ნანახია: 446
ვერ იქნება კარგი სანახავი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლოს რუსთაველზე გიგი უგულავა გეი-პარადს გეგმავს და, როგორც გურულები იტყვიან ხოლმე, მარცხი ელანძეა. მეორეც, სინგაპურში ეს ამბავი არ მოეწონებათ, რადგან სინგაპურელი ყარაჩოხლები ვერ გაგვიგებენ. მართალია, სააკაშვილი ამბობს, ბავშვი ვარ და თამაში მიყვარსო, მაგრამ რუსეთის მიერ აფხაზეთში დამონტაჟებული C-300-ები რატომღაც არ წააგავს სათამაშოებს. საქართველოს მთავარსარდლის მოდელით, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოც ბავშვია: მოსკოვს ეთამაშება, თუმცა არც გეი-პარადს გეგმავს და არც მინსკი-სინგაპურს აშენებს. ლუკაშენკო უფრო დამალ-დახუჭობანას ეთამაშება მედვედევს, ხოლო სააკაშვილს ”ამის პატრონმა რა ჰქნას” უყვარს, რომელშიც დამძახებელი აშშ-ა, საქართველოს პრეზიდენტი კი შემსრულებელი. სააკაშვილს ”ქალაქობანას” თამაშიც უყვარს, მაგრამ სინგაპურს იქით ვეღარ მიდის, უჭირს სხვა ასოებზე თამაში. სინგაპური კი იმიტომ უყვარს, რომ მშობლიურ საქართველოს აგონებს: გეოგრაფიული გზაჯვარედინი, უდიდესი საპორტო ქალაქები ოკეანეთში, ქვეყანა-ბაზარი....ამერიკული ბანკები, ამერიკული კაზინოები, ამერიკული სასტუმროები....ადგილობრივი მოსახლეობა მომსახურე პერსონალად...
და კიდევ: სინგაპურში ერთი პარტია მძლავრობს სხვებზე და ეს პარტია სახელისუფლებოა. საერთაშორისო პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების პარტია ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმს ახორციელებს. იგინივე თვლიან, რომ სინგაპურის სასამართლო სისტემა ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავს, ხოლო მედია კონტროლდება, რადგან უცხო აზრი და საღი გონება არ შემოიჭრას საიდანმე. სკოლებში სწავლება ინგლისურენოვანია, ვინაიდან სინგაპურელი მომავალი თაობა დასავლურ ინვესტიციებს ემსახურება ელემენტარული მომსახურეობის დონეზე. სწორედ ამ ინვესტიციებმა გახადა სინგაპური სინგაპურად. ჩვენვე აღმოვაჩინეთ, რატომ უყვარს სააკაშვილს ”სინგაპურობანას” თამაში. იქ პრეზიდენტი სიმბოლურია, ”სტოსი” პრემიერ-მინისტრს მიჰყავს, ხოლო ეს პრემიერ-მინისტრი, სახელად გო ჩოკ ტონკი, ბოლო 20 წელია მართავს სინგაპურს და კიდევ 20 წელი არსად არ აპირებს წასვლას, რადგან ეგრე მოირგო კონსტიტუცია. გო ჩოკ ტონკსაც ამერიკაში უსწავლია, მერე სამშობლოში დაბრუნებულა, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს მოსწონებია ახალგაზრდა ჩოკი, ჯერ პარლამენტში შეუშვია დეპუტატად, შემდეგ გაუმინისტრებია და, ბოლოს, ყოველგვარი ვარდების რევოლუციის გარეშე, თავისი პოსტი დაუთმია. სააკაშვილს დასავლეთობანას თამაშიც კი უყვარდა, მაგრამ სარკოზის გაებუტა. კარლა ბრუნის ეჭვიანმა დ’არტანიანმა მედვედევთან თამაში ამჯობინა. მართალია, სააკაშვილსაც ეჩურჩულება ხოლმე თავისი სახლის კუთხეში, ნუ გეშინია, შენს სათამაშოებს არ დავანებებ რუსეთსო, მაგრამ, სინამდვილეში, დაანება კიდეც და უფრო დიდი სათამაშოებიც შეატანინა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც საქართველოს მთავარსარდალმა ახალ ბავშვებთან დაიწყო თამაში. ახლა ისა და მოლდოვას პრეზიდენტი გიმპუ თამაშობენ ”სუამ-ობამას” და ძალიან უნდათ ამ თამაშში ბელორუსი ბავშვიც ჩართონ, მაგრამ ლუკაშენკო რაც ზემოთაა, ორი იმდენი ტრაქტორის ქვეშ ყოფილა. ხან შემოურბენს ხოლმე ამ ბავშვებს და ეუბნება, მათამაშეთო, ხან მედვედევთან გარბის სომხეთში და კაცმა არ იცის, რას უყვება კულუარებში. ერთი სიტყვით, ჩაჯდა შპაგატში სააკაშვილი სინგაპურსა და დასავლეთს შორის და გაიჭედა. კი იძახის, პრეზიდენტი ბავშვი უნდა იყოსო, მაგრამ როგორი ბავშვი უნდა იყოს, აღარ აკონკრეტებს. არადა, ბავშვი ბევრნაირია: წყნარი და დამჯერი; ცელქი და ჯიუტი; ზოგი ლოგინში ისველებს ღამღამობით, ზოგს ქვების სროლა უყვარს ბუჩქებიდან, რომ უცებ არ დაინახონ და ყურები არ აახიონ; ზოგსაც კარუსელიდან ვერ ღლიტავენ, ”ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიდ ბარდოა...” გეი-პარადით უნდა დავასრულო. ”მე უკვე გავაკეთე ჩემი არჩევანი. შენ?”
სოსო ბაღაშვილი
|