ნანახია: 395
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მომავალი წლის ბიუჯეტში პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაზრდას აპროტესტებს და აცხადებს, რომ "ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხელისუფლების ტყუილია. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდს გიორგი ახვლედიანი ჯიბის ფულს უწოდებს, რადგან, მისი განცხადებით, ამ მიმართულებით კონტროლისა და მონიტორინგის საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ”სამწუხაროდ, დღეს არავითარ ქამრების მოჭერაზე საუბარი აღარ არის. ეს თანხები გაორმაგებულია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის თანხები, რომლის მონიტორინგის არანაირი კონკრეტული მექანიზმი არ არსებობს, რათა გაირკვეს, თუ რა მიმართულებით იხარჯება თანხები. ამ თანხებს პირდაპირ შეიძლება ეწოდოს მთავრობისა და პრეზიდენტის ჯიბის ფული. ეს არის ის თანხები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს და არათუ რიგითი მოქალაქე, დეპუტატებისთვისაც კი ხელმიუწვდომელია ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით იხარჯება თანხები”, - აღნიშნავს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი. როდესაც ერთი წლის წინათ ხელისუფლებამ "ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა შემოგვთავაზა, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდი 25-25 მილიონი ლარით განსაზღვრა და ამით დაგვანახვა საკუთარი ხელმომჭირნეობა, დღეს კი სარეზერვო ფონდებისათვის უკვე 50-50 მილიონია გათვალისწინებულიო, აღნიშნავს ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი და ამბობს, რომ, 2009 წლის 18 დეკემბერს საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტსა და მთავრობას სარეზერვო ფონდებიდან თანხის განკარგვა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ, დახარჯულ თანხებზე კი მონიტორინგის საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ის, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი საკმაოდ რთულია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელიც აღნიშნავს. ცნობისათვის: საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდი 2004 წელს, მთავრობის კი 2005 წელს შეიქმნა. თამარ ხიდაშელის განმარტებითვე, ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესი წლიდან წლამდე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა კი საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც არის, რომელთა მიხედვით, ფონდებიდან ფულის დასახარჯად უკვე აღარ არის აუცილებელი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევები, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები. მისივე თქმით, მონიტორინგის შესაფერხებლად არაერთი მექანიზმი მოქმედებს. ”სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების განკარგვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა. ანუ პრეზიდენტს, მთავრობას ან იმ კონკრეტულ სააგენტოს, რომელიც აღნიშნულ თანხას იღებს, შეუძლია შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით და, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მის კანონიერებას ვერც შევამოწმებთ - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შეუძლებელია ბრძანებულებების მოპოვება და, მეორე, თუკი ბრძანებულება მოიპოვე, თანხის ხარჯვის კანონიერებას ვერ ამოწმებ, რადგან კანონშიც წერია, რომ სარეზერვო ფონდიდან განკარგულ თანხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა არ ვრცელდება”, - ამბობს თამარ ხიდაშელი.
|