"დექსუსი" - ცენტრ-პოინტის მორიგი აფერა » ბანკები და ფინანსები

"დექსუსი" - ცენტრ-პოინტის მორიგი აფერა

მთავარიფინანსები 23.09.2010

სამშენებლო სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი პრობლემაა. სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა.
დღეს ბევრი დაობს იმაზე ჩამოიშალა თუ არა საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ პირამიდის პრინციპზე აგებული სამშენებლო სექტორი რომ თავზე დაენგრა, ეს უდაოა. ამას, ქვეყნის ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.
თბილისი (არც სხვა ქალაქებია უკეთეს დღეში) ერთ დიდ სამშენებლო პოლიგონს ჰგავს, სადაც მშენებლობები დაიწყეს და ისეთი პირი უჩანს, აღარასოდეს დაამთავრებენ. მიზეზი მარტივი და ძალიან "ეკონომიკურია" _ როცა მთელი ქვეყანა ღატაკია, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული დარგი წარმატებულად განვითარდეს, მით უფრო ისეთი მასობრივი, როგორც სამშენებლო ბიზნესია.


"ცენტრ პოინტის" კრახი

კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი" 1999 წელს დაარსდა.
დღეს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" აქტივშია 20 განხორციელებული და 50 მიმდინარე პროექტი, 5000 დასაქმებული ადამიანი, 8000-მდე მომხმარებელი.
კომპანია მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ქობულეთში, ბორჯომში, ბაკურიანში, გორში, ქუთაისში, წყნეთში და ა.შ.
„ცენტრ პოინტი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით მესამედს ფლობდა, კომპანიის „ბალანსზე“ 30-ზე მეტი ობიექტი ირიცხებოდა. ის პრობლემები რის წინაშეც კომპანია ბოლო პერიოდში იდგა თითქმის ყველასათვის ცნობილია, ბევრი დაუსრულებელი პროექტი და აღებული ვალდებულება. ქალბატონმა მაია რჩეულიშვილმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც დასძინა, რომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი მენეჯმენტის სისუსტეც აღმოჩნდა. ასე რომ, კომპანია ერთდროულად იდგა ფინანსური და მენეჯერული პრობლემის წინაშე და გამოსავალს ეძებდა.
"ყველაზე წარმატებული" კომპანიის პერსპექტივას პირველი ბზარი მაშინ გაუჩნდა, როცა პროფესიონალებმა "გაყიდულ ჰაერსა" და პირამიდაზე დაიწყეს ლაპარაკი.
გამოსავალი მალევე მოიძებნა. "ცენტრ პოინტსა" და საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანია "დექსუსს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. სწორედ ამ ჯგუფს გადაეცა სამი წლით სამართავად კომპანიის ყველა ვალდებულება და აქტივი. "დექსუსში" ამბობენ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველა ნაკისრი ვალდებულება შესრულდება: ბინების შეჩერებულ მშენებლობას ბოლომდე მიიყვანენ, გაისტუმრებენ "ცენტრ პოინტ ინვესტის" კრედიტორებსაც.
"უმძიმესი 700 დღე გავიარეთ. მივხვდით, რომ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, თუ ძალიან მაღალ პროფესიონალებს მმართველობაში არ გადავეცით ქონება," - განაცხადა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე.
გარიგების დასრულებამდე „ცენტრ პოინტმა“ ფუნქციონირება შეწყვიტა და მისი აქტივები ან/და, ასე ვთქვათ, შვილობილი პროექტების 100%-იანი წილი გადავიდა „დექსუსის“ ხელში.

ვინ დგას "დექსუსის" უკან?

"დექსუსი” ქართული კომპანიაა, რომელიც სწორედ "ცენტრ პოინტის” მართვის მიზნით შეიქმნა, გარიგების ხელმოწერამდე რამოდენიმე დღით ადრე.
"დიახ, კომპანიის არსებობა მხოლოდ რამოდენიმე თვეს ითვლის, მაგრამ ამ კომპანიის დამფუძნებლებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ უძრავი ქონების სფეროში," - განაცხადა "დექსუსის" დამფუძნებელმა გიორგი ქანანაშვილმა.
კომპანიის დამფუძნებლები არიან: გიორგი ქანანაშვილი, ივანე ცაგურია და ირაკლი კილაურიძე.
„დექსუსი“ ქართული საინვესტიციო–დეველოპერული ჯგუფია, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების – „ოპიკის“, „სითი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფული. „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის განცხადებით, „დექსუსი“ თავის დროზე ისეთი ცნობილი კომპანიების პარტნიორი იყო, როგორებიცაა ლაშა პაპაშვილის „რედიქსი“, რომლის წარმომადგენელიც არის გიორგი ქანანაშვილი, მამუკა ხაზარაძის „ჯიარდისი“ და „გრემიკი“.
„გრემიკი"-ის (რომლის დამფუძნებლები და პარტნიორები არიან გიორგი ქანანაშვილი, ივანე ცაგურია) ძირითადი სერვისებია: უძრავი ქონების ბაზრის კვლევები, უძრავი ქონების შეფასება (მათი კლიენტები არიან მსხვილი ორგანიზაციები, მათ შორის ბანკები და სადაზღვევო კომპანიები), ტექნიკური კვლევები, არქიტექტურა, უძრავი ქონების მართვა.
თი-ბი-სი ბანკში ექვსწლიან მუშაობის შემდეგ ირაკლი კილაურიძე სათავეში ჩაუდგა კომანია „ჯიარდისის“, რომელსაც ეკუთვნის ისეთი პროექტი როგორიცაა "თბილისი ცენტრალი". დღეს კი კილაურიძე “დექსუსის” გუნდს წარმოადგენს.

შესასრულებელი ვალდებულებები

კომპანია „ცენტრ პოინტს“ 6200 ერთეული უძრავი ქონება აქვს გაყიდული. მყიდველებს კომპანიის მიმართ 30 000 000 აშშ დოლარზე მეტი დავალიანება აქვთ.
„დექსუსს“ პროექტების მშენებლობების განახლების შემდეგ შესაძლებლობა აქვს გაყიდოს, დაახლოებით, იმავე რაოდენობის უძრავი ქონება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწყისი კაპიტალის სახით უკვე მოძიებული ჰყავთ სხვადასხვა კერძო თუ ინსტიტუციონალური უცხოელი ინვესტორი.
„დექსუსს“ ჯამურად ყველა ობიექტის დასასრულებლად გამოყოფილი აქვს 3 წელი. არსებობს ობიექტები, რომელთა დასრულება მოხდება უფრო ადრე დარჩენილი სამუშაოებიდან გამომდინარე.
ზოგი ობიექტის დასრულება წამგებიანია, ზოგი ობიექტის კი მომგებიანი. მიუხედავად ამისა დასრულდება ყველა ობიექტი, ვინაიდან ორივე ტიპის ობიეტის დასრულების შედეგად მიღებული მოგების კონსოლიდირება დადებით ნაშთს იძლევა. ყველა ობიექტის დასრულების ვალდებულებას მართვაში გადაცემის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს და ამ ვალდებულების სრულად შესრულება წარმოადგენს „დექსუსის“ მიზანს," - ირწმუნება გიორგი ქანანაშვილი.
„დექსუსი“ „ცენტრ პოინტთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა 2 თვის განმავლობაში, ხოლო გარიგება 2010 წლის სექტემბერში გაფორმდა. როგორც გიორგი ქანანაშვილი გვპირდება, დეტალური გეგმა წლის ბოლომდე იქნება შემუშავებული.
დრო ასევე დასჭირდება სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, ვინაიდან „დექსუსი“ ყველა სამუშაოს აუთსორსინგზე გატანას გეგმავს.
„დექსუსი“ მიზნად ისახავს ყველა ვალდებულების შესრულებას, თანხების უკან დაბრუნება კი ამ მიზნის მიღწევას ნამდვილად შეაფერხებს. აქედან გამომდინარე, კომპანიას აქვს კონკრეტული გეგმა: მობინადრეს რომელსაც 100%-ით აქვს გადახდილი თანხა, ახალ დათქმულ ვადაზე ჩააბარებენ უძრავ ქონებას, მას ვისაც აქვს გადახდილი 100% ზე ნაკლები თანხა და ვეღარ ახერხებს ამ თანხის სრულად დაფარვას კომპანია უკვე დაფარული თანხის შესაბამის უძრავ ქონებას შესთავაზებს და გადაუცვლის შენაძენს. თუ კლიენტი არცერთ ვარიანტზე არაა თანახმა კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების გაყიდვაში დახმარებას. ვფიქრობ საკმაოდ სამართლიანი შეთავაზებაა იმ უიმედო სიტუაციასთან შედარებით, რომელშიც აქამდე იმყოფებოდნენ კლიენტები," - აცხადებს "დექსუსის" დამფუძნებელი.


"ცენტრ პოინტის" კლიენტებს მოუწევთ, ახალ მენეჯმენტს ამჯერადაც სიტყვაზე ენდონ

"დექსუსის" წარმომადგენლები დღეს მხოლოდ უახლოესი საქმიანობის შესახებ საუბრობენ - 2010 წლის ბოლომდე შემუშავებული ბიზნეს-გეგმის განხორციელებას ისინი 2011 წლიდან აპირებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები 25 შეჩერებულ პროექტზე განახლდება. "ცენტრ პოინტის" კლიენტებს მოუწევთ, ახალ მენეჯმენტს ამჯერადაც სიტყვაზე ენდონ.
თუმცა ეს არც ისე ადვილია, მითუმეტეს, როდესაც საქმე "ცენტრ-პოინტს" ეხება. ამ სამ დეველოპერს, მართალია, ბიზნეს წრეებში იცნობენ, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის მათი სახელები ბევრს არაფერს ამბობს. ამიტომ ამ ცვლილებას "ცენტრ პოინტის" კლიენტების ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს. მათ არ სჯერათ, რომ "დექსუსის" გამოჩენა "ცენტრ პოინტის" მორიგი ტყუილი არ იქნება - ისევე, როგორც ტყუილი იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ კომპანიაში ინვესტიციას დებს ებრაელი ბიზნესმენი.
გაუგებარია ისიც, თუ რა ეკონომიკური ინტერესი ამოძრავებს მმართველ კომპანიას, რადგან ნებისმიერი მსგავსი ინვესტიცია იქნება წყალში გადაყრილი ფული, რასაც არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დასთანხმდება.
ასე რომ, უკვე დაზარალებულ მობინადრეებს წინ კიდევ ბევრი პრობლემა ელოდებათ.

ნინო თამაზაშვილი


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}