოურ ვალუტაში მათთვის უფრო მისაღებია. ასე რომ, ბანკმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად უნდა გაავლოს ხაზი.
- ბოლო დროს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსი არ ემთხვევა კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებულ კურსს. ეს უმეტესწილად ხუთ მსხვილ ბანკს ეხება. თქვენი შეფასებით, რა არის ამის მიზეზი, ქართული ბანკები ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არ ენდობიან?- ამის მიზეზი გასულ თვეს ლარის დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის ძალიან დიდი მერყეობა იყო. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღის განმავლობაშიც კი ბევრჯერ იცვლებოდა. დილით სხვა მაჩვენებელი იყო, ხოლო საღამოს – სხვა. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რათა ბანკებს თავი დაეცვათ სავალუტო კურსის მერყეობისგან, გარკვეული სპრედის გაკეთება უწევდათ, რათა მაქსიმალურად ყოფილიყვნენ სავალუტო რისკებისგან დაცულნი. ხოლო როდესაც ვალუტის გაცვლითი კურსი არ მერყეობს, მაშინ ბუნებრივია, ბანკებს გაცვლითი კურსის დადგენა ვიწრო სპრედის ფარგლებშიც შეუძლიათ.
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი