ნანახია: 866
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) დამატებით 15 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ტექსტილის ქარხანას ქუთაისში ეგვიპტელი ინვესტორები ააშენებენ, ხოლო მეტალურგიული ქარხანა უკრაინულ-ინდურ-ქართული ინვესტიციებით აშენდება. ქუთაისის თიზ-ში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, კომპანია "ფრეში" შესაბამის მემორანდუმს გააფორმებს. გარდა ამისა, სექტემბრის ბოლოდან კომპანია "ფრეში", ქუთაისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს. პროექტი სხვადასხვა პროფილის 12 ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნის, ინვესტორთა მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2009 წლის 5 ივნისს შეიქმნა. ქუთაისის თიზ-ი ქუთაისის ყოფილი საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. საერთო ფართობია 27 ჰექტარი. შექმნის ინიციატორია ტერიტორიის მეპატრონე, შპს ”ჯორჯიან ინტერნეშნლ ჰოლდინგი”, რომელიც ამავდროულად არის თიზ-ის ადმინისტრატორიც. შექმნილია 100%-იანი კერძო კაპიტალით და მისი დამფუძნებლები საქართველოს მოქალაქე კერძო პირები არიან. კომპანია-ადმინისტრატორის მიზანია თავისუფალი მეწარმეობის პრინციპზე აგებული ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორთა ძალებით. ქუთაისის თიზ-ის ძირითადი ინვესტორი და პარტნიორია ეგვიპტური კომპანია ”ფრეში”, რომელთანაც ”ჯორჯიან ინტერნეიშენალ ჰოლდინგს” (ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი) გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ქუთაისის თიზ-ში წარმოებული პროდუქციის პირველი ექსპორტი უკვე განხორციელდა უკრაინასა და აზერბაიჯანში.
|