ნანახია: 670
შემოსავლების სამსახური ბიზნესს მომსახურების სფეროში ახალ შეთავაზებებს პერმანენტულად სთავაზობს. თუმცა მისი მომსახურება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შემდეგ ფასიანია. თუ ადრე სამსახურის თანამშრომლები ბიზნესს ფინანსურ დოკუმენტაციასა და სხვადასხვა საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებს უფასოდ უგვარებდნენ, ახლა ბიზნესი საგადასახადო უწყებას გადასახადებსაც გადაუხდის და ნებისმიერი სერვისისთვის მომსახურების თანხასაც. გასულ თვეს, შემოსავლების სამსახურმა მსხვილ გადამხდელებს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება შესთავაზა. საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეეძლება. იგი ბიზნესს საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში, დეკლარაციებისა და ანგარიშების ფორმების სწორად შევსებაში დაეხმარება. საგადასახადო აგენტის მომსახურება ექვსი თვის განმავლობაში 2000 ლარით განისაზღვრება. რამდენიმე დღის წინ კი, შემოსავლების სამსახურმა ბიზნესს აუდიტორული შემოწმება შესთავაზა. ეს გულისხმობს: ბიზნესს, რომელიც მიმართავს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო შემოწმების დაგეგმვა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით, მისთვის სასურველ დროს თავად შეეძლება. სერვისი ფასიანია და იგი ბიზნესის წლიური ბრუნვის მიხედვით განისაზღვრება. თუ ბიზნესის ბრუნვა წელიწადში მილიონ ლარს აღემატება, შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებულ სერვისში 30 ათასი ლარს გადაიხდის, ხოლო მილიონ ლარზე ნაკლები ბრუნვის შემთხვევაში 10 ათასს ლარს. შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული სერვისები ბიზნესისთვის ნებაყოფლობითია. ფასიან სერვისს კომპანიათა უმრავლესობა მაინც თანხმდება, რადგან პირადი აგენტის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია, ბეზნესმენისთვის წინაპირობაა იმისა, რომ შემოსავლების სამსახური მის მიერ შედგენილ დოკუმენტში ვეღარ შეედავება. აუდიტორულ შემოწმებასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. მეწარმისთვის ეს სერვისი ერთი მხრივ მისაღები და კარგიცაა, რადგან თუ მას წლის დასაწყისში დოკუმენტაციაში ხარვეზები აქვს, წლის ბოლოსთვის შეძლებს მოგვარებას და დაჯარიმების მხრივ პრობლემებიც ნაკლებად შეექმნება. შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული სერვისები კანონიერ კორუფციას ძალიან წააგავს. თუ ადრე ბიზნესმენს, რომელსაც ანგარიშგებაში ხარვეზები ჰქონდა, თავსდამდგარ საგადასახადოს თანამშრომელს თანხას სთავაზობდა, რათა იმ მომენტში არ დაეჯარიმებინათ, ახლა თვითონ საგადასახადო ორგანო სთავაზობს ბიზნესს იგივეს, ანუ მეწარმე შემოსავლების სამსახურს ფულს ოფიციალურად გადაუხდის და როცა თავად მოესურვება საგადასახადოც მაშინ შეამოწმებს. ასე, რომ საქართველოში კურუფცია ლეგალური გახდება.
თეონა ჭიტაძე
|