ნანახია: 749
ოლო პერიოდში საქართველომ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, თითქმის ყველა სფეროში წინ წაიწია. ამჯერად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ითაა გაზრდილი. “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ციფრები ერთი შეხედვით მეტად თვალისმომჭრელია, რაც ქვეყნის ხელისუფლებას პლიუსების დაწერასა და თავიანთ “მიღწევებზე” ტრაბახში კიდევ უფრო ეხმარება, თუმცა საკითხს თუ ჩავუღრმავდებით, ყველაფერი ისე ვერაა, როგორც ამას გვაჩვენებენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2010 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და 4051 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 977 მლნ აშშ დოლარია, რაც 35%-ით მეტია 2009 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებთან შედარებით. ხოლო იმპორტი 3.074 მლრდ აშშ დოლარია, ანუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტი. რაც შეეხება საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-აგვისტოში 2098 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო გასულ წელს 2009 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ექსპორტის და იმპორტის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, ექსპორტი, იმპორტზე მეტი ზრდის ტენდენციით ხასითდება, თუმცა რადგან იმპორტის წილი ქვეყნის საგარეო ბრუნვაში ბევრად აღემატება ექსპორტის წილს, 23%-იანი სხვაობა თანხობრივად, მაინც იმპორტის სასარგებლოდ იხრება. მაგალითად თუ წინა წელს ექსპორტის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 725 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მონაცემით 35%-ით გაიზარდა და 977 მლნ აშშ დოლარია. რაც შეეხება იმპორტს, 2009 წელს ოფიციალური მონაცემით 2.733 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2010 წელს 12%-ით გაიზარდა და 3.074 მლრდ აშშ დოლარია. ანუ ექსპორტი გაიზარდა 252 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 341-ით. ე.ი. უარყოფითი ბალანსი კვლავ გაიზარდა 89 მლნ აშშ. დოლარით. 2010 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის კლების ტენდენცია შეინიშნება, მართალია თანხობრივად მიმდინარე წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით იგი 4%-ით გაიზარდა, თუმცა პროცენტულად 2009 წელს ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ქვეყნის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 58%-ს, ხოლო მიმდინარე წელს 51.7%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს 2009 წელთან შედარებით ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი პროცენტულად 6.3%-ით შემცირდა, თანხობრივად იგი ჯერ კიდევ მზარდია. შესაძლოა პროცენტული მაჩვენებლით ქვეყანაში ვითარება გამოსწორდა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ თანხობრივად ქვეყნიდან დიდი რაოდენობის ფულადი რესურსები კვლავ გაედინება.
თეონა ჭიტაძე
|