ნანახია: 620
ეკონომიკის სამინისტრომ ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ა-ში მდებარე 302 კვ.მ. ფართი 208000 აშშ დოლარად გაყიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი საპრივატიზაციო გეგმისა და მინისტრ ვერა ქობალიას ენერგიულობაზე მომავალი თაობები ლეგენდებს შეთხზავენ. წინა კვირას ვერა ქობალიამ საპრივატიზაციო ობიექტების უკეთ რეალიზების მიზნით ახალი მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშავა. როგორც ვერა ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში პრივატიზაციის პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა, გასაყიდი კიდევ არაერთი ობიექტი დარჩა. მინისტრის განცხადებით, პრივატიზაციის პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალე უნდა იყოს, ამისთვის კი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც სამინისტრომ უნდა გადადგას, გასაყიდად გამოტანილი ობიექტების შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელებაა. ეს ინფორმაცია ადრე გაზეთ 24 საათში იბეჭდებოდა, ასევე ქვეყნდებოდა სამინისტროს ვებ-გვერდზე. მაგრამ ქობალია ამან არ დააკმაყოფილა, ცოტა კრეატივი და მეტი მონდომება აღმოჩნდა იმისთვის საკმარისი, რომ პრივატიზაციის პროცესი უფრო გამჭვირვალე და ლაღი გამხდარიყო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მინისტრმა მოიფიქრა, გასაყიდ შენობებზე გაიკვრება აბრები, სადაც როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად იქნება მითითებული რომ ეს სენობა იყიდება. აბრებზე ასევე მითითებულია შესაბამისი ვებ-გვერდის მისამართი და ტელეფონის ნომერი. რას ნიშნავს, რომ ახალი მინისტრი ბევრ დროს ატარებს დედაქალაქის ქუჩებში, აი სად გამოადგა ქალბატონ ვერას ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრებით ცხოვრება. როგორც ჩანს, მას ეს იდეა მას მერე მოუვიდა თავში, რაც თბილისის ცენტრალურ უბნებში სხვადასხვა კომერციული ფართების ფასადებზე მსგავსი ტიპის განცხადებები იხილა. აი, რატომ ვერ მიაღწია წარმატებას აქსუებული ჩინოვნიკებით სავსე სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელებმა. ისინი არ დადიოდნენ ხალხში. წარმოიდგინეთ, ახლა როგორ გაიზრდება პრივატიზაციის ტემპები. მაგალითად, მე მაქვს 7 მილიონი, რომელიც სად წავიღო, არ ვიცი. ამ დროს ვზივარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვფიქრობ, რა საქმეში დავაბანდო ჩემი კაპიტალი. გაზეთებს არ ვკითხულობ, არც ინტერნეტით ვსარგებლობ (იმიტომ, რომ მერვე მილიონს ვაგროვებ და ფულს ვზოგავ). ავტობუსმა ფილარმონიასთან ჩამოუხვია და ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობის წინ შევამჩნიე აბრა, რომ ის იყიდება. არქიმედეზე მეტად თუ არა ნაკლებადაც არ გამიხარდება ეს აღმოჩენა, შევძახებ ევრიკას და შევიძენ ამ შენობას. ყველაფერი მარტივია, ანუ გენიალურია. ასვე გენიალურად მარტივია ქალბატონი ვერას ეს იდეა. წარმოიდგინეთ, ჩემსავით რამდენი მილიონერი დადის თბილისის ქუჩებში და ეძებს საპრივატიზაციო ობიექტებს. კი, ნამდვილად შეასრულებს საპრივატიზაციო გეგმას ახალი მინისტრი. მილიონერებო, რომელიც ახლა ამ სტატიას კითხულობთ და ჩემსავით აღფრთოვანებული ხართ მინისტრის განათლებით მარკეტინგის სფეროში და ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება ღირს, მაშინ სტატიის შემდგომი მინაკვეთი წაიკითხეთ. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 2,4 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს, ხოლო აუქციონის ბიჯი 100 ათას აშშ დოლარის ექვივალენტია ეროვნულ ვალუტაში. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია იქ განთავსებულ ორგანიზაციას მომდევნო შვიდი თვის მანძილზე შენობის დატოვება არ მოსთხოვოს. აუქციონი 2010 წლის 27 აგვისტოს გაიმართება. ფინანსთა ყოფილი სამინისტროს საპრივატიზებოდ გამზადებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართია 7997.39 კვ.მ. საწყის ფასად განსაზღვრულია 4.8 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ბიჯი – 200 000 დოლარის ექვივალენტი. აუქციონი გაიმართება 2010 წლის 3 სექტემბერს. ყოფილი გეოლოგიის ინსტიტუტის შენობის საწყისი ფასია 1,5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ბიჯი შეადგენს 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტს. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია იქ განთავსებულ ორგანიზაციებს მომდევნო 2 თვის მანძილზე შენობის დატოვება არ მოსთხოვოს. აუქციონი გაიმართება 2010 წლის 10 სექტემბერს. ესეც ასე, პრივატიზაციის პროცესი ნამდვილად გამჭვირვალედ ჩატარდება და მასში ?ანკები და ფინანსების ყველა მკითხველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 2010 წლის 30 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მორიგი აუქციონი გაიმართა. აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ობიექტი გაყიდა. ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ა-ში მდებარე შენობაში არსებული 100.01 კვ.მ. (სადარბაზო 3, -3.3 ნიშნულზე) არასაცხოვრებელი ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი 4 800 აშშ. დოლარად გაიყიდა. მყიდველია იურიდიული პირი - შპს ”გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენი”, რომელმაც ასევე შეიძინა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ა-ში მდებარე შენობაში არსებული 201,60 კვ.მ. (სადარბაზო -3, I სართული ბინა #47) და 128,05 კვ.მ. (სადარბაზო 3-3.3) არასაცხოვრებელი ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი. მყიდველს ეს ქონება 16 000 აშშ. დოლარი დაუჯდა. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, პირველ სართულზე არსებული ფართი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოიყენო კომერციულ ფართად, 302 კვადრატული მეტრი გაიყიდა სულ 20800 აშშ დოლარად. ამ უბანში 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 1000 აშშ დოლარია, კომერციული ფართის რამდენჯერმე მეტი. ეკონომიკის სამინისტრომ კი ასეთი ფართი 302 კვადრატული მეტრი 20800 აშშ დოლარად გაყიდა. მე უფლება არ მაქვს, რაიმე ეჭვი შევიტანო ამ გარიგების კანონიერებაში, ვერც იმას ვიტყვი, რომ ვერა ქობალიას ეპოქაში სახელმწიფო ქონების პრივატიზება არაგამჭვირვალედ მოხდა. ყველაფერს მხოლოდ იმას დავაბრალებ, რომ ამ ობიექტებზე არ იყო გამოკრული აბრები.
P.S. გუშინ ქალბატონ ვერას დაბადებიდან 29 წელი შეუსრულდა, ბანკები და ფინანსები ულოცავს ქალბატონ ვერას ღირშესანიშნავ თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს,..
ლევან მარტაძე
|