ნანახია: 1687
რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინება შენელდა. ინვესტიციები შეწყდა თითქმის ყველა მიმართულებით. ყველა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2008 წელს საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2007 წელთან შედარებით, 600 მლნ-ით ნაკლებია. 2008 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივი და უცხოური კომპანიების გამოკითხვა განახორციელა. ბიზნესმენებმა გასცეს ბანკს პასუხი კითხვაზე, ელიან თუ არა ისინი 2009 წელს საკუთარ ბიზნესში ინვესტიციებს. კვლევის მიზანს ქვეყანაში 2009 წლის განმავლობაში კერძო უცხოური კაპიტალის შემოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება წარმოადგენდა. მასში მონაწილეობა მიიღო 119-მა კომპანიამ. ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, 2009 წელს საქართველოს კერძო სექტორში 1,74 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა შემოდინება არის მოსალოდნელი. შესაბამისად, ამ თანხას კერძო სექტორი მოიზიდავს. წელს ჩვენს ქვეყანაში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით დაახლოებით 815 მილიონი, ხოლო პორტფელური ინვესტიციების სახით, 33 მლნ აშშ დოლარის შემოდინება არის მოსალოდნელი, ხოლო, რაც შეეხება ერთობლივ სესხებსა და სხვა სახსრებს, ეროვნული ბანკი 1 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვას ვარაუდობს. თუ კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, კაპიტალის შემოდინების მიხედვით, 2009 წელს გაერთიანებული საამიროების, აშშს, ჩინეთის, ბრიტანეთის, ჩეხეთისა და აზერბაიჯანის გალიდერებაა მოსალოდნელი. 1,74 მილიარდი დოლარის ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინვესტიციების რაოდენობას წინა წლებთან შედარებით. იგი ბულგარეთისა და ესტონეთის მაჩვენებლებზეც 2-3-ჯერ ნაკლებია. შარშან, სულ მცირე, 2 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსვლას ელოდნენ საქართველოში, თუმცა ეს პროგნოზი, სამწუხაროდ, არ გამართლდა და ახლა მხოლოდ 800 მილიონზე კეთდება პროგნოზი. ამ 1,74 მილიარდ აშშ დოლარში, ასევე გათვალისწინებულია დახმარებები, რომელსაც საქართველოს ომის შემდეგ შეპირდნენ. ამ რაოდენობის ინვესტიციის ნამდვილად შემოსვლას რეალურად მიიჩნევენ ქართველი ეკონომიკური ექსპერტები. მათი აზრით, წელს ძირითადი რესურსი გრანტები, შეღავათები კრედიტებზე და საერთაშორისო დახმარებებიდან შემოსული თანხა იქნება. ინვესტიციებში დიდი როლი ენიჭება ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ფულს, რომელსაც ისინი საქართველოში აგზავნიან, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ვალუტის კურსის მუდმივი ცვალებადობის ფაქტორი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ძალიან მცირეა და მის გასაზრდელად საჭიროა ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამატებითი ღონისძიებების გატარება. რაც შეიძლება მეტი კაპიტალი უნდა იქნეს მოზიდული და უნდა მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული ბიზნესის ლობირების გაძლიერება და ა.შ. 2008 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, 16%-ით შემცირდა. 2007 წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციების მოცულობა 1,312 მლრდ აშშ დოლარის მაჩვენებელზე იყო, 2008 წლის ამავე პერიოდში კი ინვესტიციები 1, 105 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2008 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი ინვესტიციები მკვეთრად 150 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მათმა მოცულობამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 71%-ით, 2008 წლის წინა კვარტალთან შედარებით კი 68%-ით იკლო. ყველაზე მსხვილი ინვესტორი 2008 წელის ივლის-სექტემბერში საქართველოში იაპონია იყო - 34,69 მლნ აშშ დოლარით. ეკონომიკური ექსპერტების ვარაუდით, საქართველოს რეალობიდან და მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანაში არა თუ ახალი უცხოური ინვესტიციების, არამედ უკვე დაგეგმილი არსებული უცხოური კაპიტალის გადინებაა მოსალოდნელი. სამთავრობო სტრუქტურები უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ მიზეზად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და აგვისტოს ომს ასახელებენ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია პირდაპირი კერძო ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში ოპტიმიზმით უყურებს და მომავალ წელს საქართველოში მინიმუმ 800-900 მილიონ დოლარამდე უცხოური კაპიტალის დაბანდებას ვარაუდობს. `მსოფლიოში საკმარისია `ნაღდი~ ფული, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში ინვესტირებისკენაა მოწოდებული, ეს პოტენციალი ჩვენ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ თანხების მოსაზიდად~,-აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
გვანცა ზავრაშვილი
|