ნანახია: 743
პრეზიდენტ სააკაშვილის იდეამ აზერბაიჯანთან კონფედერაციული ურთიერთობების დამყარების თაობაზე საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დამოკიდებულება ამ იდეისადმი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, გთავაზობთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის კომენტარს
"საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია ბუნებრივია. საკითხს აქვს როგორც ისტორიული, ისე გეოპოლიტიკური ასპექტი. დღევანდელ სამხრეთ კავკასიაში, ანუ, როგორც ჩვენ ბოლო დრომდე ვეძახდით, ამიერკავკასიაში გვაქვს "გაყინული" კონფლიქტები, მიძინებული შეიარაღებული დაპირისპირება, ოკუპირებული ტერიტორიები, ეკონომიკური ჩამორჩენილობა, სიღატაკის ზღვარზე და მის ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის დიდი მასა. ასეთ პირობებში, საუბარი რაიმე სახის კონფედერაციაზე სამხრეთ კავკასიაში თითქოს ნონსენსია, უაზრობაა. სწორედ ამის გამო, ზოგიერთებმა მკაცრად გააკრიტიკეს ახალგაზრდა და ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კონფედერაციის იდეას და აქეთკენ პირველ ნაბიჯად სამხრეთ კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა დასახეს. ახალგაზრდა ფინანსისტებს, რომლებიც, ბუნებრივია, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკის პრიზმაში უყურებენ რეგიონის პრობლემატიკას, ალღომ და, რაღა თქმა უნდა, წიგნიერებამ, ვფიქრობ, არ უმტყუნა. შეიძლება ვიღაცამ ისინი ზედმეტი ენთუზიაზმის გამო გააკრიტიკოს, მაგრამ არამც და არამც ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის სიღმისეული ხედვისთვის. სწორედ რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა ხდის გარდუვალს სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ეკონომიკების ინტეგრაციის მაღალ დონეს. ერთიანი ბაზრით, ერთიანი იაფი შრომითი რესურსით და ერთიანი მდიდარი წიაღისეული საბადოებით სამხრეთ კავკასია გაცილებით მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, ვიდრე დღევანდელი გათიშული და მარიონეტული რეჟიმებით მართული ფეთქებადსაშიში არეალი. კონფედერაციაზე საუბარი არ არის ნაადრევი. თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, ზერბაიჯანი და სომხეთი სულ მტრები იქნებიან. ხოლო რუსეთი და საქართველო დაუსრულებლად იომებენ ერთმანეთთან და საბოლოოდ ჩაუკეტავენ თავიანთ ქვეყნებს და ხალხებს საარსებო სივრცეს. პარადოქსია, მაგრამ ამ თვალსაზრისით, რუსეთს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე პირიქით. ამიტომ, კონფედერაციის თემაზე იქედნური და, მეორეს მხრივ, პესიმისტური, საუბრები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამიერკავკაიის სეიმის და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის წარუმატებელი ისტორიები კონფედერაციის იდეის არამართებულობაზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ მათი კრახის მიზეზი, ერთ შემთხვევაში, რუსეთის იმპერიის მთელ სივრცეში გამეფებული ქაოსი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში ტოტალიტარული, დიქტატორული, ბოლშევიკური რეჟიმის უუნარობა, გადაეწყვიტა ეროვნული თუ სოციალური პრობლემები, მიჩქმალული და დრამატიზებული ვითარება, ბუნებრივია, ყველა ასეთ წამოწყებას, იმ ეპოქაში, კატასტროფისთვის და მარცხისთვის გაწირავდა ხოლმე. არც იმათი მესმის, ვინც კონფედერაციის იდეას უარყოფს, რადგან ამჯერად იგი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა და რეალიზაციის ამძრავ ვექტორად საქართველო - აზერბაიჯანის კონფედერაცია დასახა. ეს პოლიტიკოსისთვის ბუნებრივი მანევრია, რითაც სააკაშვილი რეგიონულ პროცესებში ინიციატივის აღებას ცდილობს ხელში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთიან კავკასიურ ეკონომიკურ სივრცეზე 90-იან წლებში ბევრს გვესაუბრებოდნენ აქ ჩამოსული ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები. მათმა ნაწილმა, მახსოვს, "ხაჭაპურის პრინციპით" კავკასიის გაერთიანება შემოგვთავაზა. ეს კი იმით დაგვისაბუთეს, რომ რახან აფხაზებს უყვართ ხაჭაპური, ქართველებს - აბხაზურა და ხაბიზგინები, ოსებს - მწვადები, აზერბაიჯანელებს - ქაბაბი, ხოლო სომხებს - ხინკალი, თქვენო, ბევრი რამ გაქვთ საერთო, რაზე დაყრდნობითაც შეგიძლიათ მთელი კავკასია გაერთიანდეთო. ეს ჩვენთვის კი იყო ცოტა სასაცილო, მაგრამ ევროპელმა მრჩევლებმა თავიანთთვის დამახასიათებელი მარტივი ენით აგვიხსნეს სამხრეთ კავკასიური ერთობის შესაძლებლობა. ასე რომ, საქართველო - აზერბაიჯანის კონფედერაცია, შესაძლოა, გახდეს წინგადადგმული ნაბიჯი საერთოკავკასიური მშვიდობის და ერთობის გზაზე. რაც შეეხება კონფედერაციის ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოებისთვის დელეგირებულ ფუნქციებს, მასზე შეთანხმება შეიძლება. მთავარია, რომ კონფედერაციის სუბიექტები მთლიანად და სრულად ინარჩუნებენ სუვერენიტეტს. მე ვფიქრობ, კონფედერაციაზე საუბარი და მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, ამ პროცესში მაქსიმალურად მალე უნდა ჩაერთოს სომხეთი. პირველი რიგის ამოცანა იქნება სამხრეთ კავკასიის, როგორც ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირება, პარალელურად, მაქსიმალურად და შესაძლებლად მოკლე დროში სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბება. და კიდევ ერთი - სამხრეთ კავკასიის კონფედერაციაში, ნებისმიერი კონფიგურაციით, საქართველო უნდა შევიდეს როგორც ერთიანი და მთლიანი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრებით, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად."
|