ნანახია: 628
16 სექტემბერს სასტუმრო "ძველ მეტეხში" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ – (აფბა)" ბრიფინგი გამართა, სადაც დღეისათვის საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სავალალო მდგომარეობაზე გამახვილდა ყურადღება. აფბას შეფასებით ახალი საგადასახადო კოდექსით ამ სფერო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ დოკუმენტს მკითხველს მთლიანად ვთავაზობთ: "აფბა მიესალმება მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკური ნების გამოხატვას. ახალგაზრდა ფინანსისტები მხარს უჭერენ ამ მიმართებით ხელისუფლების ბოლოდროინდელ წამოწყებებს. ამავე დროს, აფბა ხაზს უსვამს იმას, რომ რეალურად მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად არაფერი კეთდება. ბიზნესში გაბატონებული ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი კლანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ დამკვიდრდეს თავისუფალი, კონკურენტული გარემო, ხოლო საგადასახდო ტვირთი პირდაპირ, ან ირიბად გადავიდეს მცირე ბიზნესზე და სოციალურად შეჭირვებულ დაბალ ფენებზე. ისედაც მცირერიცხოვანი საშუალო ფენა კი საბოლოოდ გაჩანაგების და ქვეყნიდან წასვლის პირას არის მისული. მაშინ, როცა გადამხდელთათვის დღგ-ს მიჯნა შეპირებული 200 000 ლარის ნაცლად, ხვალ პარლამენტის მიერ ისევ 100 000-იან ზღვარზე იქნება დაკანონებული, სახელისუფლო ან ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ბიზნესები, გაჩანაგებული ბიუჯეტისა და ცარიელი ხაზინის პირობებში კვლავ "მეფურ" საჩუქრებს იღებენ. კომპანია "ჯეოსელისთვის" 101 მილიონი დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატ, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს 7 მილიონიანი დავალიანება გაუნახევრდა და, შესაძლოა, საერთოდაც ჩამოეწეროს. ასეთი მაგალითები მრავლად არის, მაშინ, როცა ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მეპატრონე, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისათვის რამდენიმე მილიონიანი დავალიანების დაფარვის დაგვიანების გამო, ციხეში ზის. ხელისუფლება წლების განმავლობაში თითქოს ვერ ამჩნევს მისი მოკავშირე არასამთავრობოების მიერ მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხების უმიზნო და უშედეგო ხარჯვას, რომლითაც ერთი და იგივე უცხოური ფონდები, მათი ქრთველი მენეჯერები და ერთი და იგივე, უცხოელებთან და ჩვენს მთავრობასთან უცნაურად შეხმატკბილებული არასამთავრობოები არიან დაკავებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს სათანადოდ შეისწავლონ ეს საკითხი, აგრეთვე ამ უზარმაზარი სახსრების ხარჯვის კანონიერება. თუ ეს სახსრები საქმეს მოხმარდება, მცირე ბიზნესის გამოცოცხლდება. დღეს აუცილებელია არა მარტო საგადასახადო კოდექსის სრულყოფა, არამედ სახელმწიფო და დამოუკიდებელი, კერძო, ქართული ფონდების შექმნა, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებით, თორემ მსხვილი ბიზნესი არსად არ ზრუნავს მცირეს განვითარებაზე და საქართველოში თუ ასე მოხდა, ეს ეკონომიკურ თეორიაში ახალი სიტყვა იქნება. – ვთქვათ, როცა "მაკდონალდსი" დაეხმარება მცირე კაფეებს და რესტორნებს განვითარებაში, ღვინის ქარხნები პატარა, საოჯახო ღვინის ჩამომსხმელ ფირმებს, ან "ბორჯომი" ყვიბისელ ფალსიფიკატორებს. ეს, რა თქმა უნდა, ნონსენსია. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" აპროტესტებს ახალი საგადასახადო კოდექსით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის გაუარესებას. ერთი შეხედვით, ახალი კოდექსის მიღების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მცირე და საშუალო მეწარმეების მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობა იყო. კოდექსის საბოლოო ვარიანტით კი, რომელიც პარლამენტმა 17 სექტემებრს მე-3 მოსმენით უნდა მიიღოს, პირიქით, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა უარესდება. თუკი კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში დღგ-ს ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდებოდა, საბოლოო ვარიანტში ეს ცვლილება აღარაა და ზღვარი კვლავ 100 000 ლარს შეადგენს. არადა, ხელისუფლება ახალი კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ ამაყობდა იმით, რომ ზღვარს ზრდიდა, რითაც მცირე ბიზნესის ხელშეწყობა უნდა მომხდარიყო, რადგან კომპანიები, რომელთა ბრუნვა 200 000 ლარზე ნაკლები იქნებოდა წელიწადში განთავისუფლებულნი იქნებოდნენ დღგ-ს გადასახადისგან. ახლა კი ეს ზღვარი უცვლელად რჩება. რაც იმ პოლიტიკის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წინააღმდეგ შეგნებულად თუ შეუგნებლად ტარდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მის მთავარ პრიორიტეტს დასაქმება წარმოადგენს. საინტერესოა, როგორ აპირებს იგი მოსახლეობის დასაქმებას. ნუთუ მას მართლა სჯერა, რომ კოდექსის წარმოდგენილი ვარიანტის მიღება ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. დღემდე არ არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის სახელწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გეგმა. აქამდე საუბარს არ გასცდენია სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მცდელობა. საქართველოში მცირე ბიზნესის განსავითარებლად სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ფონდებიც არ იშურებენ თანხებს და ბოლო წლებში უამრავი პროექტი განხორციელდა მის ხელშესაწყობად, თუმცა შედეგი არ ჩანს. საინტერესოა რა არის ამის მიზეზი? დღემდე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ფონდებმა ("მსოფლიო ბანკი", "ევრაზიის განვითარების ფონდი", "ფონდი – ღია საზოგადოება საქართველო", "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი" და ა.შ.) ათეულობით მილიონი დახარჯეს მცირე მეწარმეობის დასახმარებლად, შედეგად კი მისი მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. რასთან გვაქვს საქმე? ეს საკითხი ღრმა შესწავლას მოითხოვს? ამ ყველაფრის შედეგად კი ხდება ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად უკან-უკან მიდის. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქართული ბიზნესის მთლიან მოცულობაში (ისევე როგორც წინა წლებში) კვლავ არ აღემატება 15%-ს. შემცირებულია საშუალო საწარმოების რიცხვი, ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. ამ მაჩვენებლებით საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და მოლდოვა. ახალი კოდექსის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან საქონლის ან მომსახურების მყიდველ მეწარმეს არ შეეძლება ამ თანხის ხარჯად გატარება, თუნდაც დანახარჯი დოკუმენტურად იყოს დადასტურებული. საინტერესოა, რატომ უნდა აწყობდეს ასეთ მცირე ან მსხვილ ბიზნესს მიკრომეწარმისგან რაიმეს ყიდვა? რატომ უნდა იზარალოს მცირე ან მსხვილმა ბიზნესმა და ესა თუ ის პროდუქტი მიკრო მეწარმისგან შეიძინოს? შედეგად კი მიკრო ბიზნესის ცნების დამკვიდრებას აზრი ეკარგება, რადგან ასეთი ცნების მქონე ბიზნესთან მცირე და მსხვილ ბიზნესს ეკონომიკური ურთიერთობა აღარ ექნება. რაც პრაქტიკულად, განაპირობებს იმას, რომ მათ არ ექნებათ განვითარების შესაძლებლობა. მიკრო მეწარმეებს არ ექნებათ სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება, რაც აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ბრუნვის მოცულობის განსაზღვრა? როგორ განისაზღვრება მეწარმის ბრუნვა 30 000 ლარზე მეტია თუ ნაკლები? წარმოდგენილი კოდექსის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. რაც აჩენს შესაძლებლობას იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ სუბიექტურნი ამა თუ იმ მეწარმის ბრუნვის შეფასებისას და სახელმწიფო მოხელეები შევიდნენ კორუფციულ გარიგებაში მეწარმესთან, ამ უკანასკნელისთვის სასურველი ბრუნვის მოცულობის დაფიქსირების მიზნით. გაურკვეველი სიტუაციაა მცირე მეწარმეებთან დაკავშირებითაც. კოდექსში 92.1-ე მუხლი გვეუბნება, რომ მცირე ბიზნესს უფლება აქვს არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტში კი წერია, რომ მცირე ბიზნესმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის ჟურნალი, რომლის წარმოების წესს ადგენს ფინანსთა მინისტრი. საინტერესო ორაზროვნებაა! ამასთან, 85,2 მუხლში წერია, რომ 30 000 ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეებზე. ანუ ჯერ ისიც არ ვიცით, თუ ვის შეეხება ეს ე.წ. შეღავათი. თუკი მოქმედ საგადასახადო კოდექსს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მეწარმე, რომელიც განსაზღვრულ საქმიანობას ეწევა და დაქირავებულ შრომას არ იყენებს, 100 000 ლარი შემოსავლის მიღების შემთხვევაშიც კი არანაირი გადასახადით არ იბეგრება. მოქმედ საგადასახადო კოდექსში არის ჩამონათვალი, ეგრეთწოდებული მცირე მეწარმეებისა: მეწაღე, მესაათე, პარიკმახერი და ა.შ. თუ ისინი დაქირავებულ შრომას არ იყენებენ, მათ თუნდაც 100 000 ლარი მიიღონ შემოსავალი, ისინი არ იბეგრებიან არანაირი გადასახადით. ახლა კი ხელისუფლება გვეუბნება, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ საქმიანობას ეწევიან და თუკი მათი ბრუნვა 30 000 ლარზე ნაკლები იქნება, შემოსავალი არ დაგებეგრებათო. შედეგად ამ ადამიანების მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება, რადგან მათ უმცირდებათ შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც გადასახადს არ იხდიდნენ. რაც შეეხება მცირე და მიკრო მეწარმეებს, ასეთი სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირებს (ინდმეწარმეებს), ხოლო იურიდიული პირებს (შპს-ებს) ამ კატეგორიაში მოხვედრის შესაძლებლობა არ ექნება. რაც კიდევ უფრო ამცირებს ამ ცნებების შემოღების საფუძველს. აფბა-ს აზრით ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ, საგადასახადო კოდექსის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაუარესდება ქვეყანაში ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა. თუკი კოდექსი მართლაც ამ სახით იქნა მიღებული, ეს შეიძლება მთავრობის მხრიდან მცირე ბიზნესის დახმარების ხელიდან გაშვებულ ბოლო შანსად მივიჩნიოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც აფბა აუცილებლად უნდა შეეხოს. ესაა ფინანსთა სამინისტროსა და ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ბოლო დროინდელი ურთიერთობა. რატომ აღმოჩნდნენ მაინცადამაინც ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები "მაგთი" და "ჯეოსელი", პირველნი რომლებმაც აიტაცეს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესის შემოღებასთან დაკავშირებით ("მაგთი" და "ჯეოსელი" პირველნი აღმოჩნდნენ, რომლებმაც ფინანსთა სამინისტროს ამ ახალი შეთავაზებით ისარგებლეს). რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ კომპანიებმა სამინიტროს სამაგიერო გადაუხადეს იმ სიკეთის გამო, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წლის აგვისტოში, დაჩქარებულ რეჟიმში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს გაუკეთა, როდესაც აქციზის გადასახადი დაუწესა, რითაც კომპანიებს მისცა საფუძველი, რომ მათ აღარ შეემცირებინათ ტარიფი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს მის შემცირებას. დროა ვიმოქმედოთ ჩვენი მთავრობის კარგად გაპიარებული პრინციპით – საქმე ლაპარაკის ნაცვლად და დავიწყოთ მცირე ბიზნესის რეალური მხარდაჭერა. ჩვენ ვთავაზობთ ბ-ნ დავით ბაქრაძეს პარლამეტთან შევქმნათ მცირე ბიზნესის საბჭო, ჩვენი მხრივ, კი ვაცხადებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ საბჭოსთან, ისე როგორც ამ სფეროში მოღვაწე სხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან".
|